ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, თუმცა გაუარესებული ჯანმრთელობის ხარჯზე: გლობალური კვლევა

გააზიარე

სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Public Health-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის (GBD 2023) თანახმად, მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ამ დამატებით წლებს სულ უფრო ხშირად ქრონიკულ დაავადებებსა და უუნარობაში (disability) ატარებენ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 30 წელში დისტანცია სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობასა და ჯანმრთელად გატარებულ წლებს შორის საგრძნობლად გაიზარდა.

მონაცემების თანახმად, 1990 წლიდან 2023 წლამდე სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობასა და ჯანმრთელად გატარებულ წლებს შორის სხვაობა (morbidity gap) 8.8-დან 10.7 წლამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარი სიცოცხლის საშუალოდ 14.5%-ს გაუარესებული ჯანმრთელობის პირობებში ატარებენ. მკვლევართა ხაზგასმით, ეს პროცესი მხოლოდ სიბერის მიწურულს კი არ იჩენს თავს, არამედ მთელ ზრდასრულ ასაკზეა გადანაწილებული.

1990-2023 წლებში გლობალურად სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 64.6-დან 73.8 წლამდე გაიზარდა, ხოლო ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა (HALE) — 55.9-დან 63.1 წლამდე. რადგან სიცოცხლის გადარჩენის ტემპმა აშკარად გადაასწრო „ჯანსაღი წლების“ მატებას, მედიცინის მიღწევებმა ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება უფრო ისწავლა, ვიდრე ამ წლების სრულფასოვნად შენარჩუნება.

ანალიზმა აჩვენა, რომ არაჯანსაღად გატარებული წლების რაოდენობა ყველაზე მაღალი სწორედ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშია (მაგალითად, აშშ-ში ავადობის სხვათაობამ 14 წელს მიაღწია). გარდა ამისა, გამოიკვეთა მკაფიო გენდერული დისპროპორცია: ქალები გლობალურად მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, თუმცა გაუარესებული ჯანმრთელობის პირობებშიც მეტ წელს ატარებენ (საშუალოდ 12.1 წელს, მამაკაცების 9.3 წელთან შედარებით).

მეცნიერთა განმარტებით, არაჯანსაღად გატარებული წლების 57.4%-ს ძირითადად არაფატალური ქრონიკული მდგომარეობები განაპირობებს — მათ შორის პირველ ადგილზე ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევებია (განსაკუთრებით წელის ტკივილი), რასაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (დეპრესია, შფოთვა) და ასაკობრივი სმენის დაქვეითება მოსდევს.

IHME-ის მკვლევართა თქმით, ჯანდაცვის სისტემების მთავარი გამოწვევა ახლა არა უბრალოდ სიცოცხლის გახანგრძლივება (lifespan), არამედ ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობის (healthspan) გაზრდა და ქრონიკული დაავადებების ადრეული პრევენციაა.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები