რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა-ინტერვიუ ალექსანდრე გოგინავასთან

გააზიარე

გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად მნიშვნელოვნად მოიმატა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით (RSV) გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა. საქართველოში 2025–2026 წლების სეზონზე გრიპის შემთხვევების პიკი დეკემბრის ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა (100,000 მოსახლეზე 361 შემთხვევა), რის შემდეგაც ინფიცირების მაჩვენებელი თანდათანობით შემცირდა.

ამჟამად გრიპი აღარ წარმოადგენს დომინანტურ რესპირატორულ ინფექციას და იგი RSV-მ ჩაანაცვლა. აღნიშნული პათოგენი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებასა და მისი დიამეტრის შევიწროებას, რაც კლინიკურად ვლინდება შეტევითი ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებითა და ტაქიპნოეთი (გახშირებული სუნთქვა). განსაკუთრებით მაღალ რისკ-ჯგუფებს 3 წლამდე ასაკის ბავშვები და 60 წელს ზემოთ მყოფი პირები წარმოადგენენ. 

მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სურათის, ვირუსის კლინიკური თავისებურებებისა და პრევენციის სტრატეგიების შესახებ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ვესაუბრეთ.

რატომ გახდა ამ ეტაპზე რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV) წამყვანი და რამდენად განსხვავდება მისი გავრცელების დინამიკა გრიპისგან?

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი წარმოადგენს სეზონურ რესპირატორულ პათოგენს, რომელიც ყოველწლიურად ცირკულირებს, თუმცა მისი გავრცელების ინტენსივობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მერყეობს. RSV-ის ეპიდემიოლოგიური დინამიკა დიდწილად ემთხვევა გრიპის სეზონურობას — ორივე ინფექცია აქტიურდება გვიან შემოდგომაზე და გრძელდება გაზაფხულის პირველ ნახევრამდე. 

ბოლო წლების დაკვირვებებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც გრიპის პიკის შემდგომ პერიოდში იზრდება RSV-ის შემთხვევათა რაოდენობა. აღნიშნული ფენომენი, სავარაუდოდ, უკავშირდება ვირუსთა შორის დომინანტობის მონაცვლეობას. აღსანიშნავია, რომ RSV-ის ცირკულაცია შესაძლებელია წლის სხვა პერიოდებშიც, თუმცა მისი პიკური აქტივობა მაინც ცივ სეზონებს უკავშირდება.

გავრცელების დინამიკის ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დიაგნოსტიკური და მიმართვიანობის თავისებურებები. გრიპის შემთხვევაში, განსაკუთრებით A ტიპის ვირუსების (მათ შორის H3N2 ე.წ “ჰონგ-კონგის გრიპი”) გავრცელებისას, დიაგნოსტიკა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო ინფექციის მძიმე კლინიკური სურათის გამო, ზრდასრულ მოსახლეობაში მიმართვიანობაც მაღალია. შესაბამისად, გრიპის პიკურ პერიოდში RSV-ის წილი შედარებით დაბალია. თუმცა, გრიპის ტალღის გადავლასთან ერთად იზრდება RSV-ის გამოვლენის სიხშირე, რაც ნაწილობრივ განპირობებულია როგორც პათოგენის რეალური გავრცელების მატებით, ისე იმ გარემოებით, რომ სხვა რესპირატორული ინფექციები ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს და ნაკლებად ხდება მათი ლაბორატორიული დადასტურება. ამის საპირისპიროდ, RSV-ის შემთხვევაში, განსაკუთრებით მძიმე კლინიკური სურათისას, მიმართვიანობა და დიაგნოსტიკა საგრძნობლად მაღალია, რაც ზრდის მის ეპიდემიოლოგიურ ხილვადობას, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ სერვისებში.

შესაძლებელია თუ არა კლინიკური ნიშნების მიხედვით რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისა და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა?

კლინიკური თვალსაზრისით, RSV-ისა და გრიპის დიფერენცირება მხოლოდ სიმპტომატიკის საფუძველზე ხშირად რთულია, ვინაიდან ორივე პათოგენი რესპირატორულ ინფექციებს განეკუთვნება. თუმცა, გარკვეული განმასხვავებელი თავისებურებები მაინც არსებობს. გრიპი, როგორც წესი, იწყება მწვავედ, მაღალი ცხელებითა და გამოხატული ინტოქსიკაციით, რასაც თან ერთვის რესპირატორული სიმპტომები (ხველა, ყელის ტკივილი, რინიტი). RSV ინფექცია კი ხშირად იწყება შედარებით მსუბუქად — მშრალი ხველითა და ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენებით (რინიტი, ცხვირიდან გამონადენი), რის შემდეგაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება და ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება. მიუხედავად ამისა, საბოლოო დიაგნოზის დასმა მაინც საჭიროებს ლაბორატორიულ დადასტურებას.

რატომ არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ ორ წლამდე ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით ექვს თვემდე ასაკის, ასევე ხანდაზმულები? რა გართულებებია ყველაზე ხშირი ამ ასაკობრივ ჯგუფებში და რამდენად ხშირად ვითარდება ისინი? 

RSV ინფექციის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოტენციურად საშიში გართულებაა ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება, კერძოდ — მცირე კალიბრის ბრონქების ანთება, ანუ ბრონქიოლიტი. ამ დროს ვითარდება მწვავე ანთებითი პროცესი, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ხანდაზმულებში; სწორედ ზემოთხსენებული გართულება წარმოადგენს ჰოსპიტალიზაციის მთავარ მიზეზს, რის გამოც პაციენტები ხშირად საჭიროებენ ოქსიგენაციასა და ინტენსიურ სამედიცინო მეთვალყურეობას. 

ინფექციას ასევე შეიძლება ახლდეს სხვა რესპირატორული გართულებებიც, როგორიცაა სინუსიტი ან სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანება, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები შედარებით იშვიათია და დომინანტურ გართულებად კვლავ ბრონქიოლიტი რჩება. 

რაც შეეხება რისკ-ჯგუფებს, ექვს თვემდე ჩვილებში მაღალი რისკი განპირობებულია სასუნთქი გზებისა და იმუნური სისტემის ფუნქციური სიმწიფის ნაკლებობით. ანალოგიური მიზეზით არიან მაღალი რისკის ქვეშ ხანდაზმულები და იმუნოკომპრომეტირებული პირები — მათ შემთხვევაში იმუნური პასუხი დაქვეითებულია ასაკობრივი ფაქტორების ან თანხმლები ქრონიკული პათოლოგიების გამო, რაც ზრდის ორგანიზმის მოწყვლადობას პათოგენის მიმართ და განაპირობებს დაავადების მძიმე კლინიკურ მიმდინარეობას.

რა არის ის ძირითადი კლინიკური ნიშნები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაზე მიუთითებს? 

ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება ეფუძნება სუნთქვის ფუნქციის კომპლექსურ შეფასებას. განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, ციანოზი (ცხვირ-ტუჩის მიდამოს სილურჯე), შეტევითი ხასიათის ხველა, ხმაურიანი სუნთქვა (ინსპირაციული და ექსპირაციული ხიხინი), ასევე ლეთარგია და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბავშვებში ჟანგბადის სატურაცია შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე ნორმის ფარგლებში დარჩეს, თუმცა კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში მაინც რეკომენდებულია სტაციონარული მეთვალყურეობა.

რა პრევენციული ღონისძიებებია რეკომენდებული მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ვირუსული სეზონის პერიოდში?

რესპირატორული ინფექციების პრევენცია ეფუძნება მათი გადაცემის მექანიზმების კონტროლს, ვინაიდან ისინი ძირითადად ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია დახურული სივრცეების რეგულარული ვენტილაცია, ზედაპირების სველი წესით დამუშავება, პირადი ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა (განსაკუთრებით ხელების ხშირი დაბანა), პირბადის გამოყენება მაღალი რისკის გარემოში, ხალხმრავალი ადგილების თავიდან არიდება (მოწყვლადი ჯგუფებისთვის) და ინფიცირებულ პირებთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა.

დამატებით, მოსახლეობას მოვუწოდებ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თანხმლები ინფექციების (კოინფექციების) განვითარების რისკს. რაც შეეხება RSV-ის სპეციფიკურ ვაქცინას — მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე იგი ხელმისაწვდომი არ არის, ქვეყანაში მისი შემოტანა და მასზე ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კრიტიკულად აუცილებელია; რისკ-ჯგუფების დროული იმუნიზაცია საგრძნობლად შეამცირებს როგორც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, ისე მძიმე გართულებების განვითარების ალბათობას.

 

 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები