აჭარაში ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა

გააზიარე

აჭარაში ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ამოქმედდა, რომლითაც უკვე ორმა პაციენტმა ისარგებლა. ახალი სამედიცინო მიმართულების დანერგვა პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაღალსპეციალიზებული მკურნალობა ადგილზე, რეგიონიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (Bone Marrow Transplantation, BMT), იგივე ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (Hematopoietic Stem Cell Transplantation, HSCT), არის სამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც დაზიანებული ან მთლიანად განადგურებული ძვლის ტვინი ჩანაცვლდება ახალი, ჯანმრთელი ძვლის ტვინის უჯრედებით.

ძვლის ტვინი ძვლების შიგნით მდებარე რბილი ქსოვილია, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, ასევე თრომბოციტების წარმოქმნაზე. ეს უჯრედები ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფენ ჟანგბადის ტრანსპორტირებას, ინფექციების წინააღმდეგ დაცვასა და სისხლის ნორმალურ შედედებას.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სიცოცხლის გადარჩენის მეთოდია სისხლის ავთვისებიანი დაავადებების, მათ შორის ლეიკემიის, ლიმფომისა და მრავლობითი მიელომის, ასევე აპლასტიკური ანემიის, ზოგიერთი გენეტიკური და იმუნური სისტემის პათოლოგიის სამკურნალოდ. ტრანსპლანტაცია ხშირად ტარდება მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიისა და/ან სხივური თერაპიის შემდეგ, როდესაც ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ძირითადი ტიპებია: აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია (Autologous Transplantation), რომლის დროსაც გამოიყენება პაციენტის საკუთარი ღეროვანი უჯრედები, რომლებიც წინასწარ გროვდება და მაღალი დოზის ქიმიოთერაპიის შემდეგ კვლავ ორგანიზმში ინტრავენურად შეჰყავთ. ალოგენური ტრანსპლანტაციის (Allogeneic Transplantation) შემთხვევაში გამოიყენება თავსებადი დონორის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც შეიძლება მიღებული იყოს ოჯახის წევრისგან ან არანათესავი დონორისგან. სინგენური ტრანსპლანტაციის (Syngeneic Transplantation) დროს გამოიყენება გენეტიკურად იდენტური ტყუპის ღეროვანი უჯრედები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმუნოლოგიური შეუთავსებლობისა და ტრანსპლანტატის (ქსოვილი, ორგანოს ნაწილი ან მთელი ორგანო, რომელსაც გადანერგავენ რეციპიენტში) უარყოფის რისკს. ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაციის (Haploidentical Transplantation) დროს გამოიყენება ნაწილობრივ თავსებადი დონორის, მაგალითად, მშობლის, შვილის ან სხვა ახლო ნათესავის ღეროვანი უჯრედები. ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციის (Umbilical Cord Blood Transplantation) შემთხვევაში კი გამოიყენება ახალშობილის ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სრულად თავსებადი დონორის მოძიება ვერ ხერხდება.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მთავარი მიზანია ძვლის ტვინის ნორმალური ფუნქციის აღდგენა და ჯანმრთელი სისხლის უჯრედების წარმოქმნის უზრუნველყოფა. წარმატებული ტრანსპლანტაციის შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე ჰემატოლოგიური დაავადებების ეფექტური მკურნალობა, იმუნური სისტემის აღდგენა, ინფექციებისა და სხვა გართულებების რისკის შემცირება, ასევე პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2019 წლიდან აფინანსებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსების მოცულობა 125 000-დან 235 000 ლარამდეა, ხოლო პროგრამით დღემდე 98-მა პაციენტმა ისარგებლა.

წყარო: ajara.gov.ge

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები