ქალებში ფართოდ გავრცელებულ ჰორმონალურ დარღვევას ათწლეულების მანძილზე მეცნიერულად მცდარი, ბუნდოვანი და პაციენტებისთვის დამთრგუნველი სახელწოდება ჰქონდა. საბედნიეროდ, ეს რეალობა ახლა საბოლოოდ იცვლება.
აშკარა, თუმცა შეუმჩნეველი დარღვევა
პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი, რომელსაც მსოფლიო თითქმის საყოველთაოდ PCOS-ის სახელით იცნობს, რეპროდუქციული ასაკის 170 მილიონზე მეტ ქალში გვხვდება. ეს მდგომარეობა გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ჰორმონალურ დარღვევად ითვლება. მიუხედავად ამისა, დაავადებულთა 70%-ზე მეტი დიაგნოზის გარეშე რჩება. ხოლო ისინი, ვისაც დიაგნოზი უკვე დასმული აქვთ, ხშირად წლებს იმის გაცნობიერებას უთმობენ, თუ რატომ არ ემთხვევა მათი რეალური სიმპტომები სახელწოდებით ნაკარნახევ ჩარჩოებს.
როგორც ირკვევა, ეს აცდენა შემთხვევითი არ არის. პრობლემა თავად ტერმინოლოგიაშია.
PCOS-ის შესახებ დამკვიდრებული წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მხოლოდ საკვერცხეებში არსებული ცისტები იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად, ამ დროს პათოლოგიური ცისტები საერთოდ არ წარმოიქმნება და არც რეპროდუქციული ორგანოების ლოკალური დარღვევით შემოიფარგლება. მისი გავლენა ბევრად უფრო ფართოა და ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ფსიქიკურ მდგომარეობასა და კანის ჯანმრთელობას მოიცავს.
მრავალწლიანი ძალისხმევისა და გლობალური კონსენსუსის შედეგად, ამ მდგომარეობას ახალი სახელი – პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი, ანუ PMOS-ი ეწოდა. სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ეს ცვლილება თანამედროვე მედიცინის ისტორიაში ქალთა ჯანმრთელობის ნომენკლატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარდატეხად ითვლება.
რა იყო სინამდვილეში არასწორი ძველ სახელში
სახელწოდების ცვლილების მნიშვნელობის გასააზრებლად, PMOS-ის (ყოფილი PCOS) ბუნების სიღრმისეული გაგება აუცილებელია.
ეს მდგომარეობა ჰორმონალური დარღვევების ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციას წარმოადგენს. ყველაფერი ინსულინრეზისტენტობით იწყება, რომელიც პაციენტების 85%-ში (მათ შორის გამხდარ ქალებშიც) ვლინდება. ეს დისბალანსი ორგანიზმს ჭარბი ანდროგენების – „მამაკაცური ჰორმონების“ – გამომუშავებისკენ უბიძგებს, რაც თავის მხრივ აკნესა და ჭარბთმიანობას იწვევს. პარალელურად, თავის ტვინიდან მომავალი ჰორმონალური სიგნალები ირევა, რაც ოვულაციის ბუნებრივ ციკლს აჩერებს. სწორედ ამ შეფერხების გამო, საკვერცხეებში მცირე ზომის, მოუმწიფებელი ფოლიკულები გროვდება. ულტრაბგერით კვლევაზე გამოჩენილი ეს სურათი, რომელსაც შეცდომით ცისტებად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში მხოლოდ განვითარების გზაზე შეჩერებული ფოლიკულებია.
რეპროდუქციული სისტემის მიღმა, PMOS-ის მქონე პირები ტიპი 2 დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, ქოლესტერინის პათოლოგიური დონისა და ძილის აპნოეს მომატებული რისკის წინაშე დგანან. სტატისტიკა კიდევ უფრო საგანგაშო სურათს ხატავს: ჯანმრთელ ქალებთან შედარებით, ამ სინდრომის დროს ინფარქტის რისკი 150%-ით, ინსულტის ალბათობა კი 71%-ით იზრდება. ფიზიკურ სიმპტომებს თან ხშირად ფსიქოლოგიური წნეხიც – დეპრესია, შფოთვა და კვებითი დარღვევები – ერთვის.
სამწუხაროდ, ძველი ტერმინი „პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი“ ამ კომპლექსურ საფრთხეებზე საერთოდ არ მიანიშნებდა.
სახელწოდება, რომელიც მხოლოდ ერთ ორგანოსა და ერთ ვიწრო პათოლოგიაზე იყო ფოკუსირებული, რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავდა. ეს მცდარი აქცენტი პაციენტებში დაბნეულობას, კლინიცისტებში კი მეტაბოლური პრობლემების იგნორირებას იწვევდა. მკვლევარებს დაფინანსების მოპოვებაც კი უჭირდათ, რადგან სახელი მეცნიერულ წრეებში ზედაპირული და ლოკალიზებული დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავად პაციენტებისთვის კი ეს ტერმინი დამატებითი სტრესის წყაროს წარმოადგენდა, რადგან აქცენტს მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციაზე აკეთებდა (განსაკუთრებით იმ კულტურებში, სადაც ფერტილობას გადამწყვეტი სოციალური მნიშვნელობა ენიჭება).
რატომ ვერ შეიცვალა სახელი აქამდე?
სახელწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები ახალი აღმოჩენა არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2012 წელს, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) სახელის შეცვლის შესახებ ოფიციალური რეკომენდაცია გასცა. ექსპერტები, პაციენტთა ჯგუფები და მკვლევარები წლების განმავლობაში ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ არსებული ტერმინი არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სახელის შეცვლა მარტივი ჩანდა, გლობალური მასშტაბის სამედიცინო ტერმინის ტრანსფორმაცია რეალურად დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ადრეული მცდელობები საერთაშორისო კოორდინაციის, ერთიანი სტრატეგიისა და ფართო ჩართულობის არარსებობის გამო ჩაიშალა.
პროცესს განსაკუთრებით ახალი სახელწოდების შერჩევის კრიტერიუმები ართულებდა, რადგან იგი მეცნიერულ სიზუსტესთან ერთად კულტურულად მისაღებიც უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთ სერიოზულ ვარიანტად „ენდოკრინული მეტაბოლური ოვულატორული სინდრომი“ (Endocrine Metabolic Ovulatory Syndrome) მიიჩნეოდა. ეს ტერმინი დაავადების სამ ძირითად ასპექტს – ჰორმონებს, მეტაბოლიზმსა და ოვულაციას – იდეალურად აერთიანებდა. თუმცა, მისი აბრევიატურა – EMOS – ახალგაზრდულ სუბკულტურასთან თანხვედრის გამო დაიწუნეს. სპეციალისტების აზრით, ასეთი მსგავსება დიაგნოზის სამეცნიერო ავტორიტეტს შელახავდა და საძიებო სისტემებში ინფორმაციის მოძიებას გაართულებდა. სწორედ ასეთი კულტურული და ტექნიკური ბარიერების გამო, წინა მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.
როგორ შეირჩა PMOS?
ამჟამინდელმა წარმატებამ წინა მცდელობებს მასშტაბითა და მეცნიერული სიმკაცრით აჯობა. მონაშის უნივერსიტეტის, Verity-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თაოსნობით, ინიციატივამ მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პაციენტი და სპეციალისტი გააერთიანა.
პროცესი რამდენიმე ფუნდამენტურ ეტაპს მოიცავდა. მრავალენოვანი გლობალური გამოკითხვის შედეგად, 14,000-ზე მეტი ადამიანის მოსაზრება შეგროვდა. პარალელურად, საერთაშორისო ონლაინ ვორქშოპებში სხვადასხვა კონტინენტისა და დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პაციენტები აქ მხოლოდ კონსულტანტები არ ყოფილან – ისინი პროცესის მართვის ყველა საფეხურს ხელმძღვანელობდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა სტიგმის აღმოფხვრა, სპეციალისტებისთვის კი მეცნიერული სიზუსტე იყო.
ახალი სახელის შესარჩევად მარკეტინგულმა სააგენტომ კულტურული და ენობრივი ანალიზი ჩაატარა. საბოლოო გადაწყვეტილება ოთხ პრინციპს: სიზუსტეს, სიმარტივეს, სტიგმისგან გათავისუფლებასა და კულტურულ შესაბამისობას დაეფუძნა.
ამგვარად ჩამოყალიბდა პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი (PMOS), რომელსაც მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
რას ნიშნავს სინამდვილეში ახალი სახელი?
ახალი სახელწოდების თითოეული კომპონენტის განხილვა ამ მდგომარეობის ნამდვილი ბუნების გააზრებაში გვეხმარება:
ტერმინი პოლიენდოკრინული მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება ერთდროულად სხვადასხვა ჰორმონალურ რგოლს აზიანებს. ეს მდგომარეობა მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანოს ლოკალურ დარღვევას არ წარმოადგენს. იგი თავის ტვინსა და საკვერცხეებს შორის არსებული საკომუნიკაციო ჯაჭვის რღვევას, ანდროგენული ჰორმონების ჭარბ წარმოებასა და ინსულინის ცვლის მოშლას ერთიან სისტემაში აქცევს. სამეცნიერო მტკიცებულებები ასევე ადასტურებს, რომ PMOS-ს პოლიგენური ბუნება აქვს, რაც მრავალი სხვადასხვა გენის კომბინირებული მოქმედებით აიხსნება.
მეტაბოლური იმ უმნიშვნელოვანეს მხარეს წარმოაჩენს, რომელსაც ძველი სახელი საერთოდ არ ახსენებდა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ამ სინდრომის მხოლოდ თანმდევი ეფექტი კი არა, მისი ცენტრალური ღერძია. ინსულინრეზისტენტობა პირდაპირ კავშირშია ანდროგენების დონის მატებასთან, ხოლო მუცლის არეში ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება დაავადების მიმდინარეობას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამ მეტაბოლური ჯაჭვის გამო, გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული საფრთხეები ამ მდგომარეობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა.
საკვერცხის კომპონენტი ადასტურებს, რომ ორგანო პროცესში ჩართულია, თუმცა არა ცისტების სახით. აქ მთავარი პრობლემა ფოლიკულების არასწორი განვითარება და ოვულაციის დარღვევაა. სწორედ ეს დისფუნქცია იწვევს ციკლის არევასა და ექოსკოპიაზე იმ სპეციფიკურ სურათს, რომელსაც შეცდომით „პოლიკისტოზური“ ეწოდა.
რაც შეეხება ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა აკნე, თმის ცვენა თუ ფსიქოემოციური სირთულეები, ისინი პაციენტთა კეთილდღეობისთვის კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს. მიუხედავად ამისა, რადგან ეს ნიშნები ჰორმონალური დარღვევების მეორად გამოვლინებებს წარმოადგენს, სპეციალისტებმა მათი სახელწოდებაში ცალკე ასახვა აუცილებლად აღარ მიიჩნიეს.
რა იქნება შემდეგ
სახელის შეცვლა მხოლოდ პროცესის საწყისი ეტაპია, რასაც სამწლიანი და რვა საფეხურისგან შემდგარი გლობალური დანერგვის სტრატეგია მოჰყვება.
ეს გეგმა მრავალმხრივ სისტემურ ცვლილებებს მოიცავს. პაციენტებისა და კლინიცისტებისთვის საგანმანათლებლო მასალები სხვადასხვა ენაზე მუშავდება, ხოლო ახალი ტერმინოლოგია ელექტრონულ ჩანაწერებსა და სამედიცინო კოდირების სისტემებში ინტეგრირდება. პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ახალი დასახელება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (ICD) აისახოს. პროცესში სამეცნიერო ჟურნალები, ფარმაცევტული კომპანიები და უნივერსიტეტებიც მონაწილეობენ, რაც სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების განახლებას განაპირობებს. PCOS-ის საერთაშორისო გაიდლაინი, რომელიც ამჟამად 195 ქვეყანაში გამოიყენება, ახალი ტერმინოლოგიით 2028 წლისთვის განახლდება.
მიუხედავად მასშტაბურობისა, მკვლევარები პროცესის გარკვეულ შეზღუდვებსაც აღიარებენ. აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რეგიონის ჩართულობა იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავიდან იგეგმებოდა. ასევე, შერჩევის არაშემთხვევითი პრინციპი სუბიექტურობის გარკვეულ რისკს წარმოშობდა. თუმცა, რადგან სხვადასხვა რეგიონიდან მიღებული მონაცემები ერთმანეთს მნიშვნელოვნად დაემთხვა, მიღებულ შედეგს მყარი გლობალური ვალიდურობა გააჩნია.
ახალი ეტაპის დასაწყისი
170 მილიონზე მეტი ადამიანი წლების განმავლობაში ისეთი დიაგნოზით ცხოვრობდა, რომლის დასახელებაც რეალურ პრობლემებს უფრო მეტად ნიღბავდა, ვიდრე ხსნიდა. ბევრი პაციენტისთვის დიაგნოზის დასმის პროცესი გაურკვევლობითა და უგულებელყოფილი სიმპტომებით იყო სავსე, რაც მათ გრძელვადიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხგაუცემელს ტოვებდა.
რა თქმა უნდა, PCOS-ის PMOS-ად გარდაქმნა დაავადებას ავტომატურად ვერ განკურნავს. ეს ცვლილება მყისიერად ვერც დაგვიანებულ დიაგნოსტიკას გამოასწორებს და ვერც მეტაბოლურ თუ ფსიქოლოგიურ სირთულეებს გააქრობს. თუმცა, ეს არის ფუნდამენტური წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც სამედიცინო ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ კონსენსუსს ეყრდნობა.
ეს ტრანსფორმაცია იმის ნიშანია, რომ სამედიცინო სფერო მზად არის, მეცნიერული პროგრესის შესაბამისად ტერმინოლოგია განაახლოს. ახალი სახელწოდება პაციენტებს, ექიმებსა და მკვლევარებს ამ გავრცელებული ჰორმონალური დარღვევის აღსაქმელად გაცილებით სამართლიან და ზუსტ საფუძველს უქმნის.
მდგომარეობამ ახალი სახელი უკვე მიიღო, მისი არსის გათვალისწინებით მუშაობისა და მკურნალობის ახალი ეტაპი კი მხოლოდ ახლა იწყება.
წყარო: The Lancet

