გაბაპენტინოიდების რიგ წამლებთან კომბინაციაში გამოყენება მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის მომატებულ რისკთანაა ასოცირებული

გააზიარე

მიმდინარე წლის 16 აპრილს ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფარმაციის სკოლის მეცნიერთა სტატია, რომლის თანახმად გაბაპენტინოიდების (გაბაპენტინი და პრეგაბალინი) გამოყენება ასოცირებულია მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის გაზრდილ რისკთან. განსაკუთრებით მაღალი რისკი გამოვლინდა მკურნალობის საწყის ეტაპზე და იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული პრეპარატები კომბინაციაში გამოიყენებოდა ბენზოდიაზეპინებთან ან ოპიოიდებთან.

გაბაპენტინოიდები ფართოდ გამოიყენება ეპილეფსიის, ნეიროპათიული ტკივილისა და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ და სულ უფრო ხშირად ინიშნება ქრონიკული ტკივილის დროს, როგორც ოპიოიდების ალტერნატივა.

კვლევისთვის მონაცემები მოპოვებული იქნა გაერთიანებული სამეფოს კლინიკური პრაქტიკის კვლევითი მონაცემთა ბაზიდან (CPRD Aurum), რომელიც დაკავშირებულია ჰოსპიტალური ეპიზოდების სტატისტიკასთან (HES) და ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (ONS) ჩანაწერებთან. კვლევაში ჩართული იყო 16 827 პირი (საშუალო ასაკი — 46,9 წელი; 53,5% ქალი), რომლებსაც 2010 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე დანიშნული ჰქონდათ გაბაპენტინოიდები და რომლებსაც დაუფიქსირდათ ნებისმიერი ეტიოლოგიის მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის ეპიზოდი. თვითკონტროლირებადი შემთხვევათა სერიის (SCCS) დიზაინის გამოყენებით მეცნიერებმა შეაფასეს ინტოქსიკაციის განვითარების რისკი წინასწარ განსაზღვრულ სარისკო პერიოდებში: მკურნალობის დაწყებამდე 90 დღე, მკურნალობის პირველი 28 დღე, 29–56 დღე, 57–84 დღე და მკურნალობის დარჩენილი პერიოდი. ასევე შეფასდა ოპიოიდებისა და ბენზოდიაზეპინების თანმხლები გამოყენების გავლენა. დაკვირვების საშუალო პერიოდმა 8,18 წელი შეადგინა.

ეპილეფსიის ან ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზები დასმული ჰქონდათ დაკვირვების პერიოდის დაწყებამდე, გამოირიცხნენ კვლევიდან, ხოლო იმ შემთხვევებში, სადაც შესაბამისი დიაგნოზი დასმული იქნა დაკვირვების პერიოდის განმავლობაში, დაკვირვება შეწყდა დიაგნოზის დასმის თარიღიდან— ვინაიდან ეს პაციენტები გამოირჩევიან მკურნალობის განსხვავებული სქემებითა და მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის განსხვავებული რისკპროფილით. კვლევიდან ასევე გამოირიცხნენ პირები, რომლებმაც გაბაპენტინოიდები მიიღეს დაკვირვების დაწყებამდე 1 წლით ადრე, აგრეთვე ისინი, ვისაც ინტოქსიკაციის შემთხვევა დაუფიქსირდათ მკურნალობის პირველსავე დღეს, ან პირები, რომელთა შესახებ მონაცემთა ბაზებში არასაკმარისი დემოგრაფიული ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი.

დაკვირვების პერიოდში პაციენტების 45.4% იღებდა მხოლოდ გაბაპენტინს, 34.7% — მხოლოდ პრეგაბალინს, ხოლო 19.9% — ორივე პრეპარატს. პაციენტებს აღენიშნებოდათ შემდეგი კომორბიდული მდგომარეობები: 83.7%-ს ნეიროპათიული ან ქრონიკული ტკივილი, 76.2%-ს — ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო 47.6%-ს ჰქონდა არალეგალური ნივთიერებების მოხმარების ისტორია.  პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილთან დაფიქსირდა პოლიფარმაკოთერაპია: შემთხვევათა 89%-ში დანიშნული იყო ოპიოიდები, ხოლო 54.7%-ში — ბენზოდიაზეპინები.

თვითკონტროლირებადი შემთხვევათა სერიის დიზაინის გამოყენებით, მენიერებმა შეადარეს მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის რისკი გაბაპენტინოიდების ზემოქმედების და ზემოქმედების გარეშე პერიოდებს შორის — ერთი და იმავე ინდივიდებში, ასაკის, სეზონისა და თანმხლები მედიკამენტების გამოყენების გათვალისწინებით.

მკურნალობის დაწყებამდე 90 დღის განმავლობაში წამლისმიერი ინტოქსიკაციის რისკი გაორმაგდა, ხოლო მკურნალობის პირველი 28 დღე კვლავ მომატებული რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში რისკი მცირდებოდა, იგი მაინც მაღალი იყო მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. სხვა მედიკამენტების თანმხლებმა გამოყენებამ რისკი კიდევ უფრო გაზარდა: მკურნალობის პირველ თვეში ბენზოდიაზეპინებთან კომბინაციისას ინტოქსიკაციის ალბათობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო ოპიოიდებთან — ორჯერ. მთლიანი სამკურნალო პერიოდის განმავლობაში, ოპიოიდების თანმხლებმა დანიშვნამ რისკი დაახლოებით 30%-ით გაზარდა, ბენზოდიაზეპინებმა კი — დაახლოებით გააორმაგა.

„მიუხედავად იმისა, რომ გაბაპენტინოიდები ეფექტურია ტკივილის მართვისთვის და ოპიოიდებთან შედარებით უსაფრთხოების უკეთესი პროფილით ხასიათდებიან, მაინც არსებობს მნიშვნელოვანი რისკები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია როგორც კლინიცისტებისთვის, ისე პაციენტებისთვის. ჩვენი დასკვნები არ გულისხმობს, რომ გაბაპენტინოიდები სახიფათოა ან არ უნდა დაინიშნოს, თუმცა კლინიცისტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათი გამოწერისას, განსაკუთრებით თუ პაციენტი სხვა მედიკამენტებსაც იღებს, და უზრუნველყონ პაციენტებზე მუდმივი დაკვირვება. ჩვენი მონაცემები არ იძლევა საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ მკურნალობის დაწყებამდე 90 დღის ინტერვალში დაფიქსირებული ინტოქსიკაციის მომატებული რისკის კონკრეტული კლინიკური მიზეზები. ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი სიღრმისეული კვლევები“ — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, კენეტ მანმა (PhD, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფარმაციის სკოლა).

კვლევის ობზერვაციული ხასიათის გამო პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ მედიკამენტების დანიშვნა ხშირად ემთხვევა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გაუარესების პერიოდებს. გარდა ამისა, მონაცემები ეყრდნობოდა რეცეპტების ჩანაწერებს, რაც შეიძლება არ ასახავდეს მედიკამენტოთერაპიის რეალურ სურათს ან ინტოქსიკაციის მსუბუქ შემთხვევებს.

წყარო: medscape.com

     journals.plos.org

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები