ახალგაზრდებში, რომლებიც ელექტრონულ ან ტრადიციულ სიგარეტს მოიხმარენ, ფიზიკური გამძლეობა, სისხლძარღვთა ფუნქცია და ფილტვების მუშაობის ეფექტიანობა დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული არამწეველებთან შედარებით. ამის შესახებ ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში ERJ Open Research გამოქვეყნდა.
დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის (Manchester Metropolitan University) მეცნიერებმა შეისწავლეს 18-დან 30 წლამდე ასაკის 75 ჯანმრთელი ახალგაზრდა. ისინი სამ თანაბარ ჯგუფად დაყვეს: არამწეველები, ტრადიციული სიგარეტის მომხმარებლები და ისინი, ვინც დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ვეიპს (ელექტრონულ სიგარეტს) მოიხმარდა. ყველა მონაწილეს ფილტვების ნორმალური ფუნქცია და მსგავსი ცხოვრების წესი ჰქონდა.
სპეციალური სავარჯიშო ტესტების დროს მონაწილეები ველოტრენაჟორზე დატვირთვას ეტაპობრივად, მაქსიმუმამდე ზრდიდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ როგორც მწეველების, ისე ვეიპის მომხმარებლების ორგანიზმი დატვირთვისას 15%-ით ნაკლებ ჟანგბადს ითვისებდა. გარდა ამისა, მათ ფილტვებს უჭირდა ნახშირორჟანგის სრულფასოვნად გამოდევნა, ხოლო კუნთებში რძემჟავა (ლაქტატი) ბევრად უფრო სწრაფად გროვდებოდა. ეს იწვევდა სუნთქვის ძლიერ უკმარისობასა და ფეხების კუნთების სწრაფ გადაღლას ჯანმრთელ თანატოლებთან შედარებით. ამასთანავე, ულტრაბგერითმა და სისხლის ანალიზებმა მათ სისხლძარღვებში ანთებითი პროცესების ნიშნები გამოავლინა.
მეცნიერების განცხადებით, ეს შედეგები ამტკიცებს, რომ ელექტრონულ სიგარეტს ახალგაზრდების ორგანიზმზე ზუსტად ისეთივე უარყოფითი გავლენა აქვს, როგორც ჩვეულებრივ თამბაქოს.
ევროპის რესპირატორული საზოგადოების ექსპერტი, დოქტორი სტამატულა ციკრიკა აღნიშნავს, რომ ელექტრონული სიგარეტი, მართალია, ტრადიციულ თამბაქოზე ნაკლებ კანცეროგენს შეიცავს, მაგრამ მაინც იწვევს გენეტიკურ ცვლილებებს, მათ შორის დნმ-ის დაზიანებასა და ანთებით პროცესებს, რაც ფილტვის კიბოს რისკს ზრდის. სპეციალისტების შეფასებით, ეს მონაცემები მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის და მხარს უჭერს დიდ ბრიტანეთში მიღებულ ახალ კანონმდებლობას (Tobacco and Vapes Act 2026), რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ნიკოტინზე დამოკიდებულების პრევენციასა და რეგულაციების გამკაცრებას.
წყარო: MedicalXpress

