კვლევა: ქალები გენეტიკურად მამაკაცებზე ემპათიურები არ არიან

გააზიარე

წლების განმავლობაში არსებული სტერეოტიპი, რომ ქალები ბუნებით უფრო ემპათიურები არიან, ვიდრე მამაკაცები, სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება. აღმოჩნდა, რომ ემპათია არა თანდაყოლილი და უცვლელი თვისება, არამედ სოციალური გარემოსა და აღზრდის შედეგად ჩამოყალიბებული უნარია.

გენეტიკური კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის ემპათიურობის ხარისხში გენები მხოლოდ 10%-იან როლს თამაშობენ. რაც მთავარია, მეცნიერებმა ვერ იპოვეს „ემპათიის გენი“, რომელიც ადამიანის სქესზე იქნებოდა დამოკიდებული. 

განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის ძირითადად ბავშვობიდან ჩნდება, როდესაც გოგონებს მზრუნველობისა და ემოციების გამოხატვისკენ მოუწოდებენ, ბიჭებს კი – სიმტკიცისა და ემოციების შეკავებისკენ.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ემპათია ძალიან მოქნილი თვისებაა. მაგალითად, როდესაც მამაკაცებს კვლევაში მონაწილეობისთვის ფულად ჯილდოს სთავაზობდნენ ან ეუბნებოდნენ, რომ ემპათიურობა წარმატების მომტანია, მათი მაჩვენებლები ქალებისას უთანაბრდებოდა. 

ექსპერიმენტის ეს მიგნებები ნიშნავს, რომ ემპათიის გამოვლენა ხშირად მოტივაციაზეა დამოკიდებული, ადამიანები მაშინ არიან უფრო ემპათიურები, როცა გრძნობენ, რომ ამას მათგან საზოგადოება მოელის ან ამისთვის გარკვეულ აღიარებას მიიღებენ.

ამ მითების მსხვრევა ორივე სქესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან არსებული სტერეოტიპები კარიერულ და პიროვნული განვითარებაში ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.

ქალების შემთხვევაში, მათ „ბუნებრივ“ ემპათიურობაზე გადაჭარბებული აქცენტი ხშირად „რბილ“ თვისებად აღიქმება, რაც მათ ძლიერ ლიდერებად აღქმას ქვეცნობიერად ხელს უშლის, რადგან საზოგადოებაში ჯერ კიდევ გაბატონებულია აზრი, რომ ხელმძღვანელი მხოლოდ დომინანტი და მკაცრი უნდა იყოს. 

მამაკაცებისთვის კი ემოციური ჩაკეტილობის მავნე სტერეოტიპი კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანია: როდესაც მათ ბავშვობიდანვე ემოციების შეკავებას აჩვევენ, ეს სოციალური იზოლაციისა და მარტოობის განცდის რისკს ზრდის, რაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.

სამეცნიერო დასკვნა ცალსახაა, ემპათია არ არის სტატიკური მოცემულობა ან მხოლოდ ერთი სქესისთვის დამახასიათებელი ინსტინქტი, ეს არის დასწავლადი უნარი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვითარდება.

წყარო: BBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები