სიმსივნის ეპიდემიოლოგია საქართველოში: კიბოს ეროვნული რეგისტრის მონაცემები

გააზიარე

ლელა სტურუა, მედიცინის დოქტორი, PhD, MPH არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC)

სრული პროფესორი; თბილისის სამედიცინო აკადემია (TMA)

სიმსივნე მთელ მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება და საქართველოშიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კიბოს კონტროლის ეფექტური პროგრამების დასაგეგმად, შესაფასებლად და მკურნალობისა თუ ადრეული დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად სანდო ეპიდემიოლოგიური მონაცემებია საჭირო. ამ პროცესში საქართველოს კიბოს რეგისტრი გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან ის ზუსტი ინფორმაციით უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას, რესურსების ოპტიმალურ განაწილებასა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას.

პოპულაციაზე დაფუძნებული კიბოს რეგისტრის საჭიროება მას შემდეგ გახდა აშკარა, რაც კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) შეფასებებმა აჩვენა, რომ 2012 წელს საქართველოში კიბოს შემთხვევების რეალური რაოდენობა დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა ქვეყნის ქაღალდზე დაფუძნებული საანგარიშო სისტემით დაფიქსირებულ მონაცემებს. ამ შეუსაბამობამ ხაზი გაუსვა არასრულფასოვან ანგარიშგებას და თანამედროვე, ელექტრონული ონკოლოგიური ზედამხედველობის სისტემის შექმნის აუცილებლობა  დაამტკიცა.

საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს კიბოს ეროვნული რეგისტრის შესაქმნელად საკანონმდებლო რეფორმები წამოიწყო. წარმატებული საპილოტე ფაზის შემდეგ, რეგისტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით 2015 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. მას შემდეგ იგი კიბოს საინფორმაციო ერთიან სისტემად (UCIS) გარდაიქმნა, რომელიც ერთ ელექტრონულ პლატფორმაზე აერთიანებს კიბოს რეგისტრაციას, ლაბორატორიულ ანგარიშგებას, ორგანიზებულ სკრინინგ-პროგრამებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს. ამ ინტეგრირებულმა სისტემამ გააუმჯობესა კიბოს შესახებ მონაცემების სრულყოფილება, ხარისხი და ოპერატიულობა, ამასთანავე, გააძლიერა კოორდინაცია ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებს შორის.

საქართველოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემებით, 2024 წელს ონკოლოგიური დაავადების 12 548 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. გამოვლენილი შემთხვევების მზარდი რაოდენობა მიუთითებს არა მხოლოდ დაავადების გავრცელების მატებაზე, არამედ შემთხვევათა გამოვლენისა და აღრიცხვიანობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეც. ახლად დიაგნოსტირებული პაციენტების დაახლოებით 52%-ს ქალები შეადგენენ, ხოლო 48%-ს – კაცები.

სიმსივნის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა. დაავადების გამოვლენის სიხშირე საგრძნობლად იმატებს ასაკთან ერთად – შემთხვევათა უმეტესობა 50 წლისა და უფროსი ასაკის პირებში გვხვდება, განსაკუთრებით კი 60-დან 79 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ქალებში ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული ფორმებია ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლის, კოლორექტული, საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის კიბო. მამაკაცებში კი წამყვანი ავთვისებიანი სიმსივნეებია პროსტატის, ფილტვის, კოლორექტული, შარდის ბუშტისა და კუჭის კიბო. ეს მონაცემები მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა პრევენციული სტრატეგიების, ორგანიზებული სკრინინგ-პროგრამებისა და ჯანდაცვის რესურსების განაწილების პრიორიტეტების განსასაზღვრად.

დიაგნოსტიკის ეტაპზე დაავადების სტადია კვლავაც რჩება კიბოს კონტროლის ეფექტიანობის ძირითად ინდიკატორად. მართალია, ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების წილი იზრდება, მაგრამ პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილს დაავადება ჯერ კიდევ შორსწასულ ეტაპზე უდგინდება, რაც მკურნალობის სტრატეგიებს ზღუდავს და გადარჩენის მაჩვენებელს ამცირებს. მეორე მხრივ, ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტალური და პროსტატის კიბოს სკრინინგის ინტეგრირებამ კიბოს ერთიან საინფორმაციო სისტემაში გააუმჯობესა სკრინინგით მოცვისა და პაციენტთა შემდგომი მეთვალყურეობის მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს როგორც ადრეულ დიაგნოსტიკას, ისე უკეთეს კლინიკურ შედეგებს.

კიბოს რეგისტრის მონაცემები მკურნალობის ტაქტიკისა და მისი შედეგების შეფასებასაც საგრძნობლად უწყობს ხელს. ადრეული გამოვლენისა და თერაპიის სფეროში მიღწეული პროგრესის წყალობით, ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი რამდენიმე გავრცელებული ლოკალიზაციის სიმსივნის – განსაკუთრებით ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს – შემთხვევაში გაუმჯობესდა. თუმცა, ფილტვისა და კუჭის კიბოს დროს ეს მაჩვენებელი კვლავ შედარებით დაბალი რჩება, რადგან პაციენტთა დიდ ნაწილს დიაგნოზს ისევ გვიან სტადიებზე უსვამენ. 2024 წელს მკურნალობის ყველაზე ხშირად გამოყენებად მეთოდად კვლავ ქირურგიული ჩარევა რჩებოდა, რომელსაც ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია მოსდევდა, ხოლო ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია, მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია და იოდოთერაპია კლინიკური ჩვენებების შესაბამისად ინიშნებოდა. ეს შედეგები საქართველოში კიბოს მართვის პროცესში დანერგილ მულტიდისციპლინურ მიდგომას ადასტურებს.

მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, გამოწვევები კვლავ რჩება. მათ შორისაა მონაცემთა სისრულისა და ხარისხის გაუმჯობესება, TNM კლასიფიკაციით სტადიების დოკუმენტირების გაძლიერება, გარემო და ქცევითი რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება, ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემებს შორის თავსებადობის გაზრდა, რეგიონული უთანასწორობის შემცირება, მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა და კადრების შესაძლებლობების გაძლიერება. ამ გამოწვევების დაძლევა კიდევ უფრო გააუმჯობესებს კიბოს ეპიდზედამხედველობის ხარისხს და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფრო ეფექტიან დაგეგმვას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ეროვნული ონკოლოგიური კონტროლის გასაძლიერებლად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების, ე.წ. „საუკეთესო და სწრაფი გადაწყვეტების“ (Best Buys და Quick Buys) განხორციელებას რეკომენდაციას უწევს. ეს მაღალეფექტიანი და ეკონომიურად მომგებიანი ზომები მოიცავს: გოგონებისა და ვაჟების HPV-ვაქცინაციას; ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს ორგანიზებულ სკრინინგს, რომელიც დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთანაა დაკავშირებული; ასევე, თამბაქოსთვის თავის დანებების სერვისების პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირებას. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (WHO FCTC) ფარგლებში გატარებული ყოვლისმომცველი ღონისძიებები – რაც გულისხმობს თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების გაზრდას, საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვას, რეკლამის შეზღუდვას, თვალსაჩინო სამედიცინო გაფრთხილებებსა და თამბაქოსთვის თავის დანებების ხელმისაწვდომ სერვისებს – ფილტვის კიბოსა და თამბაქოსთან ასოცირებული სხვა დაავადებების სამომავლო ტვირთის შესამცირებლად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან სტრატეგიად რჩება.

საქართველოს კიბოს შესახებ ინფორმაციის ერთიანი სისტემა ჯანმო-ს ამ რეკომენდაციების დასანერგად შესანიშნავ პლატფორმას წარმოადგენს, რაც შესაძლებელი ხდება ორგანიზებული სკრინინგის გაფართოების, HPV-ვაქცინაციის გაძლიერების, თამბაქოსთვის თავის დანებების სერვისების დახვეწისა და კიბოს რეგისტრის მონაცემთა ხარისხის ამაღლების გზით. ეს ინტერვენციები კიბოს ადრეულ გამოვლენას, მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას, სიკვდილიანობის შემცირებასა და ჯანდაცვის რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას უწყობს ხელს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კიბოს რეგისტრი ქვეყანაში კიბოს კონტროლის სტრატეგიის ქვაკუთხედად იქცა. ზუსტი, ყოვლისმომცველი და დროული ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიწოდებით იგი ხელს უწყობს კლინიკურ პრაქტიკას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაგეგმვას, სამეცნიერო კვლევებსა და ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებას. რეგისტრის შემდგომი მოდერნიზაცია, ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული პრევენციული და სკრინინგული სტრატეგიების დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიერებს ონკოლოგიურ ზედამხედველობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში კიბოს ტვირთის შემცირებაში.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები