ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 30 მაისს ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია მოეწყობა. საქველმოქმედო ინიციატივა სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
აქციის ფარგლებში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში პატარა პაციენტებს კონსულტაციებს ქვეყნის წამყვანი და ყველასთვის ნაცნობი ექიმ-სპეციალისტები სრულიად უსასყიდლოდ გაუწევენ. მათ შორის იქნებიან ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრები ივანე ჩხაიძე და თემურ მიქელაძე, ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე და სხვადასხვა პროფილის (ნევროლოგია, ორთოპედია, უროლოგია, ოფთალმოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია) წამყვანი სპეციალისტები.
სამედიცინო აქცია ჩატარდება სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას I შესახვევი #2). ვიზიტზე წინასწარ ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე: +995 593 191 957.

