გრაფენი, უახლესი აღმოჩენა ბაქტერიორეზისტენტობის წინააღმდეგ

გააზიარე

გრაფენი, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მასალად მიიჩნევა ნანოტექნოლოგიასა და მედიცინაში, ახალი აღმოჩენის გამო კვლავ მეცნიერების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. უახლესი კვლევების მიხედვით, გრაფენის ოქსიდს შეუძლია ეფექტურად გაანადგუროს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები, ე.წ. „სუპერბაქტერიები“, ამავე დროს კი პრაქტიკულად არ აზიანებს ადამიანის უჯრედებს. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ინფექციური დაავადებების მკურნალობის ახალი გზების ძიებაში.

გრაფენი არის ნახშირბადის ატომებისგან შემდგარი ერთატომიანი სისქის ფენა, რომელიც განლაგებულია ექვსკუთხა, ე.წ. „ფიჭური“ სტრუქტურით. იგი პირველად 2004 წელს მიიღეს მანჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ანდრე გლემმა და კონსტანტინ ნოვოსელოვმა, რისთვისაც მოგვიანებით ნობელის პრემიაც დაიმსახურეს. გრაფენი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, მაღალი ელექტროგამტარობითა და მოქნილობით, რაც მას მრავალ სფეროში გამოყენების უნიკალურ მასალად აქცევს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მრავალი ბაქტერია დროთა განმავლობაში ავითარებს მექანიზმებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ გადაურჩნენ ტრადიციულ თერაპიას, რის შედეგადაც ინფექციების მკურნალობა უფრო რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ალტერნატიული მეთოდების განვითარება, რომლებიც არ არის დამოკიდებული კლასიკურ ანტიბიოტიკებზე.

გრაფენის ოქსიდის მოქმედების მექანიზმი მნიშვნელოვნად განსხვავდება ანტიბიოტიკებისგან. კვლევების თანახმად, იგი ფიზიკურად აზიანებს ბაქტერიულ უჯრედის მემბრანას, რაც იწვევს მათი სტრუქტურის დარღვევას და საბოლოოდ სიკვდილს. ამ პროცესში ქიმიური რეზისტენტობის განვითარება გაცილებით რთულია, რადგან ბაქტერიებს უჭირთ ადაპტირება ფიზიკურ დაზიანებაზე. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს გრაფენის განსაკუთრებულ პოტენციალს „სუპერბაქტერიებთან“ ბრძოლაში. აღნიშნული ანტიბაქტერიული ეფექტი გამოვლენილია უახლეს ლაბორატორიულ კვლევებში, მათ შორის მანჩესტერის უნისა და სხვა საერთაშორისო კვლევითი ჯგუფების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებში, სადაც შეფასდა მისი ზემოქმედება რეზისტენტულ მიკროორგანიზმებზე.

განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ გრაფენის ოქსიდი არ იწვევს მნიშვნელოვან ტოქსიკურ ეფექტს ადამიანის უჯრედებზე, რაც სხვა ანტიმიკრობული აგენტების გამოყენებისას ხშირად წარმოადგენს პრობლემას. ეს ნიშნავს, რომ მომავალში შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც სამედიცინო მოწყობილობების საფარად, ჭრილობების დამუშავების საშუალებად ან ინფექციების პრევენციის ინსტრუმენტად კლინიკურ გარემოში.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შედეგები ჯერ კიდევ ლაბორატორიულ დონეზეა მიღებული და საჭიროებს დამატებით კვლევებს კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვამდე, მეცნიერები უკვე საუბრობენ მის ფართო პერსპექტივებზე. გრაფენის ბაზაზე შექმნილი ტექნოლოგიები შესაძლოა გახდეს ახალი ეპოქის დასაწყისი ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არსებული ანტიბიოტიკები თანდათან კარგავს ეფექტურობას.

ამრიგად, გრაფენის გამოყენება მედიცინაში წარმოადგენს არა მხოლოდ ინოვაციურ, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ინფექციების მკურნალობის მიდგომები და შეამციროს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გლობალური ტვირთი.

sciencedaily

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები