back to top

ნეკროპტოზზე დაფუძნებული იმუნოთერაპია: ეფექტური ანტისიმსივნური პასუხის სტიმულირება სისხლის კიბოს წინააღმდეგ

გააზიარე

პასტერის ინსტიტუტისა და Inserm-ის მეცნიერებმა, პრეკლინიკურ მოდელზე დაყრდნობით, წარმატებით შეძლეს ეფექტური ანტისიმსივნური იმუნური პასუხის სტიმულირება მომაკვდინებელი B უჯრედების დაპროგრამებით. მათ დაამტკიცეს სამმაგი თერაპიის ეფექტურობა სისხლის კიბოს იმ ფორმების სამკურნალოდ, როგორიცაა B უჯრედებზე მოქმედი ლიმფომები და ლეიკემიები. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Science Advances-ში.

იმუნოთერაპიის მიზანია პაციენტის საკუთარი იმუნური სისტემის უჯრედების გამოყენება სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად. იმუნოთერაპიის ახალი სტრატეგია იყენებს ნეკროპტოზს – უჯრედის სიკვდილის სპეციალურ მექანიზმს. ამ მეთოდით ხელოვნურად იწვევენ დაავადებული (მაგალითად, კიბოს) უჯრედების სიკვდილს, რომელიც აფეთქების მსგავსია. ამ ე.წ “აფეთქების” დროს უჯრედის შიგთავსის გარეთ გამოფრქვევა განგაშის სიგნალს აძლევს იმუნურ სისტემას. ეს სიგნალი ასტიმულირებს და წვრთნის იმგვარად იმუნურ უჯრედებს, რომ მათ გაცილებით ეფექტურად ამოიცნონ და გაანადგურონ მავნე უჯრედები.

ამ პროცესში გამოიყოფა ე.წ. „განგაშის სიგნალები“ – იმუნური მარკერები (ანუ, DAMPs, დაზიანებასთან დაკავშირებული მოლეკულური ნიმუშები). ეს მარკერები სიგნალს აძლევს იმუნურ სისტემას, რომ არსებობს საფრთხე.

გამონთავისუფლებული მარკერების მეშვეობით, იმუნური სისტემა გადის წვრთნას: ის სწავლობს, თუ როგორ ამოიცნოს და გაანადგუროს გაცილებით ეფექტურად მსგავსი მავნე უჯრედები მომავალში. ანუ, ნეკროპტოზი იმუნურ სისტემას აწვდის სასწავლო მასალას, რათა მან თავად მოახდინოს სიმსივნის უჯრედების ტარგეტირება და განადგურება.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ნეკროპტოზზე დაფუძნებული იმუნოთერაპიის ეფექტურობა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების დროს. თავდაპირველად მათ აღმოაჩინეს, რომ ავთვისებიან B უჯრედებში ნეკროპტოზის გამოწვევა რთულია MLKL ცილის არარსებობის გამო.

ამ დაბრკოლების დასაძლევად, მკვლევრებმა კლინიკურ პრაქტიკაში უკვე არსებული სამი მედიკამენტის კომბინაცია გამოიყენეს. პრეკლინიკურ მოდელში დადასტურდა ნეკროპტოზის ინდუქცია და დაფიქსირდა ძლიერი იმუნური პასუხი, რამაც გამოიწვია ლეიკემიის სრული ლიკვიდაცია.

პროფესორი ფილიპ ბუსო, კვლევის ხელმძღვანელი, განმარტავს: “ჩვენ მიერ გამოყენებული სამმაგი თერაპია სიმსივნურ უჯრედებს აიძულებს ისე დაიღუპონ, რომ ეს პროცესი იმუნურ სისტემას ააქტიურებს”.

ინოვაციური ინტრავიტალური ვიზუალიზაციის ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა რეალურ დროში შეძლეს იმუნური და სიმსივნური უჯრედებს ურთიერთქმედების მონიტორინგი. ეს მიდგომა მიანიშნებს პოტენციურად გამოსადეგ სამკურნალო მეთოდზე B უჯრედებზე მოქმედი ლიმფომებისა და ლეიკემიებისთვის.

წყარო: Science Advances

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები