რატომ ამბობს დიდი ბრიტანეთი უარს ალცჰაიმერის უახლესი პრეპარატების დაფინანსებაზე?

გააზიარე

ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო ახალ პრეპარატებს, რომლებიც ტვინში ამილოიდური ცილების დაგროვების წინააღმდეგ არის მიმართული, შესაძლოა, პაციენტების მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა საერთოდაც არ ჰქონდეს. გავლენიანი სამეცნიერო ორგანიზაციის, Cochrane-ის მიერ გამოქვეყნებული ფართომასშტაბიანი ანალიზის თანახმად, ამ მედიკამენტების ეფექტი კოგნიტურ უნარებზე უმნიშვნელოა.

რას ამბობს კვლევა?

მეცნიერებმა გააანალიზეს 17 კლინიკური კვლევის მონაცემები, რომელშიც 20,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ანალიზმა აჩვენა, რომ 18-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ანტიამილოიდური პრეპარატების გავლენა დაავადების სიმძიმესა და პაციენტების ფუნქციურ შესაძლებლობებზე იმდენად მცირეა, რომ მას თავად პაციენტები და მომვლელებიც კი ვერ ამჩნევენ.

კვლევის ავტორების თქმით, პრეპარატებს არ აქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. გარდა ამისა, პაციენტებში, რომლებიც ამ მედიკამენტებს იღებდნენ, პლაცებო ჯგუფთან შედარებით ხშირად ფიქსირდებოდა ტვინის შეშუპება და სისხლჩაქცევები.

საწინააღმდეგო პოზიცია

Cochrane-ის დასკვნამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კვლევის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერები მიუთითებენ, რომ ანალიზმა ერთ კალათაში მოათავსა როგორც ძველი, წარუმატებელი მედიკამენტები, ისე ახალი თაობის ეფექტური პრეპარატები, როგორებიცაა, მაგალითად, Lecanemab (Eisai) და Donanemab (Eli Lilly).

მეცნიერთა ამ ნაწილის განმარტებით, გასაკვირი არ არის, რომ არაეფექტური და ეფექტური მკურნალობის შედეგების გაერთიანებით, საბოლოო საშუალო მაჩვენებელი ძალიან მცირე აღმოჩნდა. მეორე მხრივ, მათი აზრით, არასწორია მთელი კლასის პრეპარატების წარუმატებლად გამოცხადება, რადგან 17 კვლევიდან მხოლოდ ორი ეხებოდა დღეს დამტკიცებულ, თანამედროვე მედიკამენტებს.

სად არის გამოსავალი?

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს პრეპარატები უკვე დაამტკიცეს, დიდ ბრიტანეთში ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NICE) უარი თქვა მათ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. NICE-ის განმარტებით, თერაპია დაავადების პროგრესირებას მხოლოდ 4-დან 6 თვემდე ანელებს, რაც არ ამართლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაწევ კოლოსალურ ხარჯებს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ალცჰაიმერის მკურნალობისას მხოლოდ ამილოიდური ფოლაქების მოცილება საკმარისი არ არის. კვლევები უკვე გადადის სხვა ბიოლოგიურ სამიზნეებზე, როგორიცაა, მაგალითად, ტაუ-ცილა და ნეიროანთებითი პროცესები.

მეცნიერთა დასკვნით, პაციენტებს არ უნდა შევუქმნათ გადაჭარბებული მოლოდინები.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები