ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ფილტვის ფუნქციის გლობალური ინიციატივების (GOLD; GLI) ერთობლივი განცხადება სპირომეტრიის სტანდარტების ირგვლივ სამი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე სამეცნიერო პოლემიკას წერტილს უსვამს.
ეს დოკუმენტი სპირომეტრიის – სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამოვლენის აღიარებული „ოქროს სტანდარტის“ – გამოყენების წესებს კლინიცისტებისთვის საბოლოოდ განმარტავს. კონსენსუსის საფუძველზე ფქოდ-ის დიაგნოზის ზუსტი დადასტურება ან უარყოფა პაციენტთა მკურნალობის უფრო ეფექტური სტრატეგიის ჩამოყალიბების წინაპირობაა.
საკითხის აქტუალობას თავად დაავადების მასშტაბები მოწმობს: ფქოდ-ი მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, რომელიც ფილტვების პროგრესირებადი დაზიანებით მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ სპირომეტრია ობსტრუქციის შეფასების ობიექტური საზომია, მასზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ფართოდ გავრცელებული ჰიპოდიაგნოსტიკის მთავარი მიზეზი ხდება.
ფქოდ-ის ჰეტეროგენულობა
ფქოდ-ის დიაგნოსტიკის პროცესში არსებული გაურკვევლობა დაავადების გამოხატულ ჰეტეროგენულობას, გაზომვის ცდომილებებსა და ბიოლოგიურ ვარიაბელობას ხშირად უკავშირდება. ვინაიდან ფილტვის ფუნქციის დარღვევა არა მკვეთრ ნიშნულებს, არამედ უწყვეტ სპექტრს წარმოადგენს, ნებისმიერი დიაგნოსტიკური ზღვარი ნორმალურ ვარიაციასა და რეალურ პათოლოგიას ერთმანეთისგან სრულყოფილად ვერ მიჯნავს.
აღსანიშნავია, რომ მონაცემები ჰიპერ- ან ჰიპოდიაგნოსტიკის შესახებ ხშირად ჯანმრთელი ადამიანების კვლევიდან და არა მაღალი რისკის მქონე სიმპტომური პაციენტებისგან მომდინარეობს. რეალურ პრაქტიკაში, 40 წელს გადაცილებულ მწეველებში შეუსაბამობა ფიქსირებულ 0.7-იან თანაფარდობასა და LLN-ს (ნორმის ქვედა ზღვარს) შორის შემთხვევათა მხოლოდ მცირე ნაწილს, დაახლოებით 8-18%-ს ეხება.
ეგრეთ წოდებულ „ნაცრისფერ ზონებში“, სადაც FEV1/FVC (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა პირველ წამში შეფარდებული ფილტვების ფორსირებულ სასიცოცხლო ტევადობასთან) მაჩვენებელი 0.6-დან 0.8-მდე მერყეობს, კლინიცისტმა საბოლოო დიაგნოსტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე არ უნდა მიიღოს. ასეთ შემთხვევებში შედეგების გადამოწმება განმეორებითი ტესტირებით ან დამატებითი მაჩვენებლების, მაგალითად, ფილტვების ნელი სასიცოცხლო ტევადობის (SVC) განსაზღვრით აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.
გარდა ტექნიკური მხარისა, დიაგნოზზე გავლენას პაციენტის ფიზიკური მდგომარეობაც ახდენს. მაგალითად, სიმსუქნემ ფილტვის მოცულობების (FVC) პროპორციული შემცირების გზით შესაძლოა თანაფარდობის ცრუ ნორმალიზება და ობსტრუქციის შენიღბვა განაპირობოს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მხოლოდ ციფრულ მონაცემებზე დაყრდნობა არასაკმარისია და კლინიცისტმა ყოველთვის პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის კრიტიკული ანალიზი უნდა აწარმოოს.
დებატების არსი: ფიქსირებული თანაფარდობა თუ ნორმის ქვედა ზღვარი (LLN)?
ფქოდ-ის დიაგნოსტიკის პროცესში სპირომეტრიის მთავარ დანიშნულებას ამოსუნთქვის ნაკადის შეზღუდვის იდენტიფიცირება წარმოადგენს, რაც FEV1/FVC თანაფარდობის შემცირების გაზომვას ეფუძნება. მიუხედავად მეთოდის ფუნდამენტური მნიშვნელობისა, სამეცნიერო წრეებში ნორმასა და პათოლოგიას შორის ზუსტი ზღვრის შესახებ დავა არ წყდება. მოცემულ დებატებში ორი ძირითადი, საკუთარი კლინიკური საფუძვლებით გამყარებული მიდგომა ფიგურირებს.
დებატების ერთ მხარეს GOLD დგას, რომელიც 2001 წლიდან პრაქტიკული და გამარტივებული მოდელის გამოყენებას ემხრობა. მოცემული რეკომენდაციით, ობსტრუქციის დიაგნოსტიკურ ზღვარს ბრონქოდილატაციური ტესტის შემდგომი ფიქსირებული თანაფარდობა (< 0.7) წარმოადგენს. ამ მიდგომის უპირატესობას მისი სიმარტივე და საორიენტაციო მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლობა განაპირობებს, რაც რისკ-ჯგუფების სკრინინგის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.
GOLD-ის პოზიციის საპირისპიროდ, ამერიკის თორაკალური საზოგადოება (ATS), ევროპის რესპირატორული საზოგადოება (ERS) და GLI უპირატესობას ნორმის ქვედა ზღვარს (LLN) ანიჭებენ. ეს მაჩვენებელი ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, სქესისა და სიმაღლის გათვალისწინებით, ჯანმრთელი პოპულაციის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება. LLN-ის მომხრეთა მთავარი არგუმენტით, ფილტვის ფუნქცია, მაგალითად, ქსოვილის ელასტიურობის დაკარგვის გამო, ასაკთან ერთად ბუნებრივად ქვეითდება. შესაბამისად, ფიქსირებული 0.7-იანი ზღვარი ახალგაზრდებში ობსტრუქციის “გამორჩენის”, ხოლო ხანდაზმულებში ჰიპერდიაგნოსტიკის მიზეზი შესაძლოა გახდეს.
თავის მხრივ, არც LLN მეთოდია უნაკლო, რადგან იგი პირდაპირ იმ რეფერენტული მონაცემების ხარისხზეა დამოკიდებული, რომლებსაც პაციენტის მაჩვენებლებს ვადარებთ. არსებობს რისკი, რომ ე.წ. „ჯანმრთელ“ საკონტროლო ჯგუფებში ფარული დაავადებების მქონე პირთა მოხვედრამ საბოლოო შედეგების უზუსტობა და უსიმპტომო ახალგაზრდებში მცდარი დიაგნოზის დასმა გამოიწვიოს.
მიუხედავად თეორიული სხვაობებისა, სიმპტომურ პაციენტებში ობსტრუქციის იდენტიფიცირებისთვის ორივე მეთოდი თანაბრად მნიშვნელოვანია. ხანდაზმულ მწეველებში ფიქსირებული 0.7-იანი ზღვარი ხშირად ისეთ პათოლოგიურ ცვლილებებს ააშკარავებს, რომლებსაც LLN-ის მაჩვენებელი ვერ აფიქსირებს. ასეთ პირებში არსებული რესპირატორული ჩივილები და აირცვლის დარღვევა დაავადების რეალურ პროგრესირებაზე პირდაპირ მიუთითებს. შესაბამისად, ფიქსირებული თანაფარდობა მაღალი რისკის ჯგუფებში კლინიკურად მნიშვნელოვან დაავადებას LLN-ის მეთოდზე ბევრად უფრო ადრე ავლენს.
თუმცა, სადიაგნოსტიკო ზღურბლების შესახებ ყოველგვარი მსჯელობა აზრს კარგავს, თუ თავად სპირომეტრიის ხარისხი სათანადო სტანდარტებს არ შეესაბამება. ვალიდური და კლინიკურად გამოსაყენებელი შედეგის მისაღებად რამდენიმე კრიტიკული პირობის დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა. უპირველეს ყოვლისა, პაციენტმა ფილტვების სრული ტევადობიდან ნაკადის პლატომდე, ანუ სრულ დაცლამდე, მაქსიმალურად სწრაფი და ძლიერი ფორსირებული ამოსუნთქვა უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მიღებული ტესტი ხველის, ადრეული შეწყვეტის ან სხვა მსგავსი არტეფაქტებისგან სრულიად თავისუფალი უნდა იყოს. მოცემულ პროცესში გადამწყვეტი როლი სამედიცინო პერსონალს ენიჭება, რომელმაც პაციენტის სწორი ინფორმირება, და ტექნიკური შესრულების უწყვეტი მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს.
დიაგნოსტიკური გაურკვევლობა და მისი გავლენა კლინიკურ პრაქტიკაზე
სხვადასხვა საერთაშორისო გაიდლაინს შორის არსებულმა წინააღმდეგობრივმა რეკომენდაციებმა სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია კლინიცისტებში – დაწყებული პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან, დასრულებული სტაციონარებითა და ვიწროპროფილური პულმონოლოგიური განყოფილებებით. ამ გაურკვევლობის გამო, ბევრი ექიმი სპირომეტრიას დღესაც ზედმეტად რთულად შესასრულებელ ან ინტერპრეტაციისთვის ბუნდოვან პროცედურად მიიჩნევს. აღნიშნული აღქმა ტესტის არასათანადო გამოყენებას უწყობს ხელს, რასაც საგანგაშო შედეგებამდე მივყავართ: პაციენტთა უმეტესობას, რომელთაც ფქოდ-ის დიაგნოზი ოფიციალურად აქვთ დასმული, ეს კვლევა არასდროს ჩაუტარებია.
ფქოდ-ის კლინიკური ნიშნის, ობსტრუქციის, გამოსავლენად სპირომეტრიის მნიშვნელობას GOLD და GLI ერთხმად ადასტურებენ. თუმცა, ორივე ინიციატივა მკაცრად მიუთითებს, რომ დიაგნოზის ფორმირება მხოლოდ ტექნიკური მაჩვენებლების საფუძველზე არამართებულია. სპირომეტრიული მონაცემებისა და დეტალური კლინიკური ანამნეზის სინთეზი სავალდებულოა, რადგან ტესტის იზოლირებული ინტერპრეტაცია ჯანმრთელი პაციენტების მცდარ დიაგნოსტირებას იწვევს.
ამ ფონზე მცირე სასუნთქი გზების შესასწავლად შექმნილი ინოვაციური მეთოდები (ოსცილომეტრია, ამონასუნთქი CO2-ის ანალიზი, ოპტოპლეტიზმოგრაფია, მაღალი სიზუსტის ვიზუალიზაცია) ხელმისაწვდომობის სერიოზულ ბარიერებს ჯერ კიდევ აწყდება. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური პროგრესი აქცენტს სპირომეტრიის გაცილებით მარტივ და ეფექტურ დანერგვაზე აკეთებს. ჩაშენებული ინსტრუქციების მქონე პორტატული აპარატურა ტესტირების პროცესს მაქსიმალურად აადვილებს, ციფრული პროგრამები კი შედეგების LLN-ის ზღვართან ავტომატური შეჯერებით ადამიანური შეცდომის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
განსაკუთრებული ყურადღება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებას ექცევა. რანდომიზებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემები პირველადი ჯანდაცვის დონეზე დიაგნოსტიკურ სიზუსტეს მნიშვნელოვნად ზრდის. ყოველივე ეს დაავადების მართვასა და სამეცნიერო კვლევებში სპირომეტრიის, როგორც იაფი და მრავალმხრივი ინსტრუმენტის, უალტერნატივობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ბრონქოდილატაციური პასუხისა და შექცევადობის გამიჯვნა
ბრონქოდილატაციურ პასუხსა და ობსტრუქციის შექცევადობას შორის არსებული განსხვავების გააზრება კლინიკური დიაგნოსტიკის პროცესში გადამწყვეტია. ხშირ შემთხვევაში, ეს ორი ტერმინი ერთმანეთში ირევა, რაც დიაგნოზის ინტერპრეტაციისას გარკვეულ გაუგებრობას იწვევს. ბრონქოდილატაციური პასუხი მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ რამდენად გაუმჯობესდა ფილტვის ფუნქციის კონკრეტული მაჩვენებლები, მაგალითად FEV1 ან FVC, პრეპარატის მიღების შემდეგ. ეს არის წმინდა ციფრული მატება, რომელიც სასუნთქი გზების რეაქტიულობაზე მიუთითებს.
ამის საპირისპიროდ, ობსტრუქციის შექცევადობა გაცილებით უფრო მკაცრ კრიტიკულ ზღვარს წარმოადგენს. იგი გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც პრეპარატის ზემოქმედებით FEV1/FVC თანაფარდობა ნორმალიზდება და დადგენილ ნორმას (0.7-ს ან LLN-ს) უთანაბრდება. ფქოდ-ით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა ბრონქოდილატატორზე დადებით კლინიკურ პასუხს კი ავლენს, თუმცა ობსტრუქციის სრულ აღმოფხვრას, ანუ შექცევადობას, სასუნთქი გზების სტრუქტურული დაზიანების გამო მაინც ვერ აღწევს.
ასთმის გამოსარიცხად და მიღებული მონაცემების სიზუსტის დასადასტურებლად ბრონქოდილატაციური ტესტის გამოყენება აუცილებელი ეტაპია. მართალია, პრეპარატის გამოყენების შემდგომი ციფრები უფრო მყარ და სტაბილურ სადიაგნოსტიკო საფუძველს ქმნის, თუმცა საწყისი, ბაზალური მონაცემებიც თავის ფუნქციურ ვალიდურობას ინარჩუნებს. შესაბამისად, კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას ექიმმა ორივე ფაზის შედეგები კომპლექსურად უნდა განიხილოს.
ობსტრუქციის სიმძიმის კლასიფიკაცია
ობსტრუქციის სიმძიმის განსაზღვრისას სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა. მაგალითად, GOLD FEV1-ის პროგნოზირებულ პროცენტულ მაჩვენებელს იყენებს, ხოლო ATS/ERS უპირატესობას Z-ქულებს (z-scores) ანიჭებს. ეს უკანასკნელი პაციენტის ასაკის, სიმაღლისა და სქესის მიხედვით სტანდარტიზებულ მონაცემებს წარმოადგენს. მართალია, Z-ქულები ქოშინსა და ჰოსპიტალიზაციის რისკს უფრო ზუსტად ასახავს, თუმცა სიკვდილიანობის პროგნოზირებაში FEV1-ის აბსოლუტური მაჩვენებელი ორივე მათგანს მაინც სჯობნის.
ფილტვის ფუნქციის შეფასებისას ერთ-ერთ მთავარ სირთულეს ისტორიულად დამკვიდრებული რასობრივი კოეფიციენტები წარმოადგენს. წლების განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს ფილტვის განსხვავებული ბუნებრივი მოცულობა აქვთ, რაც ხშირად რეალური პათოლოგიის ნორმად მიჩნევას ან სოციალური უთანასწორობის უნებლიე გამყარებას იწვევს. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თანამედროვე მედიცინა 2022 წლიდან GLI-ის რასობრივად ნეიტრალურ, ერთიან გლობალურ სტანდარტზე გადასვლას ცდილობს.
მიუხედავად ამ წინ გადადგმული ნაბიჯისა, ერთიანი მოდელი სხვადასხვა რეგიონის სპეციფიკურ ბიოლოგიურ თავისებურებებს მაინც ბოლომდე ვერ მოიცავს. პრობლემას ისიც ართულებს, რომ ფილტვის მოცულობა არა იმდენად რასაზე, არამედ სხეულის ინდივიდუალურ პროპორციებზე, კერძოდ, გულმკერდის ზომაზეა დამოკიდებული. რადგან გულმკერდის ზუსტი პარამეტრების გაზომვა პრაქტიკაში დიდ სირთულეს წარმოადგენს, ექიმები ხშირად მჯდომარე მდგომარეობაში სიმაღლის განსაზღვრას იყენებენ, თუმცა ეს მეთოდიც მხოლოდ მიახლოებულ მონაცემებს იძლევა.
საბოლოო ჯამში, ფილტვის ფუნქციის შეფასებისას მთავარ ორიენტირს არა მხოლოდ ციფრული ნიშნულები, არამედ მიღებული მონაცემების ვალიდურობა წარმოადგენს. ხარისხიანი სპირომეტრია და პაციენტის სიმპტომების სიღრმისეული ანალიზი მცდარი დიაგნოზის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ამ პროცესების ერთობლიობა კი პერსონალიზებული თერაპიული სტრატეგიის შემუშავებისა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია.
წყარო: ERS

