ისტორიული მიღწევა მედიცინაში: ბავშვობაში გაყინული ქსოვილის ტრანსპლანტაციით მამაკაცმა შვილოსნობის უნარი აღიდგინა

გააზიარე

ისტორიაში პირველად, რეპროდუქციული მედიცინის უნიკალურმა კლინიკურმა ცდამ წარმატება აჩვენა. პრეპუბერტატულ (სქესობრივ მომწიფებამდე) ასაკში გაყინული სათესლე ჯირკვლის ქსოვილის ტრანსპლანტაციამ ზრდასრულ პაციენტში სპერმის წარმოქმნის პროცესი სრულად აღადგინა.

27 წლის მამაკაცს აღნიშნული ქსოვილი 16 წლის წინ, 10 წლის ასაკში შეუნახეს, სანამ ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების გამო უმძიმეს ქიმიოთერაპიულ კურსს დაიწყებდა. ონკოლოგიური და ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადებების დროს გამოყენებული ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად უნაყოფობას იწვევს.

პუბერტატის ასაკის შემდგომ მამაკაცებს სპერმის წინასწარ გაყინვა ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის (IVF) შეუძლიათ, თუმცა სქესობრივ მომწიფებამდე მყოფი ბიჭებისთვის ეს მეთოდი აქამდე მიუწვდომელი იყო. ბელგიურმა კლინიკამ პრეპუბერტატული ასაკის პაციენტების ქსოვილების შენახვა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო. მოცემულ პაციენტს 2008 წელს ქიმიოთერაპიამდე ცალი სათესლე ჯირკვალი ამოუკვეთეს, მცირე ნაწილებად დაყვეს და კრიოკონსერვაცია ჩაუტარეს.

გასულ წელს ექიმებმა პაციენტს გაყინული ქსოვილის 4 ფრაგმენტი დარჩენილ სათესლე ჯირკვალში, კიდევ 4 კი სათესლე პარკის კანქვეშ გადაუნერგეს. ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ, უშუალოდ სათესლე ჯირკვალში მოთავსებულმა ორმა ფრაგმენტმა მომწიფებული სპერმატოზოიდები გამოიმუშავა, რომელიც უკვე შეგროვებული და გაყინულია.

ვინაიდან ფრაგმენტები უშუალოდ სათესლე სადინარს არ უკავშირდება, სპერმის ბუნებრივი გზით გამოყოფა არ ხდება, თუმცა ლაბორატორიულად მიღებული მასალა ჯანსაღია. ახლა მეცნიერებმა უნდა დაადასტურონ, შეძლებს თუ არა ეს სპერმატოზოიდები კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. ედინბურგის უნივერსიტეტის პედიატრი-ენდოკრინოლოგის, პროფესორ როდ მიჩელის განცხადებით, ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ მიდგომა ადამიანებში ნამდვილად მუშაობს.

ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 3,000-ზე მეტი პაციენტის მსგავსი ქსოვილია შენახული. პირველი წარმატებული პაციენტი ახლა განიხილავს, ჩაიტაროს თუ არა ტრანსპლანტაციის მეორე ეტაპი სპერმის დამატებითი მარაგის შესაგროვებლად, თუ პირდაპირ მიმართოს ინ ვიტრო განაყოფიერებას (IVF).

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები