back to top

ახალი არაინვაზიური მეთოდი ფიბროზის შესაფასებლად კრონის დაავადების დროს

გააზიარე

კრონის დაავადება (CD) არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთებითი პათოლოგია, რომელიც ხშირად რთულდება ფიბროზით (ქსოვილის დანაწიბურება), სტრიქტურებითა (ნაწლავის სანათურის შევიწროება) და ფისტულებით (პათოლოგიური კავშირი ღრუ ორგანოთა შორის). ეს გართულებები მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და მოითხოვს მკურნალობის ოპტიმალური დაგეგმვისთვის ზუსტ დიაგნოსტიკურ მონიტორინგს. ახალი კვლევა ხაზს უსვამს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდის – ვირტუალური შეხებით ქსოვილის ვიზუალიზაციისა და რაოდენობრივი შეფასების (VTIQ) – კლინიკურ მნიშვნელობას. VTIQ შესაძლებელს ხდის ნაწლავის კედლის სიმკვრივისა და ფიბროზის შეფასებას, რაც უფრო უსაფრთხო, სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტიკურ ალტერნატივას წარმოადგენს ტრადიციულ მეთოდებთან (CT, MRI და ენდოსკოპია) შედარებით.

კრონის დაავადების ტრადიციულ ვიზუალიზაციას აქვს ნაკლოვანებები: CT და MRI ძვირადღირებულია. CT ამასთანავე საჭიროებს იონიზირებულ რადიაციას, რის გამოც ეს მეთოდები შეიძლება არ იყოს რეკომენდებული ყველა პაციენტისთვის. რაც შეეხება ენდოსკოპიას, ის შესანიშნავად აფასებს ლორწოვანი გარსის ზედაპირულ დაზიანებას, მაგრამ ვერ იძლევა ინფორმაციას ნაწლავის კედლის ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებზე.

ამის საპირისპიროდ, VTIQ ულტრაბგერა არის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც რეალურ დროში გვაწვდის ინფორმაციას ქსოვილის სიმკვრივის შესახებ, რომელიც საჭიროა ფიბროზისა და სტრიქტურების შესაფასებლად. ეს კლინიცისტებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად განასხვავონ ფიბროზი ანთებისგან, რაც გადამწყვეტი ფაქტორია სწორი თერაპიის შესარჩევად და არასაჭირო ქირურგიული ჩარევების თავიდან ასაცილებლად.

კვლევის დეტალები: 

კვლევის ფარგლებში, Mindray Resona R9T ულტრაბგერითი სისტემის გამოყენებით, გაანალიზდა კრონის დაავადების აქტიური ფაზის მქონე 63 პაციენტის მონაცემები. მკვლევრები ფოკუსირებული იყვნენ ძვრადი ტალღის სიჩქარისა (Shear wave velocity) და იუნგის მოდულის (Young’s modulus) გაზომვაზე – ეს ორი პარამეტრი ნაწლავის ქსოვილის სიმკვრივის ინდიკატორია. მიღებული მაჩვენებლები შეადარეს ენდოსკოპიურ “ოქროს სტანდარტს” (SES-CD ქულა), რომელიც გამოიყენება სტენოზის სიმძიმის შესაფასებლად. ყველა შედეგის სიზუსტე ექსპერტმა რადიოლოგებმა დაადასტურეს.

ძვრადი ტალღის სიჩქარე აღმოჩნდა ნაწლავის სტენოზის ყველაზე ძლიერი პროგნოზული მარკერი, მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტით (AUC 0.838).

ასევე მნიშვნელოვანი პროგნოზული ფაქტორებია იუნგის მოდული და IBUS-SAS ქულა (რომელიც აფასებს ნაწლავის კედლის სტრუქტურულ ცვლილებებსა და სისხლის მიმოქცევას) 

ამ ულტრაბგერითი მაჩვენებლების ერთობლივი გამოყენებით, დიაგნოსტიკური სიზუსტე კიდევ უფრო გაიზარდა (AUC 0.878). ამ კომბინაციამ სრულად დაადასტურა ენდოსკოპიის სანდოობა სტენოზის გამოვლენისას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა არაინვაზიური მეთოდით დაავადების აღმოჩენა.

გამოვლინდა ცრუ-უარყოფითი შედეგებიც, რაც უკავშირდება ტექნიკურ სირთულეებს (როგორიცაა ნაწლავში გაზის არსებობა ან დაზიანების სიღრმე). ეს მიანიშნებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენება კვლავ საჭიროა.

სიზუსტეზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სიმსუქნე, დაზიანების მდებარეობა და ოპერატორის კვალიფიკაცია; გარდა ამისა, ზოგიერთი სკანირების ინტერპრეტაცია გართულებულია ანატომიური თავისებურებების ან ძლიერი პერისტალტიკის გამო.

სამომავლო კვლევის მიმართულებები უნდა ფოკუსირდეს:

საკვლევი ნიმუშების გაფართოებასა და მულტიცენტრულ კვლევებზე.

ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე კომპლექსური შემთხვევებისა და ღრმა ქსოვილების უკეთ გამოსახვის მიზნით.

VTIQ-ის ინტეგრირებაზე ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმებთან და სხვა ვიზუალიზაციის მეთოდებთან, რაც დიაგნოზს უფრო ზუსტს გახდის.

პრაქტიკოსთა ტრენინგისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტიზაციაზე, რათა შემცირდეს შედეგების ვარიაბელობა.

წყარო:  Insights into Imaging



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები