ქართველი მეცნიერების ახალი პუბლიკაცია: ფაგოთერაპიამ ცისტური ფიბროზის დროს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექცია სრულად გაანადგურა

გააზიარე

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Viruses (MDPI) ახალი სტატია გამოქვეყნდა, რომლის თანაავტორებს შორის გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის წარმომადგენლები არიან.

ნაშრომის ავტორები არიან: ლია ნადარეიშვილი, ნატა ნაკაიძე, მარიამ დადიანი, დეა ნიჟარაძე, ელისაბედ ზალდასტანიშვილი, ნანა ბალარჯიშვილი, ლიკა ლეშკაშელი და მზია ქუთათელაძე.

სტატია აღწერს ფაგოთერაპიის წარმატებულ კლინიკურ შემთხვევას, რომელმაც ცისტური ფიბროზის (მუკოვისციდოზის) მქონე პაციენტში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული, ქრონიკული ფილტვის ინფექციის ელიმინაცია უზრუნველყო.

კლინიკური შემთხვევა და მკურნალობის შედეგები

ცისტური ფიბროზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სასუნთქ გზებში ლორწოს დაგროვებას იწვევს. ეს იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიებისთვის, განსაკუთრებით კი — Pseudomonas aeruginosa-სთვის (ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი), რომელიც ანტიბიოტიკების მიმართ სწრაფად ივითარებს რეზისტენტობას და ფილტვის ფუნქციის მკვეთრი გაუარესების მთავარი მიზეზია.

პუბლიკაციაში აღწერილია 43 წლის ფრანგი მამაკაცის შემთხვევა, რომელსაც ქრონიკული ინფექციის გამო წლების განმავლობაში ანტიბიოტიკების მუდმივი (მათ შორის, ინტრავენური) მიღება უწევდა, თუმცა ბაქტერიამ მათ მიმართ რეზისტენტობა გამოიმუშავა.

ანტიბიოტიკების ჩასანაცვლებლად პაციენტმა 2017 წლიდან ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს მიმართა. მკურნალობის ხანგრძლივ პროცესში გამოიყენებოდა როგორც სტანდარტული კომერციული პრეპარატები („პიოფაგი“ და „ინტესტიფაგი“), ისე უშუალოდ მისი ინფექციიდან იზოლირებული ბაქტერიისთვის ლაბორატორიულად შექმნილი ინდივიდუალური (მორგებული) ფაგები.

მრავალწლიანმა კლინიკურმა დაკვირვებამ (2017-2025 წწ.) აჩვენა:

  • ბაქტერიის სრული ელიმინაცია: მკურნალობის შედეგად, ნახველის კულტურაში P. aeruginosa სრულად განადგურდა.

  • ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება: ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (FVC) საწყისი 68%-დან 79%-მდე გაიზარდა და პაციენტს ფიზიკური დატვირთვის უნარი დაუბრუნდა.

  • ანთების მკვეთრი კლება: C-რეაქტიული ცილის (CRP) მაჩვენებელი საწყისი 13.8 მგ/ლ-დან (რაც ნორმას საგრძნობლად აღემატებოდა) 0.75 მგ/ლ-მდე დაეცა.

მეცნიერების დასკვნით, კლინიკური შემთხვევა ადასტურებს, რომ ბაქტერიოფაგებით თერაპია ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში რთული ინფექციების მართვის ქმედითი ალტერნატივაა. ის პაციენტებს ათავისუფლებს ანტიბიოტიკებზე ხანგრძლივი დამოკიდებულებისგან და ინფექციას ორგანიზმის ბუნებრივი მიკრობიომის დაზიანების გარეშე უმკლავდება.

წყარო: MDPI

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები