ავსტრალიაში დიფტერიის ეპიდაფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

გააზიარე

ავსტრალია ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიფტერიის ყველაზე მასშტაბურ ეპიდაფეთქებას ებრძვის. ინფექციის გავრცელება 2025 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო 2026 წლის მარტში, ინფიცირების შემთხვევების საგანგაშო ზრდის ფონზე, ჩრდილოეთ ტერიტორიის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ოფიციალურად გამოაცხადა ეპიდემია. მოგვიანებით დაავადება ჩრდილოეთ ტერიტორიის გარდა, კუინსლენდსა და ავსტრალიის სამხრეთ რეგიონებშიც დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მინისტრ სტივ ეჯინგტონის განცხადებით, ბოლო კვირების მონაცემებით, დაავადების ინციდენტობა შემცირდა. კერძოდ, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მხოლოდ ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ეპიდემიის პიკურ ეტაპზე აღნიშნული მაჩვენებელი კვირაში 22 შემთხვევას აღწევდა. ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე დიფტერიის სულ 163 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 115 კანის ფორმას, ხოლო 48 — რესპირატორულ ფორმას მიეკუთვნება, რომელიც კლინიკურად უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.

ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ 2018 წლის შემდეგ დიფტერიით გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევაც დაადასტურა. მამაკაცი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში Royal Darwin Hospital-ში გარდაიცვალა, ინფექციის ტოქსიკურ ფორმას ემსხვერპლა. შესაბამისი დიაგნოზი დადასტურდა  ლაბორატორიაში ჩატარებული პათოლოგიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის საფუძველზე.

დიფტერია მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც Corynebacterium diphtheriae იწვევს. დაავადების პათოგენეზში გადამწყვეტ როლს ასრულებს ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ეგზოტოქსინი, რომელიც უჯრედული ცილის სინთეზის ინჰიბირების გზით ქსოვილთა დაზიანებასა და სისტემური გართულებების განვითარებას განაპირობებს. ინფექცია ძირითადად ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის ხველისა და ცემინების შედეგად წარმოქმნილი რესპირატორული წვეთებით, აგრეთვე ინფიცირებულის პირად ნივთებთან კონტაქტის გზით.

კლინიკური სიმპტომები, როგორც წესი, ინფიცირებიდან 2–5 დღის (იშვიათად 10 დღის)  განმავლობაში ვლინდება და მოიცავს ცხელებას, ყელის ტკივილს, კისრის ლიმფური კვანძების გადიდებას, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებას, ასევე ყელის, ცხვირისა და ენის უკანა ზედაპირზე სქელი მონაცრისფრო-მოთეთრო  ნადების ფორმირებას. კანის დიფტერია შეიძლება გამოწვეული იყოს C. diphtheriae-ის ტოქსიგენური ან არატოქსიკური შტამებით და პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ ჩირქოვანი ბუშტუკები და წყლულოვანი დაზიანებები, რომლებიც ჰიპერემიული და ანთებითი ქსოვილითაა გარშემორტყმული.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ზოგიერთ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, დიფტერია პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციად რჩება. ბაქტერიული ტოქსინი შესაძლოა გავრცელდეს მთელ ორგანიზმში და გამოიწვიოს მიოკარდიტი, ნევროლოგიური დაზიანებები, თირკმლის ფუნქციის დარღვევა და პოლიორგანული გართულებები. ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს არავაქცინირებული ბავშვები წარმოადგენენ.

დიფტერიის პრევენციის ყველაზე ეფექტიან მეთოდად ვაქცინაცია მიიჩნევა. იმუნიზაცია ადრეული ბავშვობიდან იწყება და საქართველოში ეროვნული კალენდრის მიხედვით 2 თვის ასაკიდან ტარდება. იმის გამო, რომ დროთა განმავლობაში ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტი სუსტდება, აუცილებელია ბუსტერული დოზების ადმინისტრირება. 14 წლის ასაკის შემდეგ დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველ 10 წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული 55 წლის ასაკამდე. თანამედროვე ვაქცინები მაღალი ეფექტიანობითა და უსაფრთხოების პროფილით ხასიათდება.

ეპიდაფეთქების კონტროლის მიზნით, ავსტრალიის ჯანდაცვის უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ აბორიგენულ ორგანიზაციებთან, რადგან დადასტურებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ პოპულაციაში ფიქსირდება. იმუნიზაციის დაფარვის გასაზრდელად ჩრდილოეთ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მხოლოდ ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ვაქცინა იქნა გამოყენებული.

ოფიციალური პირების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ეტაპობრივად სტაბილურდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება და ეპიდზედამხედველობის გაძლიერება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის ხელახალი გავრცელება და პათოგენის ცირკულაციის ზრდა ავსტრალიის სხვა რეგიონებშიც.

წყარო: independent.co.uk

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები