გლობალური კვლევა: გარემოს დაბინძურება და სოციალური უთანასწორობა ტვინის დაბერებას აჩქარებს

გააზიარე

საერთაშორისო კვლევამ, რომელიც 34 ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ ადამიანის ტვინის ბიოლოგიური დაბერების პროცესი იმ გარემოსთან პირდაპირ კავშირშია, სადაც ვცხოვრობთ.

მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, ჰაერის დაბინძურება, სოციალური უთანასწოროება და პოლიტიკური არასტაბილურობა, ტვინის დაბერებას იმაზე მეტად აჩქარებს, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული კლინიკური დიაგნოზი.

კვლევაში, რომელიც 18,701 ადამიანის მონაცემებს ეყრდნობა, მეცნიერებმა გამოიყენეს ტერმინი „ექსპოზომი“. ეს არის გარემო, სოციალური და პოლიტიკური ზემოქმედების ერთობლიობა, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდის.

აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტორები მოქმედებენ „სინდემიურად“  ანუ ისინი აძლიერებენ ერთმანეთის უარყოფით გავლენას, რაც ჯამში 15-ჯერ უფრო დიდ ეფექტს ახდენს ტვინზე, ვიდრე რომელიმე ერთი ფაქტორი ცალკე აღებული.

მეცნიერებმა 73 სხვადასხვა გარემო ფაქტორი გააანალიზეს და ორი ძირითადი მიმართულება გამოყვეს. პირველი მათგანი ფიზიკურ გარემოს უკავშირდება, სადაც ჰაერის დაბინძურება, ექსტრემალური ტემპერატურა და მწვანე სივრცეების ნაკლებობა ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს. ეს პროცესი განსაკუთრებით მეხსიერებასა და ემოციურ რეგულაციაზე პასუხისმგებელ უბნებს აზიანებს, რაც ხშირად ნეიროანთებითა და ოქსიდაციური სტრესით არის გამოწვეული.

მეორე მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური გარემო წარმოადგენს. სიღარიბე, უთანასწოროება და სოციალური მხარდაჭერის დეფიციტი ტვინის იმ ნაწილებზე პირდაპირ ზემოქმედებს, რომლებიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, ემოციებსა და სოციალურ ქცევაზე. მეცნიერთა განმარტებით, ქრონიკულ სტრესთან მუდმივი ადაპტაციის პროცესში ტვინი ბევრად უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე დემენციის ან სხვა კოგნიტური დარღვევების დროს.

კვლევის ავტორების განმარტებით, ტვინის ჯანსაღი დაბერებისთვის მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევა, მაგალითად, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, საკმარისი არ არის. კოგნიტური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია კომპლექსური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რაშიც გარემოს დაცვა, ჰაერის დაბინძურების შემცირებადა მწვანე სივრცეების გაფართოება მოიაზრება. ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური პოლიტიკის გაძლიერება ანუ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოციალური დაცვის მყარი სისტემების შექმნა.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები