14 წლის ინდოელმა ბიჭმა, სიდჰართ ნანდიალამ, შექმნა Circadian AI — ხელოვნური ინტელექტის მქონე აპლიკაცია, რომელსაც გულის უკმარისობისა და სხვა პათოლოგიების ადრეული ნიშნების აღმოჩენა სულ რაღაც შვიდ წამში შეუძლია. აპლიკაცია იყენებს სმარტფონის მიკროფონს, იწერს გულის ხმებს, ფილტრავს ფონურ ხმაურს და ღრუბლოვანი მანქანური სწავლების გამოყენებით აანალიზებს მათ, რათა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების სწრაფი წინასწარი დიაგნოსტიკა უზრუნველყოს.
აპლიკაციის სიზუსტემ კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც აშშ-სა და ინდოეთში თითქმის 19,000 პაციენტი მონაწილეობდა, 96%-ს გადააჭარბა. Circadian AI-ს შეუძლია არითმიების, არარეგულარული გულისცემის, გულის კორონარული დაავადების მარკერებისა და სარქვლის პრობლემების იდენტიფიცირება მხოლოდ ტელეფონის გულმკერდთან მიტანით.
სიდჰართი აღნიშნავს, რომ ეს მძლავრი ინსტრუმენტი მხოლოდ პროფესიონალებისთვისაა და არ ცვლის ტრადიციულ დიაგნოსტიკურ მეთოდებს, მაგალითად, ელექტროკარდიოგრამას.
Circadian AI-ის გარდა, სიდჰართს შთამბეჭდავი მიღწევების ისტორია აქვს. მანამდე მან მკლავის დაბალბიუჯეტიანი პროთეზი შექმნა და დააარსა STEM IT, სტარტაპი, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით განათლების ხელშეწყობას ემსახურება. ამჟამად ის ტეხასის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის პირველკურსელია და გეგმავს, რომ აპლიკაციის შესაძლებლობები გააფართოოს, რათა მას ფილტვის დაავადებების, მაგალითად, პნევმონიისა და ემბოლიის აღმოჩენაც შეეძლოს მსგავსი ხმოვანი ანალიზის გამოყენებით.
სიდჰართის მიზანი მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარება არაა. ის ცდილობს, ახალი თაობის გამომგონებლები შთააგონოს. როგორც მან Frisco Style Magazine-თან აღნიშნა, სურს შექმნას ისეთი მემკვიდრეობა, რომლის კვლასაც გაჰყვებიან ნოვატორები და შეძლებენ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.
ექსპერტები აპლიკაციაში დიდ პოტენციალს ხედავენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მისით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაში.
სულ რაღაც შვიდ წამში ამ არაჩვეულებრივი მოზარდის აპლიკაციამ შეიძლება უამრავი სიცოცხლე გადაარჩინოს და დაამტკიცოს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა სამაყაროზე სრულიად ახალგაზრდა გონებასაც შეუძლია.
წყარო: India Times

