დღეს, 16 მაისს, მსოფლიო ცელიაკიის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღს ტრადიციულად უერთდება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ცელიაკიის ეროვნულ ასოციაციას — ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხე წელია აქტიურად მუშაობს ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე.
ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც გლუტენის (ცილა, რომელიც შედის ხორბალში, ქერში, ჭვავსა და მათგან წარმოებულ პროდუქტებში) მიღება იწვევს წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას. ეს პროცესი ხელს უშლის ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების ნორმალურ ათვისებას, რასაც დროთა განმავლობაში სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებამდე მივყავართ.
დაავადების სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს (მუცლის ტკივილი, შებერილობა, ქრონიკული ფაღარათი), ისე არასპეციფიკურ ნიშნებს — ქრონიკულ დაღლილობას, წონაში კლებას, ანემიასა და გამონაყარს კანზე. ხშირად, არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო, პაცინტები წლების განმავლობაში ცხოვრობენ ზუსტი დიაგნოზის გარეშე, რაც ზრდის გართულებების რისკს.
დღეისათვის ცელიაკიის მკურნალობისა და მართვის ერთადერთი ეფექტური გზა მკაცრი, უგლუტენო დიეტის უვადოდ დაცვაა. სწორედ ამიტომ, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი და ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია ხაზს უსვამენ ადრეული დიაგნოსტიკის, პროფესიონალური სამედიცინო მეთვალყურეობისა და ქვეყანაში უგლუტენო პროდუქტების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.
ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებასა და ჯანდაცვის სექტორს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ცელიაკიის მქონე ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან, და ხელი შეუწყოს მათთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას.
წყარო: Celiac.org

