აშშ-ში, Texas Children’s Hospital-ში, განხორციელდა ერთ-ერთი პირველი ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ნაყოფს გასტროშიზისის (gastroschisis) რთული ფორმის კორექცია მუცლადყოფნის პერიოდში ჩაუტარდა. აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ კლინიკურ გამოცდილებას, რომლის ფარგლებშიც მუცლის წინა კედლის თანდაყოლილი დეფექტის ქირურგიული კორექცია ნაყოფის განვითარების პერიოდში, დაბადებამდე, განხორციელდა. პაციენტი ოპერაციის შემდეგ ვადაზე დაიბადა და ამჟამად ასაკის შესაბამისად ნორმალურად ვითარდება.
გასტროშიზისი არის მუცლის წინა კედლის თანდაყოლილი განვითარების დეფექტი, რომლის დროსაც მუცლის კედლის არასრული ჩამოყალიბების გამო ნაწლავები და იშვიათად სხვა შინაგანი ორგანოებიც მუცლის ღრუს გარეთ მდებარეობს. აღნიშნული მდგომარეობა დაახლოებით ყოველ 3 000 ახალშობილში ერთს აღენიშნება. დაავადების კლინიკური მიმდინარეობა და სიმძიმე მნიშვნელოვნად განსხვავდება: მსუბუქ შემთხვევებში ახალშობილებს შესაძლოა დასჭირდეთ მხოლოდ ქირურგიული კორექცია და ინტენსიური მეთვალყურეობა, მაშინ როდესაც რთული ფორმების მართვა ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას, ნაწლავის ფუნქციის დარღვევის მკურნალობას, ხანგრძლივ პარენტერალურ კვებას და ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავის ტრანსპლანტაციას.
მოცემულ კლინიკურ შემთხვევაში, გასტროშიზისის დიაგნოზი ნაყოფს ორსულობის მე-20 კვირაზე ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე დაუსვეს. საწყის ეტაპზე ორსულობის მიმდინარეობა გართულების ნიშნების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა შემდგომმა პრენატალურმა შეფასებებმა დაადასტურა გასტროშიზისის რთული ფორმის არსებობა, რომელიც ასოცირებული იყო მძიმე პოსტნატალური გართულებების განვითარების მომატებულ რისკთან. მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით, ლონდონის Great Ormond Street Hospital-ის მულტიდისციპლინურმა გუნდმა ოჯახი გადაამისამართა აშშ-ის Texas Children’s Hospital-ში, სადაც ჩატარდა ნაყოფის კლინიკური კვლევა გასტროშიზისის პრენატალური კორექციის შესაფასებლად.
ქირურგიული ჩარევა ორსულობის 26-ე კვირაზე განხორციელდა. პროცედურის დაწყებამდე დედას ჩაუტარდა სპეციალური ინტერვენცია, რომლის მიზანი იყო ნაყოფის მუცლის კედლის კუნთების მოდუნება და ქირურგიული კორექციის გამარტივება. შემდეგ ქირურგებმა ნაწილობრივ გახსნეს საშვილოსნო, დროებით შეცვალეს ამნიონური სითხის გარემო და მინიმალურად ინვაზიური, ე.წ. ლაპაროსკოპიული ტექნიკის გამოყენებით ნაყოფის გარეთ განვითარებული ნაწლავები ფრთხილად დააბრუნეს მუცლის ღრუში.
ოპერაციის შემდეგ ორსულობა გაგრძელდა და თეო ვადაზე დაიბადა. ექიმების შეფასებით, პროცედურის შემდგომ პერიოდში დედისა და ნაყოფის მდგომარეობის გაუარესება ან მნიშვნელოვანი გართულებები არ გამოვლენილა. Texas Children’s Hospital-ის ნაყოფის ქირურგიის გუნდის შეფასებით, მიღებული შედეგები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის რთული გასტროშიზისის მართვის ახალი სტრატეგიების განვითარებისათვის.
პრენატალური ქირურგიის განვითარება მედიცინის ერთ-ერთ სწრაფად პროგრესირებად მიმართულებად მიიჩნევა. სპეციალისტების შეფასებით, მომავალში ეს მიდგომა შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ნერვული მილის დეფექტებისა და გასტროშიზისის, არამედ გულისა და ფილტვის თანდაყოლილი პათოლოგიების სამკურნალოდაც. მიუხედავად იმისა, რომ ფეტალური ქირურგიის ეს მიდგომა ჯერ კიდევ კლინიკური კვლევის ეტაპზეა და საჭიროებს დამატებით შეფასებას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, თეოს შემთხვევა აჩვენებს, რომ პრენატალურ ქირურგიას შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს რთული თანდაყოლილი მანკების მართვასა და ახალშობილთა გრძელვადიანი კლინიკური შედეგების გაუმჯობესებაში.
წყარო: www.bbc.com

