Covid-19-ის პანდემიის შემდგომი კრიზისი: რატომ ვერ ახერხებს მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა გონზე მოსვლას?

გააზიარე

The Economist-ის უახლესი ანალიზის მიხედვით, 2020 წელს დაწყებულმა Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. პანდემიის დასრულებიდან წლების შემდეგ, კლინიკები 18 განვითარებულ ქვეყანაში სერიოზული კრიზისის წინაშე დგანან: პაციენტებისთვის საავადმყოფოში მოხვედრა გართულდა, ლოდინის დრო გაიზარდა და მკურნალობის ხარისხი გაუარესდა.

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა 2020 წელს დაიმსხვრა, მიუხედავად იმისა, რომ თავს ვიტყუებთ, თითქოს ასე არ მომხდარა“, — აცხადებს ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი, დოქტორი ტომ დოლფინი.

საათობით ლოდინი და გადაჭედილი საავადმყოფოები

კრიზისი ყველაზე მწვავედ გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში (A&E) შეიგრძნობა. ლოდინის დრო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. დიდ ბრიტანეთში 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია იმ პაციენტების რიცხვი, რომლებსაც სასწრაფო დახმარების მიღებამდე დიდი ხნით ლოდინი უწევთ. საგანგაშოა ე.წ. „ტროლეის დაყოვნებების“ (Trolley waits) სტატისტიკაც — გასულ წელს 550,000-მდე პაციენტს 12 საათზე მეტხანს მოუწია საწოლის მოლოდინში საკაცეზე გატარება, რაც 2019 წელთან შედარებით 67-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. საგანგებო მედიცინის სამეფო კოლეჯის შეფასებით, მსგავსმა დაყოვნებებმა გასულ ზაფხულს ბრიტანეთის საავადმყოფოებში თითქმის 5,000 თავიდან არიდებადი ლეტალური შემთხვევა გამოიწვია.

მსგავსი რთული ვითარებაა ავსტრალიაშიც, სადაც პაციენტების თითქმის ნახევარს, სასწრაფო დახმარების მანქანით მიყვანის შემდეგ, კლინიკის გარეთ 30 წუთზე მეტხანს უწევს დალოდება. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოხვედრის შემდეგაც კი, მომსახურების მიღება ძალიან ჭიანურდება.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, კანადაში სულ უფრო მეტი პაციენტი ტოვებს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ექიმის ნახვის გარეშე, ხოლო აშშ-ში, კერძოდ მასაჩუსეტსის შტატში, ყოველი 5 პაციენტიდან 2-ს ოთხ საათზე მეტხანს უწევს რიგში დგომა. მიჩიგანის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის ექიმის, დოქტორ ალექს ჯანკეს თქმით, ამერიკული საავადმყოფოების მისაღები სივრცეები დღეს უფრო გადაჭედილია, ხოლო პერსონალი — უფრო გადატვირთული, ვიდრე პანდემიამდე.

რატომ მძიმდება პაციენტების მდგომარეობა უფრო სწრაფად?

საავადმყოფოების კრიზისი ე.წ. „მოჯადოებული წრის“ (doom loop) შედეგია. იორკის უნივერსიტეტის მკვლევრის, ლუიჯი სიცილიანის თანაავტორობით გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ კრიზისი თანაბრად შეეხო როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს და ის არ არის დამოკიდებული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მოდელზე. პრობლემა ოთხი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორით აიხსნება: ხანგრძლივმა ლოდინმა გააუარესა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმე პაციენტების მკურნალობას მეტი დრო სჭირდება, ხანგრძლივი მკურნალობა ავსებს კლინიკების ადგილებს, რაც თავის მხრივ, კვლავ ზრდის ლოდინის დროს.

ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ დაგეგმილ (ელექტიურ) ოპერაციებზე ლოდინის დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 11 წევრი ქვეყნიდან 9-ში ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს აღემატებოდა. კანადაში, Fraser Institute-ის მონაცემებით, სპეციალისტის მკურნალობაზე ლოდინის მედიანური დრო 2025 წელს 29 კვირამდე გაიზარდა, რაც 2019 წელთან შედარებით 33%-ით მეტია. ბრიტანეთში კი, იანვრის მონაცემებით, დაახლოებით 2.8 მილიონ ადამიანს (მომლოდინეთა თითქმის 40%) მკურნალობაზე 18 კვირაზე მეტი ხნით უწევდა ლოდინი, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 570,000-ს შეადგენდა.

ამის პარალელურად, პაციენტების მდგომარეობა დამძიმებულია. პანდემიის პერიოდში გამოკვლევების თავიდან არიდების გამო, ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო, გვიან სტადიაზე დიაგნოსტირდება. ასევე, გაიზარდა ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული პაციენტების წილი. კალიფორნიის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის, დოქტორ რიჩარდ ლოიხტერის თქმით, პაციენტები საავადმყოფოში უფრო დიდხანს რჩებიან და მათი მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება. მისივე კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკულ კლინიკებში საწოლების დატვირთულობა პანდემიამდელი 64%-დან 75%-მდე (ზოგ შტატში 88%-მდეც კი) გაიზარდა.

პრობლემა ფინანსებში არ არის

პრობლემა ფინანსების ნაკლებობაში არ მდგომარეობს. ევროპაში ჯანდაცვის დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე 2019 წლიდან 13%-ით გაიზარდა, ხოლო აშშ-ის საავადმყოფოებმა გასულ წელს 140,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) 2019 წლიდან პერსონალის რაოდენობა 25%-ით გაზარდა და ახლა მოსახლეობის 2%-ს, 1.4 მილიონ ადამიანს ასაქმებს. ავსტრალიაში 2019-2024 წლებში პერსონალის 20%-იანი ზრდის მიუხედავად, დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების რაოდენობა არ გაზრდილა.

გაზრდილი ინვესტიციების მიუხედავად, კლინიკების პროდუქტიულობა ეცემა. როლანდ ბერგერის (Roland Berger) საკონსულტაციო კომპანიის ბოლო ანგარიშის მიხედვით, გერმანიაში საავადმყოფოების სამმა მეოთხედმა 2024 წელს ფინანსური ზარალი განიცადა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 33% იყო. აშშ-ის საავადმყოფოების ასოციაციის წარმომადგენლის, აარონ ვესოლოვსკის მონაცემებით, საავადმყოფოების საოპერაციო ხარჯები 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რაც ფასების ზრდას ორჯერ აღემატება.

ექსპერტები ამ კრიზისს რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: შრომისუნარიანი და გამოცდილი პერსონალის გადინება, ექიმებისა და ექთნების პროფესიული გადაწვა და სამედიცინო კადრების დაბალი კვალიფიკაცია ახალი დაქირავებების ფონზე. ბრიტანეთში 2015 წლიდან გაორმაგდა იმ ექთნების წილი, რომლებსაც ერთ წელზე ნაკლები გამოცდილება აქვთ.

სად არის გამოსავალი?

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ზოგიერთი კლინიკა სტაბილურ პაციენტებს ღამის გასათევი საწოლების გარეშე მომუშავე ცენტრებში ამისამართებს. ზოგ ქვეყანაში ტესტირებას გადის ე.წ. „თემის მოვლის“ (community care) პრაქტიკა, რაც საავადმყოფოს გარეთ, მათ შორის პაციენტის სახლში მკურნალობას გულისხმობს. თუმცა, ფაქტია, რომ დაბერებადი მოსახლეობისა და ქრონიკული დაავადებების მატების ფონზე კლინიკების გადატვირთვა ისედაც მოსალოდნელი იყო — პანდემიამ ეს პროცესი უბრალოდ ბევრად უფრო დააჩქარა და ადამიანები დროზე ადრე დააავადა.

წყარო: The Economist

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები