დაბერება გარდაუვალი პროცესია, თუმცა ყველა ადამიანის ორგანიზმი ამას ინდივიდუალურად განიცდის. ხშირად ჩვენი ფიზიოლოგიური ასაკი ანუ ის, თუ რეალურად როგორ ფუნქციონირებს ორგანიზმი, საგრძნობლად განსხვავდება ქრონოლოგიური ასაკისგან. ჟურნალ Journal of Epidemiology and Community Health-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა ფიზიოლოგიური დაბერების შენელებასთან პირდაპირ კავშირშია.
ტოკიოს მეცნიერების ინსტიტუტის (Institute of Science Tokyo) მკვლევარებმა პირველად შეისწავლეს ეს კავშირი გრძელვადიან პერსპექტივაში. მათ გაანალიზეს ინგლისში მცხოვრები 50 წელს გადაცილებული 1 899 ზრდასრული ადამიანის მონაცემები. მეცნიერებმა პაციენტების ფიზიოლოგიური ასაკის დასადგენად 10 ძირითადი ბიომარკერი გამოიყენეს, მათ შორის: არტერიული წნევა, ფილტვების ტევადობა, ქოლესტერინისა და ჰემოგლობინის დონე, სხეულის მასის ინდექსი (BMI) და კუნთების ძალა.
შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კინოს, თეატრს, მუზეუმს თუ ოპერას რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც სტუმრობდნენ, ფიზიოლოგიური ასაკი საშუალოდ 66,9 წელი ჰქონდათ ანუ 3 წლით უფრო ახალგაზრდები იყვნენ მათთან შედარებით, ვინც კულტურულ ცხოვრებაში ნაკლებად იყო ჩართული (ამ ჯგუფის საშუალო ფიზიოლოგიური ასაკი 69,9 წელი აღმოჩნდა). კვლევის მიხედვით, კულტურული აქტივობის ინდექსის ყოველი ერთპუნქტიანი მატება ფიზიოლოგიურ ასაკს საშუალოდ 31 დღით ამცირებს.
მეცნიერების განმარტებით, კულტურულ ღონისძიებებზე სიარული ამყარებს სოციალურ კავშირებს, ხელს უწყობს ჯანსაღი ქცევების ჩამოყალიბებას და აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რაც საბოლოო ჯამში ორგანიზმის დაბერების ტემპს ანელებს. საინტერესოა, რომ მეცნიერთა შეფასებით, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა ორგანიზმს ფიზიოლოგიური დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში ისევე ეხმარება, როგორც რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა დაკვირვებითი ხასიათისაა და პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს საბოლოოდ ვერ ამტკიცებს (რადგან ჯანმრთელ ადამიანებს ფიზიკურად უფრო მარტივად შეუძლიათ სპექტაკლებსა თუ გამოფენებზე სიარული), ავტორები მიიჩნევენ, რომ კულტურულ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით დაბერების საწინააღმდეგო ეფექტური იარაღი შეიძლება გახდეს.
წყარო: BMJ

