პრეპარატების ახალი კომბინაცია ფილტვის კიბოთი სიკვდილის რისკს 58%-ით ამცირებს

გააზიარე

მადრიდში, ESMO-ს კონგრესზე წარდგენილი ახალი მონაცემებით, Amgen-ის პრეპარატ Imdelltra-სა და AstraZeneca-ს იმუნოთერაპია Imfinzi-ს ერთობლივი გამოყენება შორსწასული წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს სიკვდილიანობის რისკს 58%-ით ამცირებს.

კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ორივე პრეპარატით მკურნალობისას პაციენტების გადარჩენადობის საშუალო მაჩვენებელი 21.1 თვემდე გაიზარდა. შედარებისთვის, მხოლოდ Imfinzi-თ (სტანდარტული თერაპია) მკურნალობისას პაციენტები საშუალოდ 12.7 თვეს ცოცხლობდნენ. ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ, კომბინირებულ თერაპიაზე მყოფი პაციენტების თითქმის 80% ცოცხალი დარჩა, მონოთერაპიის ჯგუფში კი გადარჩენადობამ მხოლოდ 53% შეადგინა.

ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო უკიდურესად აგრესიულად მიმდინარეობს. ახალი კომბინაცია ორმაგი მექანიზმით მუშაობს: ბისპეციფიკური ანტისხეული Imdelltra იმუნური სისტემის T-უჯრედებს პირდაპირ სიმსივნურ უჯრედებთან აკავშირებს და მათ ანადგურებს, პარალელურად კი Imfinzi სიმსივნეს იმუნური თავდასხმისგან დამალვის საშუალებას უსპობს.

კვლევის სრული შედეგები, რომელიც 563 პაციენტს აერთიანებს, სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. მონაცემების მიხედვით, სერიოზული გვერდითი მოვლენები (მათ შორის ლეიკოციტების ვარდნა) კომბინირებული თერაპიის ჯგუფში პაციენტთა 20.9%-ს განუვითარდა (მონოთერაპიისას — 10.8%-ს). ამასთან, Imdelltra-ს მიმღებთა თითქმის ნახევარს (49.6%) ციტოკინური შტორმი (აგრესიული ანთებითი რეაქცია) დაეწყო, თუმცა მძიმე ფორმა მხოლოდ ერთ პაციენტთან დაფიქსირდა და ლეტალური შედეგი არ გამოუწვევია.

„რაც უფრო ადრე ვიწყებთ Imdelltra-თი მკურნალობას, მით უფრო დიდ კლინიკურ სარგებელს ვიღებთ. მსგავსი შედეგი შორსწასული წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს თერაპიაში აქამდე არ დაფიქსირებულა,“ — აღნიშნავს Amgen-ის მთავარი სამედიცინო ოფიცერი პოლ ბარტონი.

წყარო: Reuters

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები