შეუძლია თუ არა ზურგის ტვინის ელექტროსტიმულაციას ინსულტის შედეგად პარალიზებული ხელის ფუნქციის აღდგენა?

გააზიარე

ინსულტი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება და მსოფლიოში სიკვდილიანობისა და ხანგრძლივი ინვალიდობის წამყვან მიზეზებს შორისაა. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს უვითარდება ინსულტი, ხოლო გადარჩენილთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ხარისხის ნევროლოგიური დეფიციტით აგრძელებს ცხოვრებას. განსაკუთრებით ხშირია ზედა კიდურის მოტორული ფუნქციის დარღვევა, რომელიც პაციენტს დამოუკიდებლად კვების, ჩაცმის, ჰიგიენური პროცედურებისა და სხვა ყოველდღიური მოქმედებების შესრულების შესაძლებლობას ართმევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მწვავე ინსულტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ქრონიკული მოტორული დეფიციტის მკურნალობა კვლავ ნევროლოგიისა და რეაბილიტაციის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემად რჩება.

სწორედ ამ მიზეზით დიდი ინტერესი გამოიწვია ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ, რომლის ავტორებმა შეაფასეს, შეუძლია თუ არა ზურგის ტვინის ეპიდურულ ელექტროსტიმულაციას იმ პაციენტებში ზედა კიდურის მოძრაობის გაუმჯობესება, რომლებშიც ინსულტიდან რამდენიმე წელი იყო გასული. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ნერვული სისტემის შესაძლებლობები გაცილებით დიდია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა, და ქრონიკული ინსულტის შემთხვევაშიც შესაძლებელია ისეთი ნერვული ქსელების გააქტიურება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციურად „დუმდნენ“.

ინსულტი და კვლევა

მარცხენა მხრივი ინსულტის შემდეგ თავის ტვინის დაზიანებული უბნები ნორმალური მოტორული იმპულსების გადაცემას ზურგის ტვინისკენ  ვეღარ ახერხებენ. შედეგად, ხელი და თითები ძალას, მოძრაობის სიზუსტესა და კოორდინაციის უნარს კარგავენ. მიუხედავად იმისა, რომ ზურგის ტვინის ქვედა მოტორული ქსელები უმეტეს შემთხვევაში ანატომიურად შენარჩუნებულია, ისინი ვერ იღებენ საკმარის სიგნალებს დაზიანებული ტვინიდან. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული ახალი მეთოდი: თუ ტვინის მიერ გაგზავნილი სუსტი სიგნალი შეიძლება გაძლიერდეს ზურგის ტვინის დონეზე, პაციენტს შესაძლოა კვლავ შეეძლოს ნებაყოფლობითი მოძრაობების შესრულება.

კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების პიტსბურგის უნივერსიტეტში ჩატარდა. მეცნიერებმა შვიდი პაციენტი შეისწავლეს, რომელთაც ინსულტიდან რამდენიმე წელი ჰქონდათ გასული და ზედა კიდურის მძიმე ჰემიპარეზი აღენიშნებოდათ. ყველა მათგანს ორი თხელი ეპიდურული ელექტროდი ჩაუნერგეს ზურგის ტვინში კისრის სეგმენტის დონეზე. ელექტროდები განლაგდა ისე, რომ ელექტრული სტიმულაცია ზუსტად იმ ნერვულ ფესვებს მიეწოდებინა, რომლებიც მხრის, იდაყვის, მაჯისა და თითების მოძრაობას აკონტროლებენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოყენებული მეთოდი არ ცდილობს დაზიანებული ნეირონების „აღდგენას“. ამის ნაცვლად, ელექტროსტიმულაცია ზურგის ტვინის მოტორული ნეირონების აგზნებადობას ზრდის. შედეგად, ტვინიდან მომავალი სუსტი, მაგრამ ჯერ კიდევ არსებული იმპულსები უფრო ეფექტურად აღწევს კუნთებამდე. მარტივად რომ ითქვას, სისტემა როგორც ნერვული სიგნალის გამაძლიერებელი ისე მოქმედებს, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს გამოიყენოს ის ნარჩენი ნერვული კავშირები, რომლებიც ინსულტის შემდეგ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

კვლევის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც ელექტროსტიმულაცია ჩართული იყო, ზედა კიდურის კუნთების ძალა საშუალოდ 32%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მხრის, იდაყვისა და მაჯის მოძრაობების კოორდინაცია, ხოლო ზოგიერთმა მონაწილემ ისეთი მოქმედებების შესრულება შეძლო, რომლებიც ინსულტის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ სამი პაციენტი, რომელთაც ნაწილობრივ შენარჩუნებული ჰქონდათ კორტიკოსპინალური ტრაქტის ფუნქცია, კვლავ ახერხებდა თითებისა და მტევნის მოძრაობას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

გაუმჯობესება მხოლოდ კუნთის ძალას არ შეხებია. ყველა მონაწილეს სპასტიკურობა შეუმცირდა, რომელიც ინსულტის ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი გართულებაა. სპასტიკურობის შემცირება ნიშნავს, რომ კიდური უფრო თავისუფლად მოძრაობს, მცირდება ტკივილი და იზრდება პაციენტის დამოუკიდებლობის ხარისხი. საინტერესოა ისიც, რომ კვლევის განმავლობაში მონაწილეებმა ჯამურად მხოლოდ დაახლოებით 8.6 საათი შეასრულეს აქტიური მოტორული ვარჯიში, რაც გაცილებით ნაკლებია იმ ინტენსიურ რეაბილიტაციასთან შედარებით, რომელიც ჩვეულებრივ საჭიროა მსგავსი შედეგების მისაღწევად. მიუხედავად ამისა, Fugl-Meyer-ის მოტორული შეფასების სკალაზე მონაწილეთა საშუალო გაუმჯობესებამ 6.6 ქულა შეადგინა, რაც კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებად ითვლება.

უსაფრთხოების თვალსაზრისით მიღებული შედეგებიც დამაიმედებელია. ოთხკვირიანი კვლევის განმავლობაში არც ერთ მონაწილეს არ განუვითარდა სერიოზული არასასურველი მოვლენა, რომელიც უშუალოდ ელექტროსტიმულაციასთან იქნებოდა დაკავშირებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეპიდურული ზურგის ტვინის სტიმულაცია უკვე მრავალი წელია გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ, რაც ტექნოლოგიის უსაფრთხოების გარკვეულ გამოცდილებას ქმნის. შესაბამისად, ახალი მიმართულება სრულიად უცნობ პლატფორმას არ ეფუძნება, არამედ უკვე კარგად დამკვიდრებული ნეიროქირურგიული ტექნოლოგიის ახალ გამოყენებას უძებნის.

მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. მასში მხოლოდ შვიდი პაციენტი მონაწილეობდა და კვლევის მთავარი მიზანი ეფექტურობის საბოლოო დადასტურება კი არა, უსაფრთხოებისა და განხორციელებადობის შეფასება იყო. შესაბამისად, ჯერ კიდევ საჭიროა მასშტაბური, რანდომიზებული კლინიკური კვლევები, რომლებშიც ასეულობით პაციენტი იქნება ჩართული. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის თქმა, თუ რამდენად ფართოდ შეიძლება დაინერგოს ეს მეთოდი ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში. მაგრამ თავად ის ფაქტი რომ ამ მიმართულებით მედიცინა მაინც ვითარდება და ნელა მაგრამ მაინც იმდეის მომცემ ამბებს აწვდის პაციენტებს ძლიერ დასაფასებელი რამაა. 

nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები