FDA-მ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ინოვაციური ნაკრები დაამტკიცა

გააზიარე

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკული კომპანია Waters Corporation-ის მიერ წარმოებული საშვილოსნოს ყელის კიბოს თვითაღების ნაკრები სახლის პირობებში გამოყენებისთვის (Onclarity HPV Self-Collection Kit) და გაფართოებული გენოტიპირების ტესტი (BD Onclarity HPV Assay) ოფიციალურად დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაზრდას და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 60% ფიქსირდება პირებში, რომლებიც საერთოდ არ იტარებენ სკრინინგს ან არასაკმარისად არიან მოცული სკრინინგის პროგრამებით.

საშვილოსნოს ყელის კიბო უმეტესწილად პრევენცირებადია რეგულარული სკრინინგის, ვაქცინაციისა და ადრეული დიაგნოსტიკის პირობებში. დაავადების ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) წარმოადგენს, რომლის მაღალი რისკის ონკოგენური გენოტიპები შემთხვევათა 90%-ზე მეტზეა პასუხისმგებელი.

Onclarity HPV თვითაღების ნაკრები ვალიდირებულია BD Onclarity HPV Assay ტესტთან კომბინაციაში, რომელსაც შეუძლია HPV-ის ყველა მაღალი რისკის მქონე ონკოგენური გენოტიპის გამოვლენა. აღნიშნული ანალიზი წარმოადგენს FDA-ის მიერ დამტკიცებულ ერთადერთ მოლეკულურ ტესტს, რომელსაც გააჩნია გაფართოებული გენოტიპირების შესაძლებლობა: სისტემა ინდივიდუალურად ახდენს ექვსი მაღალი რისკის გენოტიპის იდენტიფიცირებას, ხოლო სამი გენოტიპური ჯგუფის შედეგებს წარმოადგენს გაერთიანებული (pooled) ფორმით. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, იგი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ HPV სკრინინგის ინსტრუმენტად.

„სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაფართოება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, ხოლო თვითაღების მეთოდის დანერგვა ამ პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. როგორც პრაქტიკოსი მეან-გინეკოლოგი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა სკრინინგის პროგრამებს, პირადად ვაკვირდებოდი, რამდენად პრინციპულად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა პაციენტებისთვის. რაც უფრო მეტ პაციენტს ეძლევა სკრინინგის ჩატარების შესაძლებლობა, მით უფრო ოპერატიულად ვახდენთ ექიმები რისკების იდენტიფიცირებასა და შემთხვევათა ეფექტურ მართვას. ეს საშუალებას გვაძლევს, რესურსები ნაკლებად მივმართოთ სკრინინგის პროგრამის მიღმა დარჩენილი პაციენტების მოძიებაზე და მეტი ყურადღება გავამახვილოთ პრევენციაზე, დროულ ინტერვენციასა და მკურნალობაზე მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“ — განაცხადა ჯეფ ენდრიუსმა, MD, FRCSC, Waters Advanced Diagnostics-ის სამედიცინო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა.

აღებული ნიმუშები თავად პაციენტების მიერ დამოუკიდებლად იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც მათი დამუშავება ხდება მაღალტექნოლოგიური ავტომატიზებული პლატფორმის — BD COR™ სისტემის გამოყენებით. სისტემა იყენებს მოწინავე რობოტულ ტექნოლოგიებს ნიმუშების მომზადების, ანალიზისა და შედეგების გაცემის პროცესში, რაც უზრუნველყოფს ნიმუშის მთლიანობას და მაღალი ხარისხის, სანდო შედეგებს.

Waters Corporation მჭიდროდ თანამშრომლობდა ეროვნული კიბოს ინსტიტუტთან „Cervical Cancer ‘Last Mile’ Initiative“-ის ფარგლებში და დამატებით ჩაატარა SHIP კვლევა თვითაღების მეთოდის სიზუსტისა და ეფექტურობის შესაფასებლად.

ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს Onclarity HPV თვითაღების ნაკრების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აშშ-ის მასშტაბით. მოსალოდნელია, რომ ნაკრები უახლოეს თვეებში ხელმისაწვდომი გახდება ექიმის დანიშნულებით. ნაკრები შესაძლებელია პირდაპირ პაციენტის საცხოვრებელ მისამართზე გაიგზავნოს, რაც მათ საშუალებას მისცემს მოსახერხებელ დროს აიღონ ნიმუში და გაგზავნონ ლაბორატორიაში. მიღებული შედეგები პირდაპირ გადაეგზავნება პაციენტის მკურნალ ექიმს, რაც ხელს შეუწყობს დროული კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას.

წყარო: Cancernetwork.com

               Ir.waters.com

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები