მსოფლიო აივ-ინფექციის ეპიდემიის ხელახალი აფეთქების რისკის წინაშე დგას, რისი მთავარი მიზეზიც გასულ წელს საერთაშორისო დაფინანსების თითქმის მეხუთედით შემცირებაა. ამის შესახებ გაეროს შიდსის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ბრაზილიაში გამართულ შიდსის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წელს საერთაშორისო დაფინანსება 18%-ით შემცირდა და 7.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შემცირება ძირითადად ვაშინგტონის მიერ საგარეო დახმარებების შეზღუდვამ გამოიწვია, რადგან აშშ მანამდე საერთაშორისო აივ-დაფინანსების 75%-ს უზრუნველყოფდა. მართალია, ადგილობრივმა ბიუჯეტებმა დანაკლისი ნაწილობრივ შეავსეს, თუმცა რესურსების საერთო შემცირებამ მაინც 6% შეადგინა.
დაფინანსების დეფიციტმა ყველაზე მძიმედ პრევენციული, ტესტირებისა და თემზე დაფუძნებული პროგრამები დააზარალა. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა სუბსაჰარულ აფრიკაში, რომელზეც გლობალურად ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი მოდის.
UNAIDS-ის შეფასებით, შექმნილი კრიზისი საფრთხეს უქმნის ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, რამაც სიკვდილიანობა და ინფიცირების მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სოლიდარობის აღდგენის გარეშე, 2030 წლისთვის შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის, საბოლოოდ დამარცხების გლობალური გეგმა ჩაშლის პირასაა. გასულ წელს მსოფლიოში აივ-ინფექციით კიდევ 1.2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.
წყარო: Reuters

