ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტი ანტიდეპრესანტების მოხმარების შესამცირებლად ახალ კამპანიას იწყებს. ტრამპის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მდივნის, რობერტ კენედი უმცროსის განცხადებით, მთავრობის მიზანია ფსიქიატრიული მედიკამენტების „ჭარბი გამოწერის“ შეზღუდვა და ე.წ. „დე-პრესკრიფციის“ (მედიკამენტის ეტაპობრივი მოხსნის) პრაქტიკის წახალისება. ამ ინიციატივას ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მხრიდან უკვე მოჰყვა კრიტიკა, სადაც აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი არა მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით, არამედ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობითაა გამოწვეული.
Make America Healthy Again (MAHA) ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუბრისას, კენედიმ აღნიშნა, რომ ფსიქიატრიულ მედიკამენტებს (განსაკუთრებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს) აღარ უნდა ჰქონდეთ „სტანდარტული მკურნალობის“ მეთოდის სტატუსი. მისი თქმით, ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთ-ერთი ალტერნატივა, რომელიც გამჭვირვალედ და მედიკამენტიდან უსაფრთხოდ გამოსვლის მკაფიო გეგმით დაინიშნება. აღსანიშნავია, რომ კენედი წარსულში, მტკიცებულებების გარეშე, ანტიდეპრესანტებს სკოლებში სროლების გახშირებასთან აკავშირებდა. მიუხედავად ამისა, მან განმარტა, რომ ახალი პოლიტიკა არავის მოუწოდებს წამლის თვითნებურად შეწყვეტისკენ და პროცესი პაციენტმა ექიმთან კონსულტაციით უნდა წარმართოს.
აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც ექიმებს მოუწოდებენ, განსაკუთრებით ბავშვებში, თავიდან აირიდონ წამლების ზედმეტი მოხმარება და დეპრესიის სამკურნალოდ აქცენტი არაფარმაკოლოგიურ ჩარევებზე – ფსიქოთერაპიაზე, დიეტაზე, ფიზიკურ აქტივობასა და სოციალურ კავშირებზე გააკეთონ. უწყებამ ასევე გამოსცა გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს პაციენტებისთვის მედიკამენტის მოხსნის პროცესის მართვაში გაწეული სამედიცინო მომსახურება აუნაზღაურდებათ. ცნობისთვის, 2025 წლის კვლევის თანახმად, აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში გამოკითხულთა თითქმის 17% ანტიდეპრესანტებს მოიხმარს, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მედიკამენტებზე წვდომის შეზღუდვას ეწინააღმდეგება.
ინიციატივას განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია (APA), რომელიც 40,000-ზე მეტ ექიმს აერთიანებს. ორგანიზაცია მიესალმება ამ მიმართულებით კვლევების დაფინანსებას, თუმცა არ ეთანხმება მთავრობის მოსაზრებას, თითქოს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი ექიმების მიერ წამლების „ზედმეტი რაოდენობით დანიშვნამ“ გამოიწვია.
„ეს დახასიათება ზედმეტად ამარტივებს რთულ კრიზისს და უგულებელყოფს რეალობას: უამრავ პაციენტს არ აქვს წვდომა დროულ და კომპლექსურ მკურნალობაზე. მიდგომა არ ითვალისწინებს პერსონალის დეფიციტს და ფსიქიატრიულ დაწესბულებებში საწოლების სიმცირეს“, — ნათქვამია განცხადებაში. ფსიქიატრები აფრთხილებენ მთავრობას, რომ მედიკამენტების მოხსნა კრიზისის გადაჭრისთვის საკმარისი არ არის და გამოსავალი არა ფსიქიატრიული წამლების სტიგმატიზება, არამედ პაციენტებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სრულფასოვან მკურნალობაზე წვდომის უზრუნველყოფაა.
წყარო: The Guardian

