დეზინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ: სოციალური მედიის პლატფორმების შედარებითი ანალიზი

გააზიარე

ციფრულ ეპოქაში სოციალური მედიის პლატფორმები (YouTube, Facebook, Instagram, TikTok) სულ უფრო ხშირად გამოიყენება ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებენ სოციალური მედიის ალგორითმები, რომლებიც მომხმარებლებს მიზანმიმართულად აწვდიან მათ ინტერესებსა და შეხედულებებთან თავსებად კონტენტს, რაც ზღუდავს ალტერნატიული ინფორმაციის ხილვადობას. ამავდროულად, რეგულაციების დეფიციტი და „უსასრულო სკროლინგის“ ფუნქცია კიდევ უფრო ზრდის ციფრულ სივრცეში დეზინფორმაციის გავრცელების რისკს.

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს (UN) განმარტებით, დეზინფორმაცია არის მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად იქმნება და ვრცელდება საზოგადოების მანიპულირების, მოტყუების ან პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით. თუმცა, საინფორმაციო სივრცეში ხშირად შეგვხვდება ისეთი კონტენტიც, რომელიც სამეცნიერო მტკიცებულებების არარსებობის გამო მხოლოდ ინდივიდუალურ გამოცდილებას ან სუბიექტურ დაკვირვებებს ეყრდნობა და წინასწარი საზიანო განზრახვის გარეშე ვრცელდება.

თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონტენტის მნიშვნელოვანი ნაწილი (ზოგიერთი მონაცემით 80%-მდე) მცდარ ინფორმაციას შეიცავს. ამასთან, სხვა კვლევების თანახმად მსგავსი კონტენტი ბევრად პოპულარულია, ვიდრე ვერიფიცირებული სამედიცინო ფაქტები.

ჯანმრთელობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საზიანო შედეგებს, როგორებიცაა არასწორი ქცევის წახალისება, სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია და ფსიქოლოგიური სტრესის გაძლიერება კრიზისებისა თუ პანდემიების დროს.

აღნიშნული პრობლემის შესწავლის მიზნით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პარტნიორი კვლევითი ცენტრების მეცნიერებთან ერთად ჩაატარეს მასშტაბური კვლევა და ჟურნალ Journal of Social Media Research-ში გამოაქვეყნეს სისტემური მიმოხილვა სათაურით: „ხარისხი, საიმედოობა და დეზინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნეიროდივერსიულობის საკითხებზე შექმნილ ონლაინ-კონტენტში“. სამეცნიერო ანალიზისა და კლინიკური შეფასების მიზნით, მეცნიერებმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული 5,057 ინდივიდუალური პოსტი შეისწავლეს.

კვლევის შედეგების თანახმად, მცდარი ინფორმაციის წილი 0%-დან 56.92%-მდე მერყეობდა. დეზინფორმაციის მაქსიმალური მაჩვენებელი (56.92%) დაფიქსირდა YouTube-ზე, MRI-კლაუსტროფობიის ვიდეოებში, ხოლო მინიმუმი (0%) — YouTube Kids-ზე, შფოთვისა და დეპრესიის კონტენტში. ზოგადად, TikTok-ზე დეზინფორმაციის საშუალო დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე YouTube-ზე, რაც ფორმატის სპეციფიკითა და ნაკლები მოდერაციით აიხსნება.

აუტიზმსა და ADHD-ზე კონტენტი განსაკუთრებით მოწყვლადი აღმოჩნდა: მცდარი მონაცემების წილმა აუტიზმის შესახებ შექმნილ TikTok ვიდეოებში 41%-ს მიაღწია, ხოლო ADHD-ის შემთხვევაში 38.6%-დან 52%-მდე მერყეობდა. შედარებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა საკითხებზე დეზინფორმაციის დონე დაბალი ან საშუალო იყო (მაგ., შიზოფრენია X-ზე — 18.76%). ეს სხვაობა შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ნეიროდივერსიულობა სოციალურ მედიაში ხშირად არასამედიცინო კონტექსტში განიხილება და კონტენტის შინაარსი ნაკლებად მოწმდება სპეციალისტების მიერ.

მიღებული შედეგები ცხადყოფს მრავალმხრივი ინტერვენციის საჭიროებას: ერთი მხრივ, აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების აქტიური ჩართულობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ონლაინ-კონტენტის შესაქმნელად. მეორე მხრივ, სოციალური მედიის პლატფორმებმა უნდა გააძლიერონ შინაარსობრივი მოდერაცია და დანერგონ დეზინფორმაციის იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები.

გარდა ამისა, დეზინფორმაციის გლობალური მასშტაბის უკეთ შესაფასებლად, მნიშვნელოვანია მომავალ კვლევებში სტანდარტიზებული მეთოდოლოგიებისა და მრავალენოვანი მონაცემების გამოყენება. ამრიგად, ციფრულ ეპოქაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების დაცვის კრიტიკულ წინაპირობას წარმოადგენს.

წყარო:researchgate.net

 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები