უკვე რა ხანია სმარტფონებმა, მოზარდების ყველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილი დაიკავეს. თანამედროვე თაობისთვის ტელეფონი მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება აღარ არის. ის სოციალური ურთიერთობების, განათლების, გართობისა და თვითიდენტიფიკაციის სივრცედაა გარდაქმნილი. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მშობლების გონებაში მრავალ კითხვისნიშანს ბადებს, ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: რა გავლენას ახდენს ღამის საათებში სმარტფონის გამოყენება მოზარდების ძილზე, ტვინის განვითარებასა და ზოგად ჯანმრთელობაზე? სწორედ ამ საკითხს შეეხო ახალი კვლევა, რომელიც JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა და რომელიც დაფუძნებულია მეორე, ფართომასშტაბიან Adolescent Brain Cognitive Development (ABCD) Study კვლევაზე-ზე.
კვლევის ავტორები კალიფორნიის უნივერსიტეტის, სან-ფრანცისკოს, სიეტლის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტისა და სხვა წამყვანი სამეცნიერო ცენტრების სპეციალისტები არიან. მათ მიზნად დაისახეს შეესწავლათ, რამდენად ხშირად იყენებენ მოზარდები სმარტფონებს სასწავლო დღის ღამის საატებში და რომელი აპლიკაციებია ყველაზე მეტად დაკავშირებული ღამის აქტივობასთან. კვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ ეყრდნობოდა მხოლოდ თვითშეფასებას ან გამოკითხვებს, მეცნიერებმა „passive sensing“ ტექნოლოგია გამოიყენეს, რაც გულისხმობს ტელეფონიდან ავტომატურად შეგროვებულ მონაცემებს. ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს ცდომილებას, რადგან მონაწილეებს აღარ უწევთ საკუთარი ქცევის გახსენება ან შეფასება.
უკვე წლებია, პედიატრიული და ძილის მედიცინის ორგანიზაციები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ძილის წინ ეკრანთან გატარებულმა დრომ შესაძლოა მოზარდის ბიოლოგიური რიტმი დაარღვიოს. ამერიკის პედიატრიის აკადემია და ძილის ეროვნული ფონდი რეკომენდაციას იძლევიან, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა ძილის წინ თავი აარიდონ ციფრული მოწყობილობების გამოყენებას, რადგან ისინი ძილს აყოვნებენ, ამცირებენ მისი ხანგრძლივობას და აუარესებენ ხარისხს. ახალი კვლევა სწორედ ამ რეკომენდაციების რეალურ საფუძველს ამყარებს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სასწავლო დღეების ღამეებში მოზარდები საშუალოდ 50.1 წუთს ატარებდნენ სმარტფონზე საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდში. განსაკუთრებით საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ კვლევაში მონაწილე 657 მოზარდიდან 52.1% მინიმუმ ერთხელ მაინც იყენებდა ტელეფონს შუაღამიდან დილის 4 საათამდე პერიოდში, რაც უკვე ნორმალური ძილის ციკლის პირდაპირ დარღვევაზე მიუთითებს. ღამის საათებში გამოყენებული აპლიკაციების დაახლოებით 65%-ზე მეტი სოციალური მედიისა და ვიდეოპლატფორმების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ყველაზე ხშირად გამოყენებულ აპებს შორის იყო Instagram, TikTok, YouTube და სხვადასხვა სტრიმინგ-სერვისი, როგორიცაა Netflix და Disney+. საშუალოდ მოზარდები სოციალური მედიის აპლიკაციებში ატარებდნენ 32.7 წუთს ღამეში, გასართობ და სტრიმინგ პლატფორმებზე — 8.5 წუთს, ხოლო მობილურ თამაშებზე — დაახლოებით 7.6 წუთს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ასეთი აქტივობა შესაძლოა პირდაპირ უკავშირდებოდეს ძილის გადადებას, მისი ხანგრძლივობის შემცირებასა და ხარისხის გაუარესებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 13-18 წლის ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებულია ყოველ ღამეში 8-10 საათიანი ძილი.
ძილი კი მოზარდის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ძილის დროს მიმდინარეობს მეხსიერების განმტკიცება, ემოციური რეგულაცია, ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნება და ტვინის ნორმალური განვითარება. როდესაც მოზარდი რეგულარულად ვერ იღებს საკმარის ძილს, იზრდება დეპრესიის, შფოთვის, გაღიზიანებადობის, ყურადღების დეფიციტისა და აკადემიური პრობლემების რისკი. ბოლო წლებში ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ უკვე დააკავშირა ეკრანის გადაჭარბებული გამოყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან, ხოლო ახალი კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ პრობლემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ღამის საათებში სმარტფონის აქტიურობაა.
კვლევის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი იყო სოციალური და დემოგრაფიული განსხვავებების ანალიზი. მეცნიერების დაკვირვრბით, სმარტფონის გამოყენების სიხშირე გარკვეულწილად განსხვავდებოდა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, სქესისა და ცხოვრების სტილის მიხედვით. ეს მიუთითებს, რომ ტექნოლოგიების გავლენა ერთგვაროვანი არ არის და მასზე მოქმედებს გარემო, ოჯახური ჩვევები, სოციალური ზეწოლა და ფსიქოლოგიური ფაქტორებიც.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თანამედროვე სმარტფონები სპეციალურადაა შექმნილი მომხმარებლის ყურადღების შესანარჩუნებლად. სოციალური მედიის ალგორითმები, ვიდეოების ავტომატური ჩართვა, შეტყობინებების მუდმივი ნაკადი და ე.წ. „დოფამინური მექანიზმები“ ტვინში ქმნის მუდმივი ჩართულობის მოთხოვნილებას. მოზარდის ტვინი კი, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ასეთი სტიმულაციის მიმართ. სწორედ ამიტომ, მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ციფრული ჰიგიენის აუცილებლობაზე.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პრობლემა მხოლოდ ეკრანის ლურჯი სინათლე არ არის. წარსულში ყურადღება ძირითადად მელატონინის სეკრეციის შეფერხებაზე კეთდებოდა, თუმცა თანამედროვე მონაცემები აჩვენებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური და კოგნიტიური აქტივაციაც. როდესაც მოზარდი ღამით სოციალურ ქსელში აქტიურად ერთვება, უყურებს ვიდეოებს ან მონაწილეობს ონლაინ საუბრებში, მისი ტვინი პრაქტიკულად ვერ გადადის დასვენების რეჟიმში.
ABCD Study მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევითი პროექტია, რომელიც მოზარდის ტვინის განვითარებას სწავლობს. მასში ათასობით ბავშვი და მოზარდი მონაწილეობს, ხოლო მეცნიერები აკვირდებიან მათ ქცევას, ნეირობიოლოგიურ ცვლილებებს, გარემო ფაქტორებსა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტს. სწორედ ამიტომ, ამ კვლევის შედეგები განსაკუთრებით სანდოდ მიიჩნევა, რადგან ის ეფუძნება დიდ პოპულაციასა და თანამედროვე მონაცემთა ანალიზის მეთოდებს.
მკვლევართა აზრით, პრობლემის გადაჭრისთვის მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევა საკმარისი არ იქნება. აუცილებელია მშობლების, სკოლებისა და ჯანდაცვის სისტემის ჩართულობაც. სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ მოზარდებმა ძილის წინ მინიმუმ ერთი საათით ადრე შეწყვიტონ სმარტფონის გამოყენება, ხოლო ტელეფონი ღამის განმავლობაში საძინებლის გარეთ დატოვონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებში არსებობდეს მკაფიო წესები ციფრული მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით.
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია და არც არის მიზანშეწონილი. სმარტფონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განათლებაში, კომუნიკაციასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში. თუმცა, კვლევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად საჭიროა მისი გავლენის გააზრებაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებისა და მოზარდების ტვინის განვითარებას ეხება.
ახალი კვლევის მთავარი გზავნილი საკმაოდ ნათელია: ღამის საათებში სმარტფონის ინტენსიური გამოყენება მხოლოდ უწყინარი ჩვევა არ არის. ის შესაძლოა პირდაპირ აისახებოდეს ძილის ხარისხზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კონცენტრაციასა და მოზარდის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ციფრული ჰიგიენა მომავალი ათწლეულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობის თემად იქცევა.

