სტატინების მიღება დემენციის რისკს, შესაძლოა, 15%-ით ამცირებდეს

გააზიარე

ქოლესტერინის დონის შესამცირებელი მედიკამენტები, ე.წ. სტატინები, დემენციის განვითარების რისკს შესაძლოა 15%-ით ამცირებდეს. 15-წლიანი მასშტაბური კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყებს პაციენტი ამ წამლების მიღებას, დაავადების თავიდან აცილების შანსი მით უფრო მაღალია.

ექსპერტების ვარაუდით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დემენციით მცხოვრები ადამიანების რაოდენობა გასამმაგდება და 153 მილიონს მიაღწევს. თუმცა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შემთხვევების თითქმის ნახევრის პრევენცია ან გადავადება სავსებით შესაძლებელია. მიუნხენში, კარდიოლოგთა ევროპული საზოგადოების (ESC) კონგრესზე წარდგენილი და ჟურნალ Lancet Regional Health Europe-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევაც იმედს სწორედ ამ მიმართულებით იძლევა.

მეცნიერებმა დანიაში 132 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები 2006-დან 2021 წლამდე პერიოდში შეისწავლეს. კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტს მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ იმ პირებში, რომლებმაც სტატინების მიღება მოგვიანებით დაიწყეს, დემენციის განვითარების ალბათობა 10%-ით შემცირდა. თუმცა, მათ შორის, ვინც მედიკამენტურ მკურნალობაში უფრო ადრეულ ეტაპზე ჩაერთო, რისკი 15%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ შედეგები ქალებსა და მამაკაცებში იდენტური აღმოჩნდა.

სტატინები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტებია. ისინი სისხლში ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონეს ამცირებს, რაც, თავის მხრივ, არტერიებში ფოლაქების დაგროვებას უშლის ხელს და ინფარქტისა თუ ინსულტის რისკს აზღვევს. მეცნიერების განმარტებით, მაღალი ქოლესტერინი ტვინის მკვებავ სისხლძარღვებს ავიწროებს და აზიანებს, რაც ტვინის ქსოვილებში სისხლის მიწოდებას აფერხებს და დემენციის განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ქოლესტერინის დარეგულირება ტვინს გრძელვადიან პერსპექტივაში იცავს.

კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, კვლევის ავტორის ტუმას ტერნჰამარის თქმით, შუა ხნის ასაკიდანვე ქოლესტერინის გაკონტროლება დემენციის პრევენციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ვარაუდობს, რომ მომავალში სტატინების მიღება, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ კვებასთან ერთად, შესაძლოა დემენციის პრევენციის სტანდარტულ პაკეტად იქცეს.

დამოუკიდებელი ექსპერტები ახალ მიგნებებს დადებითად აფასებენ, რადგან სტატინები იაფი და ხელმისაწვდომი მედიკამენტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაკვირვებითი კვლევაა და მედიკამენტსა და დემენციის რისკის შემცირებას შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასამტკიცებლად დამატებითი სამუშაოებია საჭირო, მეცნიერები ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან მთავარ სამედიცინო პრინციპზე: ის, რაც კარგია გულისთვის, სასარგებლოა ტვინისთვისაც.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები