ახალი კვლევა: მშობლის გენეტიკა, როგორც ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის არქიტექტორი

გააზიარე

ოსლოს უნივერსიტეტისა და ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ახალმა კვლევამ, რომელიც Nature Mental Health-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ბავშვებში შფოთვისა და დეპრესიის განვითარებაზე, ბიოლოგიურ მემკვიდრეობითობასთან ერთად, მშობლების გენების ირიბი ზემოქმედებაც ახდენს გავლენას.

მეცნიერების განმარტებით, მშობლის გენეტიკა ბავშვზე ე.წ. „გენეტიკური აღზრდის“ (Genetic Nurture) მექანიზმითაც მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ მშობლის ის გენებიც კი, რომლებიც ბავშვს მემკვიდრეობით არ გადასცემია, მაინც აყალიბებს იმ გარემოს, რომელშიც ის იზრდება.

მაგალითად, მშობლის გენეტიკური მიდრეკილება ყურადღების დეფიციტის (ADHD), სტრესისადმი მოწყვლადობის ან მავნე ჩვევებისკენ, გავლენას ახდენს მის ქცევასა და აღზრდის სტილზე. შესაბამისად, მშობლის გენეტიკით ფორმირებული ოჯახური გარემო ხდება დამატებითი ფაქტორი, რომელიც ზრდის ან ამცირებს ბავშვში შფოთვითი აშლილობების განვითარების რისკს, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა ბავშვმა ეს კონკრეტული გენები ბიოლოგიურად.

9,300-ზე მეტი ოჯახის მონაცემების ანალიზმა ასევე გამოავლინა ასაკობრივი სპეციფიკაც:

  • 8 წლის ასაკში: ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მშობლების გენეტიკით განპირობებული გარემო ფაქტორები უფრო დიდ როლს თამაშობს.

  • 14 წლის ასაკში: მოზარდობის პერიოდში წინა პლანზე უკვე თავად ბავშვის გენეტიკური მიდრეკილებები გამოდის.

ამასთან, რისკზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მშობლის შფოთვისკენ მიდრეკილება, არამედ სხვა მახასიათებლებიც, მაგალითად, მამის ზოგადი კეთილდღეობის მაჩვენებელი ან დედის კოგნიტური უნარები. ეს მიგნებები ადასტურებს, რომ მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა გენეტიკისა და გარემოს რთული, ურთიერთდაკავშირებული პროცესის შედეგია, სადაც მშობლის გენომი ერთდროულად ბიოლოგიური და გარემო პირობების არქიტექტორია.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები