გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობით პირველია. იმის გამო, რომ ისინი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მათ „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ. შესაბამისად, რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი.
ამ სერიოზული გამოწვევის დასაძლევად, ქართულმა სტარტაპმა BiteriumAI-მ შექმნა ინოვაციური პლატფორმა, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას. სტარტაპის მთავარი მიზანია, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, პაციენტებს აცნობოს დაავადების განვითარების რისკები და მიაწოდოს მათ პერსონალიზებული რეკომენდაციები.
“მედსკრიპტუმი” ესაუბრა BiteriumAI-ს თანადამფუძნებელს, ქეთი ბოსიკაშვილს. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას – დეველოპერის პროფესიიდან წარმატებული სტარტაპის დაფუძნებამდე. ქეთი გვესაუბრა იმ სირთულეებზეც, რომლებიც თან ახლავს ჯანდაცვის სექტორში სტარტაპის განვითარებას და იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც BiteriumAI სამედიცინო სფეროში შეასრულებს.
ინტერვიუ ქეთი ბოსიკაშვილთან, BiteriumAI-ს თანადამფუძნებელთან:
არსენ სებისკვერაძე: გვიამბეთ თქვენი ისტორია. როგორ აღმოჩნდით ხელოვნური ინტელექტისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში?
ქეთი ბოსიკაშვილი: BiteriumAI ტყუპმა დებმა დავაფუძნეთ. ჩვენ 25 წლიანი გზა გავიარეთ ტექნოლოგიების სფეროში. ეს სწორედ ის დრო იყო, როცა თბილისში პროგრამული ინჟინრები, განსაკუთრებით ქალები, ძალიან იშვიათი იყო, ჩვენ კი უკვე ამ მიმართულებით ვმუშაობდით.
წლების განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიაში ვსაქმიანობდით დეველოპერებად, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორად, ვიყავით ტექნიკური დირექტორები და სტარტაპების CEO-ები. საბოლოოდ, ისე გავმოვიდა, რომ ჩვენი გამოცდილება ერთი მიზნისთვის გავაერთიანეთ და საკუთარი სტარტაპის დაარსება გადავწყვიტეთ.
ამ გზაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა ჩვენს მამას — ხელოვნური ინტელექტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესორსა და მკვლევარს. ის მუშაობდა ისეთ გიგანტ კომპანიაში, როგორიცაა IBM და მიწვეული იყო სტენფორდშიც. სწორედ მისი რჩევები და მხარდაჭერა დაგვეხმარა, რომ წვლილი შეგვეტანა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სფეროს – ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში.
არსენ სებისკვერაძე: საიდან გაჩნდა BiteriumAI-ის შექმნის იდეა და რა არის ის მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ისახავთ მიზნად?
ქეთი ბოსიკაშვილი: მიზნად დავისახეთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა მიგვეძღვნა ისეთი საქმისთვის, რომელსაც რეალური ღირებულება ექნებოდა ადამიანებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჯანდაცვის სფეროში გვეცადა ბედი და აქცენტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაზე გაგვეკეთებინა.
ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია და უსწრებს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა, მაგალითად, სიმსივნე და რესპირაციული დაავადებები. მას ხშირად “ჩუმ მკვლელს” უწოდებენ (silent killer), რადგან ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მოითხოვს მუდმივ ყურადღებას. სწორედ ეს ფაქტორები იქცა ჩვენი მოტივაციის წყაროდ.
არსენ სებისკვერაძე: კონკურენტებთან შედარებით, რა უნიკალურ გადაწყვეტას სთავაზობს BiteriumAI არსებულ ბაზარს, კონკრეტულად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მიმართულებით?
ქეთი ბოსიკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობენ ძლიერი კონკურენტები, მაგალითად: ChatGPT, Google Med-PaLM და Clinic alBERT, ჩვენი პროდუქტი უნიკალურ პერსონალიზებულ მიდგომას სთავაზობს მომხმარებლებს. თუკი ეს პლატფორმები პაციენტს სიმპტომების შესახებ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას აწვდიან, BiteriumAI სრულიად განსხვავებულად მუშაობს.
ჩვენი აპლიკაციის დახმარებით, პაციენტს შეუძლია 40-მდე კლინიკური სიმპტომის საფუძველზე შეადგინოს პირადი სამედიცინო ისტორია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, BiteriumAI განსაზღვრავს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს და პაციენტებს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს სთავაზობს. მაგალითად, მოგაწვდით რჩევებს კვებასა და ცხოვრების წესის შეცვლაზე, მოგცემთ მითითებას, როდის დაუკავშირდეთ ექიმს ან, საჭიროების შემთხვევაში, როდის გამოიძახოთ სასწრაფო. პაციენტს ასევე შეუძლია ამონიტორინგოს საკუთარი არტერიული წნევა და ასევე მეტი კონტროლისთვის უყუროს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მისი წნევის პროგნოზს
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ყოველდღიური მონაცემების უწყვეტი ანალიზი პლატფორმის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თვალი ადევნოს საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად მიიღოს პერსონალიზირებული ყოველდღიური რეკომენდაციები და აკონტროლოს რისკები. საბოლოოდ, BiteriumAI პაციენტს სიმშვიდეს და უსაფრთხოების განცდას ანიჭებს.
არსენ სებისკვერაძე: როგორ მუშაობს თქვენი AI მოდელი დიაგნოსტიკის დასაჩქარებლად და სიზუსტის გასაუმჯობესებლად? რა ტიპის მონაცემებს იყენებთ და როგორ უზრუნველყოფთ მონაცემების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას?
ქეთი ბოსიკაშვილი: BiteriumAI-ს ტექნოლოგიური მიდგომა უნიკალურია. ჩვენ განვაახლეთ მონაცემთა პრეპროცესინგის ალგორითმები და გავაფართოვეთ ნეირონული ქსელის არქიტექტურა, რის შედეგადაც მივაღწიეთ მაღალ სიზუსტეს მაშინაც კი, როდესაც მონაცემების რაოდენობა შეზღუდულია.
ჩვენი გუნდი მუშაობს ექსპერიმენტულ მიდგომებზე, რომლებიც გულისხმობს პლატფორმის ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის კანონთან (AI ACT) შესაბამისობის შემოწმებასა და დაავადების მკურნალობის სხვადასხვა, მრავალფეროვანი გზების შეთავაზებას პაციენტებისთვის.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენი პლატფორმა დაფუძნებულია უმაღლეს სტანდარტებზე. პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა დაცულია როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე პროცესინგის დონეზე.
არსენ სებისკვერაძე: როგორ უზრუნველყოფს BiteriumAI-ის SaaS ტექნოლოგიური გადაწყვეტა ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდებას?
ქეთი ბოსიკაშვილი: BiteriumAI-ის SaaS გადაწყვეტა ამ ეტაპზე Proof of Concept დონეზეა (პროექტის სიცოცხლისუნარიანობის დადასტურების ეტაპი), რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჯანდაცვის პროვაიდერის ზოგად მოთხოვნებსა და საჭიროებებზეა დაფუძნებული, კერძოთ ექიმებისთვის და კლინიკებისთვის პაციენტის ინფორმაციაზე რეალურ დროში წვდომა და შესაძლო სიგნალები, რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად აღმოუჩინონ დახმარება, შეურჩიონ სწორი მკურნალობა, რაც გადამწყვეტია გართულებების პრევენციისთვის. სწორი და დროული დიაგნოსტიკით კი იზოგება დრო, ფინანსები და, რაც მთავარია, შესაძლებელია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.
რაც შეეხება BiteriumAI-ის მობილურ აპლიკაციას ის განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის ან იმ ადამიანისთვის ვინც საკუთარი ჯანმრთელობას აკონტროლებს . ნებისმიერს ადამიანს შეუძლია ჩამოტვირთოს Apple store და Google store-დან
არსენ სებისკვერაძე: მოგვიყევით BiteriumAI-ის გუნდის შესახებ, რა გამოცდილების ადამიანებს აერთიანებთ?
ქეთი ბოსიკაშვილი: ჩვენი გუნდი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ტექნოლოგიურ ნაწილს უდიდესი გამოცდილების ტექნიკური გუნდი უძღვება. გარდა ამისა, ჩვენთან მუშაობენ პროფესორები, მკვლევრები და PhD ექიმები, რომლებიც სამედიცინო მონაცემების სიზუსტეზე ზრუნავენ. გუნდს ასევე ჰყავს ევროპის ბაზრის ექსპერტი, რომელიც გვეხმარება რეალური საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირებაში, რაც ჩვენს ტექნოლოგიურ გადაწყვეტას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
არსენ სებისკვერაძე: სტარტაპის განვითარება ხშირად სერიოზულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. რა იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება BiteriumAI-ის დაარსების ან განვითარების პროცესში და როგორ გადალახეთ სირთულეები?
ქეთი ბოსიკაშვილი: სტარტაპის გზა სირთულეების გარეშე წარმოუდგენელია. ამჟამად, ჩვენი ძირითადი გამოწვევებია:
- ფინანსები და დრო. ხელოვნური ინტელექტის კვლევა და განვითარება დიდ ინვესტიციებსა და დროს მოითხოვს.
- მონაცემების შეგროვება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორი და მიუკერძოებელი მონაცემების მოპოვებას, რაშიც ჩვენი ექიმები გვეხმარებიან.
- AI-ის რეგულაციები. ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის კანონის (AI Act) მსგავსი რეგულაციების მოთხოვნების დაკმაყოფილება მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
თუმცა, ყველაფერთან ერთად, ყველაზე დიდი დაბრკოლება მაინც დაფინანსების მოპოვებაა. ვინაიდან ჩვენი საქმე გრძელვადიანი და კომპლექსურია, ინვესტორების მოზიდვა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ამის მიუხედავად, გვჯერა, რომ ჩვენს პროექტს საზოგადოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
არსენ სებისკვერაძე: როგორია BiteriumAI-ის გრძელვადიანი ხედვა და რა სამომავლო ინოვაციებს გეგმავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და ზოგადად ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში?
ქეთი ბოსიკაშვილი: ჩვენი მთავარი უპირატესობა ჩვენს ინოვაციურ ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმებშია. მათ აქვთ ძალიან მაღალი სიზუსტე და, ამასთანავე, ეფექტურად მუშაობენ შედარებით მცირე მოცულობის მონაცემებზეც კი. ეს ჩვენს მოდელებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ იმავე სიზუსტეს, რასაც სხვა პოპულარული მოდელები 100-ჯერ მეტი მონაცემებით აღწევენ. სტარტაპის სამომავლო გეგმებშია ხელოვნური ინტელექტის ვალიდაციის სტრუქტურის დამატება და ქრონიკული დაავადებების პროგნოზირება. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ევროპის საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.
არსენ სებისკვერაძე: რა გეგმები გაქვთ სტარტაპის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად? როგორია BiteriumAI-ის სტრატეგია ამ მიმართულებით?
ქეთი ბოსიკაშვილი: პროექტის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპს ძირითადად დამფუძნებლები ვაფინანსებდით. ამჟამად EBRD-ის გრანტიც მოვიპოვეთ. თუმცა, მივედით იმ ეტაპამდე, რომ შემდგომი განვითარებისთვის და პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, pre-seed ეტაპის დაფინანსება გვჭირდება, რათა სრულად შევძლოთ ჩვენი პროდუქტის გაუმჯობესება და ბაზარზე ფეხის მყარად მოკიდება.
არსენ სებისკვერაძე: რა რჩევას მისცემდით იმ დამწყებ მეწარმეებს, რომლებიც ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპის დაწყებას გეგმავენ?
ქეთი ბოსიკაშვილი: პირველ რიგში, აუცილებელია, რომ სტარტაპებმა ზუსტად განსაზღვრონ საკუთარი პროდუქტის მოთხოვნები და ფუნქციები. შემდეგ უნდა გაიარონ კლინიკური ვალიდაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი გადაწყვეტა ეფექტურია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა, მკაფიოდ ჩამოაყალიბონ- რას აკეთებენ, ვისთვის და რატომ აკეთებენ ამას. აუცილებელია, რომ პროდუქტი იყოს ღირებული როგორც საბოლოო მომხმარებლისთვის (პაციენტისთვის), ასევე მათი ბიზნეს კლიენტებისთვის. ამიტომ, სასურველია, რომ მათ თავიდანვე ითანამშრომლონ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან.

