ხანგრძლივმა ფინანსურმა სიდუხჭირემ შესაძლოა ტვინის დაბერების პროცესი დააჩქაროს. University College London-ის (UCL) მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაბალი შემოსავლისა და ფინანსური სტრესის პირობებში ცხოვრობდნენ, ასაკის მატებასთან ერთად უფრო სუსტი შემეცნებითი უნარები და ტვინის ნაადრევი დაბერების ნიშნები აღენიშნებათ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1946 წელს დაბადებული 2,759 ბრიტანელის მონაცემები გააანალიზეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ქრონიკული ფინანსური გაჭირვების მქონე მონაწილეებმა შედარებით დაბალი ქულები აიღეს ვერბალური მეხსიერებისა და ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის ტესტებში. გარდა ამისა, მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ (MRI) აჩვენა ტვინის შემცირებული მოცულობა და პარკუჭების გაფართოება, რაც ტვინის დაბერების პირდაპირი მარკერებია.
მეცნიერთა განმარტებით, ტვინის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით უარყოფითად არა მოკლევადიანი გაჭირვება, არამედ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ქრონიკული ფინანსური სტრესი მოქმედებს. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმში მუდმივი ნერვული დაძაბულობით გამოწვეულ ანთებით პროცესებთან ან იმ მაღალ კოგნიტურ დატვირთვასთან, რასაც მუდმივი ფინანსური დარდი იწვევს. ეფექტი განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა მამაკაცებში, ბავშვობაში მძიმე პირობებში გაზრდილ პირებსა და იმ ადამიანებში, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების რისკ-გენს (APOE-ε4) ატარებენ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტური დაქვეითება გენეტიკასა და ინდივიდუალურ ქცევებზეა დამოკიდებული, მასზე უდიდეს გავლენას ახდენს ის სოციალურ-ეკონომიკური პირობებიც, რომელთა კონტროლიც ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ.
წყარო: FoxNews

