ისტორიული პრეცედენტი პრეციზიულ მედიცინაში: მეცნიერებმა ჩვილის ტვინში დაკარგული გენის ფუნქციური ასლი შეიყვანეს

გააზიარე

თანამედროვე ტრანსლაციური მედიცინა იშვიათი ნეიროგენეტიკური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადადის. ისრაელში, Clalit-Schneider Children’s Medical Center-ში, განხორციელდა უპრეცედენტო ექსპერიმენტულ-კლინიკური ინტერვენცია: რვა თვის პაციენტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიზნობრივი ნეიროქირურგიული პროცედურის გზით WWOX-ის გენის ფუნქციური ასლი შეუყვანეს. აღნიშნული შემთხვევა პერსონალიზებული გენური თერაპიის განვითარების ახალ ეტაპსა და იშვიათი, სიცოცხლისთვის საშიში ნეიროგენეტიკური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს წინსვლას წარმოადგენს.

პაციენტი დაბადებისას კლინიკურად ჯანმრთელი იყო, თუმცა სიცოცხლის მეექვსე კვირიდან განუვითარდა მძიმე, პროგრესირებადი ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც ვლინდებოდა რეფრაქტერული ეპილეფსიური გულყრებითა და ნეიროგანვითარებითი შეფერხებით. მოლეკულურ-გენეტიკურმა კვლევებმა გამოავლინა WWOX გენის იშვიათი მემკვიდრეობითი მუტაცია, რომელიც WOREE სინდრომის (WWOX-related epileptic encephalopathy) გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. აღნიშნული პათოლოგია ხასიათდება მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ეპილეფსიის განვითარებით, მძიმე კოგნიტური და მოტორული ფუნქციების დარღვევებით, მიელინიზაციის დეფექტებითა და მაღალი ლეტალობის რისკით. აქამდე WOREE სინდრომი განუკურნებელ პათოლოგიად მიიჩნეოდა და მისი მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურ მართვაზე იყო ორიენტირებული.

გენური თერაპიის პლატფორმის საფუძველს წარმოადგენდა ადენოასოცირებულ ვირუსზე (AAV9) დაფუძნებული გენური ვექტორი, რომლის საშუალებითაც ნეირონებში WWOX გენის ჯანმრთელი ასლის მიწოდება განხორციელდა. ნეიროქირურგ დოქტორ იდო ბენ ზვის მიერ ჩატარებული პროცედურა მოითხოვდა გენური კონსტრუქტის ულტრაზუსტ შეყვანას თავის ტვინის სამიზნე უბნებში. აღნიშნული მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი საშუალებას იძლევა გადალახულ იქნას გენური თერაპიის ერთ-ერთი მთავარი ბიოლოგიური ბარიერი — ჰემატოენცეფალური ბარიერი, რომელიც მრავალი თერაპიული აგენტის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევას ზღუდავს.

პროექტი წარმოადგენს საერთაშორისო მულტიდისციპლინური თანამშრომლობის შედეგს და ეფუძნება იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის რამი აკეილანის მრავალწლიან ფუნდამენტურ კვლევებს. ტექნოლოგიის კლინიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Mahzi Therapeutics-მა, რომელმაც უზრუნველყო კლინიკური ხარისხის გენური ვექტორის წარმოება და მარეგულირებელი პროცესების მართვა. კლინიკურ მართვაში აქტიურად იყვნენ ჩართული დოქტორი ნაამა ორენშტეინი და დოქტორი დრორ კრაუსი. თერაპია განხორციელდა compassionate use-ის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ეთიკური და მარეგულირებელი ნებართვების მიღების შემდეგ.

მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და არ დაფიქსირებულა მძიმე ეპილეფსიური გულყრების რეციდივი, რომლებიც მანამდე მის სიცოცხლესა და ნეიროგანვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის სრულფასოვანი შეფასებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი კლინიკური დაკვირვება, მიღებული შედეგები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნეიროგენეტიკური მედიცინის სფეროში.

აღნიშნული კლინიკური შემთხვევა ნათლად ასახავს, თუ როგორ შეიძლება ფუნდამენტური გენეტიკური კვლევების ტრანსფორმაცია რეალურ თერაპიულ ინტერვენციად. ეს მიღწევა არა მხოლოდ WOREE სინდრომის, არამედ სხვა მონოგენური ნევროლოგიური დაავადებების სამომავლო მკურნალობის პერსპექტივებსაც აფართოებს.

წყარო: news-medical.net

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები