ბავშვთა სიმსივნეებში აღმოჩენილი ქიმიოთერაპიის გენომური კვალი პერსონალიზებული მკურნალობის ახალ პერსპექტივებს აჩენს

გააზიარე

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა უახლესი საერთაშორისო კვლევა, რომლის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ჩატარებული ქიმიოთერაპია სიმსივნური უჯრედების გენომში ტოვებს სპეციფიკურ გენომურ „ანაბეჭდებს“ (genomic signatures), რომელთა გამოვლენა შესაძლებელია თერაპიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში. აღნიშნული აღმოჩენა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პრეციზიული ონკოლოგიის განვითარების მიმართულებით, რადგან შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ გენომური ცვლილებების ადრეულ გამოვლენას, რომლებიც მოგვიანებით მკურნალობისადმი რეზისტენტობის განვითარების, რეციდივისა და მეტასტაზირების გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული.

ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში ქიმიოთერაპია კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად თერაპიულ მეთოდად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მკურნალობის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დღეს ბავშვთა ონკოლოგიურ პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებელი 85%-ზე მეტია (survival rate), ქიმიოთერაპიის გამოყენებას თან ახლავს მნიშვნელოვანი გამოწვევები. ქიმიოთერაპიის ტოქსიკური ზემოქმედების შედეგად შესაძლოა დაზიანდეს არა მხოლოდ სიმსივნური, არამედ ჯანმრთელი უჯრედებიც, რაც ზრდის გვიანი გართულებების განვითარების რისკს, მათ შორის მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეების, გულის დაზიანებისა და სხვა ქრონიკული მდგომარეობების განვითარების ალბათობას.

აქამდე მკვლევრებმა ზუსტად არ იცოდნენ, დნმ-ის დაზიანების რა ნაწილი იყო დაკავშირებული ქიმიოთერაპიის ზემოქმედებასთან ან როდის და როგორ წარმოიქმნებოდა პედიატრიულ პაციენტებში მკურნალობისადმი რეზისტენტული სიმსივნეები.

კვლევა ჩატარდა The Hospital for Sick Children (SickKids)-ის მკვლევართა ჯგუფის მიერ, მასში მონაწილეობდნენ კანადის, ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ცენტრები. მკვლევრებმა შეისწავლეს 544 პაციენტისგან მიღებული 600-ზე მეტი სიმსივნის ნიმუში. ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა სრული გენომის სეკვენირება (Whole Genome Sequencing – WGS), რომელიც შერწყმული იყო პაციენტების დეტალურ კლინიკურ მონაცემებთან და SickKids-ში სპეციალურად შექმნილ თანამედროვე გამოთვლით ალგორითმებთან. ამ მიდგომამ მკვლევრებს საშუალება მისცა, გამოევლინათ სხვადასხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატის მიერ დატოვებული სპეციფიკური გენომური ანაბეჭდები.

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რეციდივირებულ ან მეტასტაზირებულ სიმსივნეებში აღმოჩენილი მუტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა თავდაპირველი მკურნალობისას გამოყენებულ ქიმიოთერაპიას. ტრადიციულად არსებობდა მოსაზრება, რომ ბავშვთა სიმსივნეები გენეტიკურად შედარებით „მშვიდია“, რადგან მათ განვითარებას ნაკლები დრო ჰქონდათ და შესაბამისად მუტაციებიც ნაკლები უნდა დაგროვებულიყო. თუმცა ახალი მონაცემები ამ წარმოდგენას მნიშვნელოვნად ცვლის.

კვლევის მიხედვით, სიმსივნურ უჯრედებში გამოვლენილი მრავალი ახალი მუტაცია უშუალოდ დაკავშირებული აღმოჩნდა გამოყენებულ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიული საშუალებები, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური პაციენტების თითქმის ნახევარში გამოიყენება. მკურნალობის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში პლატინის ჯგუფის პრეპარატებისათვის დამახასიათებელი გენომური „ხელწერა“ აღმოჩნდა გადარჩენილი სიმსივნური უჯრედების 48%-ში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი გენომური ცვლილების აღმოჩენა შესაძლებელი გახდა მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 91 დღის შემდეგ. ეს მიუთითებს, რომ სიმსივნის ევოლუციური პროცესები და ქიმიოთერაპიის ზემოქმედებით წარმოქმნილი გენეტიკური ადაპტაცია ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე დაავადების კლინიკური პროგრესირება ან რეციდივი გახდება შესამჩნევი.

გენომური „ანაბეჭდები“ წარმოადგენს მოლეკულურ კვალს, რომელიც ასახავს სიმსივნური უჯრედების გენომში თერაპიის საპასუხოდ განვითარებულ ცვლილებებს. თითოეულ პრეპარატს შეუძლია დატოვოს საკუთარი სპეციფიკური მოლეკულური კვალი, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს, როგორ რეაგირებდა სიმსივნე მკურნალობაზე, რა ინტენსივობით დაგროვდა დნმ-ის დაზიანება და ხომ არ იწყებს სიმსივნე ისეთი კლონების ფორმირებას, რომლებიც მომავალში მკურნალობისადმი რეზისტენტულნი გახდებიან.

ეს ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პერსონალიზებული მედიცინის განვითარების პირობებში. თუ მსგავსი გენომური ანაბეჭდები მომავალშიც დადასტურდება ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებში, ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ბიომარკერებად, რომლებიც ექიმებს საშუალებას მისცემს დროულად შეაფასონ მკურნალობის ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ თერაპიული სტრატეგია მანამდე, სანამ დაავადება რეციდივს ან მეტასტაზირებას გამოიწვევს.

ბავშვთა ონკოლოგიაში ამ მიდგომას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ქიმიოთერაპიის ინტენსივობის შემცირება იმ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ არასასურველი გენომური ცვლილებები, შესაძლოა შეამციროს მკურნალობასთან დაკავშირებული გვიანი გართულებების განვითარების რისკი. ბავშვებისთვის, რომელთაც წინ მთელი ცხოვრება ელოდებათ, ასეთი გართულებები — მათ შორის მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეები ან გულის ქრონიკული დაავადებები — მნიშვნელოვან სამედიცინო და სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მომავალში შესაძლებელია შეიქმნას ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომლის საფუძველიც სწორედ გენომური ანაბეჭდების მონიტორინგი იქნება. მსგავსი სისტემა საშუალებას მისცემს კლინიცისტებს მკურნალობის დაწყებიდან უკვე დაახლოებით სამი თვის განმავლობაში განსაზღვრონ, ხომ არ ვითარდება სიმსივნეში ისეთი გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც მომავალში რეციდივის ან თერაპიული რეზისტენტობის მაღალ რისკზე მიუთითებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი მონიტორინგი განხორციელდეს არაინვაზიური სისხლის ანალიზის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს როგორც ბავშვების, ისე ზრდასრული ონკოლოგიური პაციენტების მეთვალყურეობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგები დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზებშიც დადასტურდა, მათ შორის ზრდასრულ პაციენტებში, რაც მიუთითებს აღმოჩენის ფართო კლინიკურ პოტენციალზე.

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე გენომიკა და მაღალი სიზუსტის ბიოინფორმატიკა ონკოლოგიის განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს. ქიმიოთერაპიის შედეგად წარმოქმნილი გენომური „ანაბეჭდების“ იდენტიფიცირება შეიძლება გახდეს ახალი თაობის ბიომარკერების საფუძველი, რომლებიც არა მხოლოდ მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებას, არამედ თერაპიის ინდივიდუალურ მორგებას, არასაჭირო ტოქსიკურობის შემცირებასა და ბავშვთა ონკოლოგიური პაციენტების გრძელვადიანი პროგნოზის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუ მომავალი კლინიკური კვლევებიც დაადასტურებს ამ შედეგებს, გენომური ანაბეჭდების გამოყენება შესაძლოა ბავშვთა და ზრდასრულთა ონკოლოგიური პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცეს, რაც ზუსტი მედიცინის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

წყარო: medicalxpress.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები