დიდ ბრიტანეთში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტირზეპატიდის (Mounjaro) გამოყენებასა და პაციენტის გარდაცვალებას შორის შესაძლო კავშირს შეისწავლის

გააზიარე

სიმსუქნის სამკურნალო GLP-1/GIP რეცეპტორების აგონისტების ფართო გამოყენების პარალელურად სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მათი უსაფრთხოების პროფილსა და პოტენციურ იშვიათ გართულებებს. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო გამოძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა დიაგნოსტიკური სიფრთხილის მნიშვნელობა იმ პაციენტებში, რომლებიც ტირზეპატიდს (Mounjaro) იღებენ და მწვავე მუცლის ტკივილით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე ტირზეპატიდსა და პაციენტის სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

73 წლის ქალს, რომელიც ტირზეპატიდს დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში იღებდა სხეულის მასის შემცირებისა და ლიპედემის სიმპტომების შესამსუბუქებლად, პრეპარატის დოზის 7.5 მგ-დან 10 მგ-მდე გაზრდა ჰქონდა რეკომენდებული. დოზის გაზრდის პერიოდში მას მწვავე და მუდმივი მუცლის ტკივილი განუვითარდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი შეფასებისას კლინიცისტებმა განიხილეს მწვავე პანკრეატიტის შესაძლებლობა, რომელიც GLP-1 რეცეპტორების აგონისტების იშვიათ, მაგრამ ცნობილ გართულებად მიიჩნევა. თუმცა ლაბორატორიულმა კვლევებმა აღნიშნული დიაგნოზი არ დაადასტურა, ხოლო პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის საფუძველზე კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება ან ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩაითვალა. პაციენტი ტკივილგამაყუჩებლებით სახლში გაწერეს, თუმცა რამდენიმე საათში სახლში გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

გაკვეთის შედეგების მიხედვით, სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფეკალური პერიტონიტი, რომელიც სიგმოიდური დივერტიკულის პერფორაციამ გამოიწვია. პათოლოგიურმა კვლევამ ტირზეპატიდის გამოყენებასა და ნაწლავის პერფორაციას შორის მიზეზობრივი კავშირი ვერ დაადგინა. მიუხედავად ამისა, ინკვესტის ფარგლებში განიხილება, ხომ არ იქონია გავლენა იმ გარემოებამ, რომ პაციენტის სიმპტომები თავდაპირველად მედიკამენტის ცნობილი გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენებით აიხსნა, რის გამოც სხვა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ქირურგიული პათოლოგიების დიაგნოსტიკა შესაძლოა არასაკმარისი ყოფილიყო.

ტირზეპატიდი კუჭის დაცლის პროცესს ანელებს და ცნობილია, რომ მისი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და ყაბზობა. იშვიათ შემთხვევებში აღწერილია ნაღველკენჭოვანი დაავადების, ნაწლავის გაუვალობისა და სხვა გასტროინტესტინური გართულებების განვითარების რისკიც. ექსპერტების შეფასებით, ნაწლავის უკვე არსებული დაავადებების, მათ შორის დივერტიკულური დაავადების მქონე პაციენტებში, თეორიულად შეიძლება გაიზარდოს ანთებისა და პერფორაციის განვითარების რისკი, თუმცა ამ ეტაპზე ტირზეპატიდსა და ნაწლავის პერფორაციას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი სამეცნიერო მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.

აღნიშნული შემთხვევა ხაზს უსვამს, რომ GLP-1/GIP რეცეპტორების აგონისტებით მკურნალობისას განვითარებული მწვავე მუცლის ტკივილი მხოლოდ მედიკამენტის მოსალოდნელ გვერდით მოვლენად არ უნდა შეფასდეს. ასეთი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია სიცოცხლისთვის საშიში ქირურგიული და გასტროინტესტინური პათოლოგიების დროული გამორიცხვა შესაბამისი კლინიკური შეფასებითა და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოსახულებითი კვლევებით. ამავდროულად, მიმდინარე ინკვესტის საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა და არსებული მონაცემები არ ადასტურებს, რომ პაციენტის სიკვდილი უშუალოდ ტირზეპატიდის გამოყენებამ გამოიწვია. შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ფარმაკოვიგილანციის, ზუსტი კლინიკური შეფასებისა და მედიკამენტის შესაძლო გვერდითი მოვლენების დიფერენცირებული ინტერპრეტაციის მნიშვნელობაზე.

წყარო: www.telegraph.co.uk

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები