ებოლამ ისევ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება

გააზიარე

ებოლას ვირუსმა მსოფლიო კიდევ ერთხელ შეაშფოთა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს პანდემიას არ ნიშნავს და ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე აფრიკის ორ ქვეყანას — კონგოსა და უგანდას — არ გასცდენია.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეპიდაფეთქების გამომწვევი შტამი, რადგან „ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს.”

მისივე ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება თავდაპირველად კონგოში დაიწყო, მოგვიანებით კი შემთხვევები უგანდაშიც დაფიქსირდა. ამ დროისთვის ცნობილია 134 გარდაცვლილის შესახებ, ხოლო 500-ზე მეტი პაციენტი ებოლაზე საეჭვოდ ითვლება. ერთ-ერთი ინფიცირებული, აშშ-ის მოქალაქე, მკურნალობის მიზნით ბერლინში გადაიყვანეს.

სპეციალისტების განმარტებით, ებოლა ადამიანიდან ადამიანს სისხლთან, ბიოლოგიურ სითხეებთან ან დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით გადაეცემა. „ჰაერის გზით ებოლას ვირუსი არ გადადის,“ — განმარტავს მაია ბუწაშვილი.

ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 2 დღიდან 3 კვირამდე მერყეობს. დაავადებისთვის დამახასიათებელია მაღალი სიცხე, ძლიერი სისუსტე, კუნთებისა და თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და გამონაყარი. მძიმე შემთხვევებში ვითარდება სისხლდენა, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა. ებოლას სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სხვადასხვა მონაცემით, 25-დან 90 პროცენტამდე აღწევს.

დღეს არსებული ვაქცინა ეფექტურია მხოლოდ ებოლას ზაირის ქვეტიპის წინააღმდეგ და წარსულში არაერთი აფეთქების დროს წარმატებით გამოიყენებოდა, თუმცა მიმდინარე შტამის მიმართ ის არაეფექტურია.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები