საკვებდანამატების გავლენა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე: NutriNet-Santé-ს უახლესი კვლევის შედეგები

გააზიარე

European Heart Journal-ში გამოქვეყნებულმა უახლესმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ სამეცნიერო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. კვლევის შედეგების თანახმად, სურსათში ფართოდ გამოყენებული საკვებდანამატები შესაძლოა დაკავშირებული იყოს არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაზრდილ რისკთან. ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გამოვლენილი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ასოციაციებისა, კვლევა ობზერვაციული ხასიათისაა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურების შესაძლებლობას არ იძლევა. შესაბამისად, საკითხის უფრო სიღრმისეული შეფასებისთვის აუცილებელია დამატებითი სიღრმისეული კვლევების ჩატარება. მეცნიერები ასევე მოუწოდებენ კოპეტენტურ მარეგულირებელ უწყებებს- აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასა (FDA) და ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA), გადაიხედოს საკვებდანამატების უსაფრთხოების შეფასების არსებული სტანდარტები.

საკითხის განსაკუთრებული აქტუალობა ულტრადამუშავებული სურსათის მოხმარების გლობალურმა ზრდამ განაპირობა. თანამედროვე კვების ინდუსტრიაში საკვებდნამატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივებასა და მიკრობული დაბინძურების პრევენციისთვის. 2019 წლის მონაცემებით, აშშ-ში რეალიზებული სასურსათო პროდუქტების დაახლოებით 33% შეიცავდა მინიმუმ ერთ კონსერვანტს.

აღნიშნული კვლევა განხორციელდა 2009 წელს საფრანგეთში დაწყებული ფართომასშტაბიანი NutriNet-Santé ინიციატივის ფარგლებში, რომელშიც ჩართული იყო 112 395 მონაწილე. პროექტის ფარგლებში სისტემატურად ფასდებოდა მონაწილეთა კვებითი ჩვევები, პარალელურად კი ნაწლავის მიკრობიომის მდგომარეობისა და მისი მეტაბოლური ზეგავლენის შესწავლის მიზნით ტარდებოდა სისხლისა და განავლის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზი. კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი 42.8 წელს შეადგენდა, ხოლო რესპონდენტთა დაახლოებით ორი მესამედი ქალი იყო; დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობამ 7.9 წელი შეადგინა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მონაწილეთა კვების რაციონში ყველაზე ხშირად გამოყენებული 58 სხვადასხვა საკვებდანამატი გამოავლინეს. ანალიზის დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ 17 ნაერთზე, რომლებიც კვლევის მონაწილეთა 10%-ზე მეტის რაციონში შედიოდა; შესაბამისად, მკვლევრებმა შეისწავლეს ამ კონკრეტული დანამატების მიღებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას შორის არსებული კავშირი. ყველაზე გავრცელებულ დანამატებს შორის დასახელდა ლიმონმჟავა, ლეციტინები, სულფიტები, ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ნიტრიტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ერითორბატი, ნატრიუმის ასკორბატი, კალიუმის მეტაბისულფიტი და კალიუმის ნიტრატი. აღნიშნული ნივთიერებების ძირითად წყაროს წარმოადგენს გადამუშავებული ხორცპროდუქტები, დამუშავებული ხილი, ბოსტნეული და ალკოჰოლური სასმელები.

კვლევის ანალიზის პროცესში მეცნიერებმა გაითვალისწინეს მრავალი ფაქტორი, მათ შორის ასაკი, სქესი, სხეულის მასის ინდექსი (BMI), ფიზიკური აქტივობა, მოწევა, განათლების დონე, ოჯახური ანამნეზი, მარილის, ალკოჰოლის, ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების მოხმარება. აღნიშნული ფაქტორების კორექტირების შემდეგაც დადგინდა, რომ კონსერვანტების მაღალი მიღება ასოცირდებოდა როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ისე არტერიული ჰიპერტენზიის უფრო მაღალ ინციდენტობასთან. კერძოდ, საერთო კონსერვანტების მაღალი მოხმარება ჰიპერტენზიის რისკს 24%-ით ზრდიდა, არაოქსიდანტური კონსერვანტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 29%-ს აღწევდა, ხოლო ანტიოქსიდანტური კონსერვანტების შემთხვევაში — 22%-ს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა სორბატები, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, კალიუმის მეტაბისულფიტი, ნიტრიტები, ნატრიუმის ნიტრიტი, ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ერითორბატი და სულფიტები, რომელთა მაღალი მოხმარება ჰიპერტენზიის განვითარების გაზრდილ რისკთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება უშუალოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი განსაკუთრებით ასკორბინის მჟავასთან დაფიქსირდა, რომლის მაღალი მიღება დაავადების განვითარების 15%-ით მომატებულ რისკთან ასოცირდებოდა.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მიღებული შედეგები არ უნდა განიმარტოს როგორც კონსერვანტების პირდაპირი მავნებლობის საბოლოო მტკიცებულება, თუმცა არსებული მონაცემები საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საკვებდანამატების უსაფრთხოების შეფასების თანამედროვე მიდგომები გადაიხედოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი სტატისტიკური კავშირი დიეტის საერთო ხარისხსა და ულტრადამუშავებული საკვების მოხმარებას შორის, რაც მიუთითებს, რომ აღმოჩენილი ასოციაციები მხოლოდ არაჯანსაღი კვებითი ჩვევებით ვერ აიხსნება. ამასთან, მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ ზოგიერთი კონსერვანტი, მაგალითად ასკორბინის მჟავა და ალფა-ტოკოფეროლი, ბუნებრივადაც გვხვდება სურსათში და მთლიან პროდუქტებში მათი მოხმარება, როგორც წესი, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ასოცირდება. თუმცა იზოლირებული ფორმითა და ინდუსტრიულად დამუშავებულ პროდუქტებში მათი ზემოქმედება შესაძლოა განსხვავებული იყოს, რაც დამატებით კვლევებს საჭიროებს.

კვლევის პარალელურად სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მაქსიმალურად შეამცირონ ულტრადამუშავებული სურსათის მოხმარება და უპირატესობა მიანიჭონ მთლიან, ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტებს. ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკვლევრისა და კლინიკური ნუტრიციოლოგის, დოქტორ ფედერიკა ამატის განცხადებით, კონსერვანტების სრულად თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში სასურსათო პროდუქტების დიდი ნაწილი ულტრადამუშავებულია. მისი რეკომენდაციით, კვების რაციონში მეტი ადგილი უნდა დაეთმოს ხილს, ბოსტნეულს, მთლიან მარცვლეულს, თხილეულს, თესლეულს და ბოჭკოთი მდიდარ სხვა პროდუქტებს, რომლებიც ნაწლავის მიკრობიომის, იმუნური სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გადამუშავებული ხორცპროდუქტებისა და გაზიანი სასმელების მოხმარების შემცირებას, რადგან ისინი ხშირად შეიცავს ნიტრატებს, ნიტრიტებსა და სხვა კონსერვანტებს, რომლებიც ჯანმრთელობის არასასურველ შედეგებთან ასოცირდება. სპეციალისტები ასევე ხაზს უსვამენ ეტიკეტების ყურადღებით წაკითხვის აუცილებლობას, რადგან ყველა ფერმენტირებული ან „ჯანსაღად“ მარკირებული პროდუქტი რეალურად ერთნაირი კვებითი ღირებულებით არ გამოირჩევა.

წყარო: medicalnewstoday.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები