ნაწლავის ანთებითი დაავადებები (IBD), მათ შორის კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი, საჭიროებენ ხანგრძლივ კლინიკურ მონიტორინგს. დაავადების გამწვავებები (flares) ხშირად მოულოდნელია და ასოცირდება მწვავე აბდომინალურ ტკივილთან, დიარეასა და ხშირ ჰოსპიტალიზაციასთან. თუმცა, რეგულარული ამბულატორიული კონსულტაციები უზრუნველყოფს მხოლოდ დროის კონკრეტული მომენტის ამსახველ (ეპიზოდურ) მონაცემებს და ვერ აღწერს დაავადების სიმპტომთა დინამიკას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ახალი კვლევა მიმოიხილავს აშშ-ის წამყვან მობილურ აპლიკაციებს და კონკრეტულად განიხილავს WITH-Jang-ს, კორეულ პლატფორმას, რომელიც პაციენტებისა და კლინიცისტების თანამშრომლობით შეიქმნა. აპლიკაცია აკონტროლებს სიმპტომებს Mayo ინდექსისა და CDAI ქულის გამოყენებით, აგრეთვე აღრიცხავს მედიკამენტებსა და დიეტურ მონაცემებს. აპლიკაცია იყენებს პაციენტის მიერ მოწოდებულ მონაცემებს (PROs), რათა კლინიცისტებისთვის სტრუქტურირებული კლინიკური რეპორტები შექმნას.
ეს ტექნოლოგიური ინოვაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან IBD გლობალურად 4.9 მილიონ ადამიანში გვხვდება, რომელსაც თან ახლავს ცხოვრების ხარისხის მკვეთრი დაქვეითება, გამოწვეული ქრონიკული სტრესით, სოციალური იზოლაციითა და ფინანსური ტვირთით. ეს ციფრული პლატფორმები უზრუნველყოფს უწყვეტ დისტანციურ მონიტორინგს, მკვეთრად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, ხელს უწყობს პერსონალიზებულ მკურნალობას, შესაძლებელს ხდის გამწვავებების პროაქტიულ პროგნოზირებას და აძლიერებს პაციენტის როლს საკუთარი დაავადების მართვაში.
ამერიკის 6 წამყვანი, ვალიდური IBD აპლიკაცია:
| აპლიკაცია | ძირითადი მახასიათებლები | კვლევის შედეგები | ხელმისაწვდომობა |
| Ayble Health | სიმპტომებისა და კვებითი ჩვევების აღრიცხვა, ოთხფაზიანი ელიმინაციური დიეტის პროტოკოლი, ტვინი-ნაწლავის ღერძზე ორიენტირებული პროგრამა და გასტროენტეროლოგებთან დაკავშირების შესაძლებლობა. | 9 კვირის შემდგომი დაკვირვებით, პაციენტთა 62.5% წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში და 77.8%კრონის დაავადების შემთხვევაში მიღწეულ იქნა რემისია (სიმპტომებისგან თავისუფალი პერიოდი) | დაფინანსება ნაწილობრივ ხორციელდება სადაზღვევო პოლისით. |
| Oshi Health | გასტროენტეროლოგებთან წვდომა, დიეტოლოგების, ფსიქოლოგებისა და ქოუჩების მომსახურება; ასევე მოიცავს შეტყობინებების ფუნქციას, საგანმანათლებლო რესურსებსა და ტარებად (wearable) მოწყობილობებს. | კვლევის შედეგად (300-ზე მეტი პაციენტი, 9-თვიანი პერიოდი): დაფიქსირდა პაციენტების 98% კმაყოფილება, 89%-ში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და 92%-ში სიმპტომების შემსუბუქება. | მომსახურების ღირებულებას უზრუნველყოფს უმეტესი სადაზღვევო პროვაიდერი. |
| MyGIHealth | “ინტერვიუების” ფორმატი, რომელიც ექიმის სტანდარტულ ჩანაწერებთან შედარებით უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის HPI ( History of present illness) ანგარიშებს, და ასევე მოიცავს საგანმანათლებლო რესურსებს პაციენტებისთვის | კლინიცისტების მიერ დამოწმებული ანგარიშები აჭარბებს სტანდარტულ კლინიკურ დოკუმენტაციას. | Cloud-ზე დაფუძნებული (მონაცემები ინახება და ხელმისაწვდომია ინტერნეტის საშუალებით). |
| Trellus Health | HIPAA სტანდარტების დაცვით მომუშავე სპეციალისტები (ქოუჩები) პაციენტის “მენტალური სიმტკიცის” ასამაღლებლად; კვალიფიციური ექთნები და დიეტოლოგები. | აპლიკაციამ შეამცირა ოპიოიდებისა და სტეროიდების გამოყენება, ასევე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ვიზიტების სიხშირე სტანდარტულ სამედიცინო მოვლასთან შედარებით. | ფარავს ინდივიდუალური და კორპორაციული სადაზღვევო პაკეტები |
| Health/PROMISE(Mount Sinai) | სიმპტომებისა და ცხოვრების ხარისხის პარამეტრების ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებთან (EHR) ინტეგრირებული აღრიცხვის სისტემა. | დაფიქსირდა ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები და შემცირდა გადაუდებელი დახმარებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები | მხოლოდ Mount Sinai-ის პაციენტებისთვის |
| UCLA eIBD | შეხსენებები, პაციენტის გამოკითხვები, შეტყობინებათა სერვისი და საგანმანათლებლო კონტენტი | დაფიქსირდა ინვაზიური პროცედურებისა (ენდოსკოპია) და დიაგნოსტიკური ტესტების შემცირებული რაოდენობა; მაღალი იყო პაციენტების კმაყოფილება (გადაუდებელი ვიზიტების სტატისტიკურად უმნიშვნელო შემცირების ფონზე). | მხოლოდ UCLA-ის პაციენტებისთვის |
ექსპერტთა შეფასებები
ადამ ბარტონი, დოქტორი (ბრაუნის უნივერსიტეტი): Oshi აერთიანებს მულტიდისციპლინურ მიდგომებს – ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გადამწყვეტია შფოთვის დასაძლევად, რომელიც ხშირად ამძიმებს გასტროინტესტინურ (GI) სიმპტომატიკას. Trellus-ს კი ესაჭიროება ფართომასშტაბიანი კვლევები IBD-ის ჰოლისტიკური მართვის პოტენციალის დასამტკიცებლად.
ჯოზეფ სლეიმანი, დოქტორი (კლივლენდის კლინიკა): Ayble პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა პაციენტებში; დიეტოლოგები უზრუნველყოფენ მონაცემთა ნაკადის ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებში (EHR) ინტეგრაციას.
დამატებითი ციფრული პლატფორმები:
My IBD Care (ორიენტირებულია კეთილდღეობაზე, ძილსა და სტრესის მართვაზე).
MyGut (პლატფორმა სიმპტომების დოკუმენტირებისა და ექიმთან განხილვისთვის).
We Can’t Wait (საზოგადოებრივი სველი წერტილების მაძიებელი აპლიკაცია).
mySymptoms (აპლიკაცია საკვები ტრიგერების იდენტიფიცირებისთვის).
ტარებადი (wearable) მოწყობილობები:
აპლიკაციები მონაცემთა აქტიურ შეყვანას მოითხოვს; ტარებადი მოწყობილობები კი ფარულად აგროვებენ ინფორმაციას. დოქტორ რობერტ ჰირტენი (Mount Sinai), აღნიშნავს:
ჭკვიანი მოწყობილობების (Apple/Fitbit/Oura) 6-თვიანმა კვლევამ 309 პაციენტზე დაადგინა, რომ გულისცემის ცვალებადობის (HRV), ფიზიკური აქტივობის (ნაბიჯები) და სისხლში ჟანგბადის სატურაციის პარამეტრების ცვლილებები გამწვავების კლინიკურ მანიფესტაციამდე 7 კვირით ადრე ფიქსირდებოდა. ნაბიჯების რაოდენობის შემცირება სისტემურ ანთებით პროცესზე მიუთითებს. ამას გარდა, ძილის კვლევამ (101 პაციენტი) ცხადყო: ძილის “სტრუქტურის” დეზორგანიზაცია პირდაპირ კორელირებს დაავადების აქტივობასთან და არ წარმოადგენს მხოლოდ სიმპტომების თანმდევ მოვლენას.
IBD AWARE ტრანსდერმული სენსორის გამოყენებით მოხერხდა ანთებითი მარკერის, TNF-ალფას, დეტექცია: დაფიქსირებული დონე იყო 2.11 pg/mL, მაშინ როცა ჯანმრთელ პირებში ეს მაჩვენებელი 0.19 pg/mL-ს შეადგენდა (P<0.0001). ამ ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა არაინვაზიურად (უსისხლოდ) მიღებულიყო სისხლის ანალიზის ეკვივალენტური რაოდენობრივი მონაცემები.
Emerald საშინაო სენსორი: ეს სისტემა Wi-Fi ტალღების დეტექტირების მეშვეობით აკონტროლებს ძილის ფაზებს, სუნთქვის სიხშირესა და სიარულის მანერას. მას შეუძლია დაავადების გამწვავების პროგნოზირება 25 დღემდე ვადით ადრე.
როგორც დოქტორი ჰირტენი აღნიშნავს: “IBD-ის პასიური მონიტორინგი და კლინიკური პროგნოზირება სრულად მიღწევადია.”
WITH-Jang: პაციენტზე ორიენტირებული ციფრული ინსტრუმენტი
აპლიკაცია WITH-Jang შეიქმნა სამხრეთ კორეაში IBD-ის მზარდი სტატისტიკის საპასუხოდ (მაღალი ინციდენტობა: კრონი 36.9/100,000); წყლულოვანი კოლიტი 65.7/100,000). მისი უნიკალურობა პაციენტებისა და კლინიცისტების ერთობლივი მუშაობით შექმნილ დიზაინშია. აპლიკაცია ეფუძნება ექვს ძირითად საჭიროებას, მათ შორის: პერსონალიზებულ სიმპტომურ კონტროლს (Mayo/CDAI სტანდარტებით), სანდო სამედიცინო ინფორმაციასა და მონაცემების გამოყენებას.
დიზაინი და კლინიკური შეფასება:
პროტოტიპების შეფასების შემდეგ, რამაც მაღალი ქულები აჩვენა (მაგ. შეხსენებები 4.67/5), დაიწყეს ტესტირება. 20 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულმა 4-კვირიანმა ტესტმა დაადასტურა WITH-Jang-ის ეფქტურობა (3.70/5), რაც აღემატება სხვა მსგავსი აპლიკაციების შედეგებს. მომხმარებლები ძირითადად კმაყოფილები იყვნენ საკვები ტრიგერების იდენტიფიცირების ფუნქციით და დროული შეხსენებების ეფექტურობით.
საბოლოო განახლება:
V1.0 განახლების მთავარი სიახლეებია პაციენტის მიერ მედიკამენტების დანიშნულებისამებრ მიღების ავტომატური აღრიცხვა და “ჩემი WITH-Jang ანგარიშის” გენერირება PDF ფორმატში კლინიცისტებისთვის. ეს სტრუქტურირებული რეპორტები აერთიანებს სიმპტომურ ტენდენციებსა და დიეტურ მონაცემებს, რითაც უზრუნველყოფს პაციენტის სუბიექტურ საჭიროებებსა და ობიექტურ კლინიკურ მოთხოვნებს შორის სრულ შესაბამისობას.
დოქტორი სლეიმანის გზამკვლევი კლინიცისტებისთვის:
HIPAA სტანდარტები/თანხმობა: მოითხოვს აპლიკაციის პროვაიდერის სრულ შემოწმებას და პაციენტის ჩანაწერების გამოყენებაზე თანხმობას.
გაფრთხილებების მართვა: აუცილებელია 24/7 მონიტორინგის ფარგლებში პასუხისმგებელი მხარის (ვინ მართავს გაფრთხილებებს?) ზუსტი განსაზღვრა.
კლინიკური სამუშაო პროცესი: ციფრულმა პლატფორმებმა უნდა დაზოგოს ექიმის დრო და არ დატვირთოს ისინი ზედმეტად.
გლობალური პერსპექტივა:
mHealth სექტორის ზრდა 2030 წლისთვის $861 მილიარდს მიაღწევს (40% წლიური ზრდის ტემპით (CAGR)). აპლიკაციები და ტარებადი ტექნოლოგიები ამცირებს კლინიკურ ვიზიტებს და ზრდის პაციენტთა ცხოვრების ხარისხს. WITH-Jang ადასტურებს, რომ პაციენტზე ორიენტრირებული დიზაინი ეფექტურ შედეგებს იძლევა. მედიცინის პარადიგმა ტრანსფორმირდება: სიმპტომთა ეპიზოდური მონაცემებიდან უწყვეტი “ნარატივების” მიმართულებით, რეაქტიული მოქმედებიდან კი – პროაქტიულ პროგნოზირებამდე.
წყარო: BMC Health Services Research; Medscape

