სეფსისი ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას. ის დღემდე რჩება მთელ მსოფლიოში დედათა პრევენციული ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
გლობალური სტატისტიკით, 2021 წელს სამშობიარო სეფსისისა და მასთან დაკავშირებული ინფექციების დაახლოებით 19 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, რეალური ციფრი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებში დიაგნოსტიკის კრიტერიუმები და აღრიცხვის მეთოდები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება.
ორსულობა არ არის იმუნოდეფიციტური მდგომარეობა. პირიქით – დედის იმუნური სისტემა მუდმივად და გონივრულად გარდაიქმნება: ერთი მხრივ, ის უზრუნველყოფს ნაყოფის ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. თავის მხრივ, სეფსისიც იმუნოლოგიურად მუდმივად ცვალებადი პროცესია, თუმცა განსხვავება ისაა, რომ სეფსისის დროს ეს ცვლილებები მავნე და არაადაპტაციური ხასიათისაა. შედეგად ვიღებთ: უკონტროლო, ჭარბ ანთებას, იმუნიტეტის დათრგუნვას (იმუნოსუპრესიას), სისხლძარღვების დაზიანებასა და სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციის მოშლას.
იმის გააზრება, თუ სად ემთხვევა და რით განსხვავდება ერთმანეთისგან ორსულობის ნორმალური ფიზიოლოგია და მავნე სეფსისური პროცესები, სამშობიარო სეფსისის დროულ ამოცნობასა და მკურნალობას ფუნდამენტურად შეცვლის.
რატომ არის სეფსისის ამოცნობა რთული
ნორმალური ორსულობისას გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, თირკმლისა და სისხლმბადი სისტემების ფიზიოლოგიური მაჩვენებლები ისე იცვლება, რომ შესაძლოა სეფსისის ადრეულ გამოვლინებებს დაემსგავსოს.
ჩვეულებრივ, არტერიული წნევა და სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა იკლებს, მოცირკულირე სისხლის მოცულობა, გულისცემის სიხშირე და გულის წუთმოცულობა კი იმატებს. იზრდება ლეიკოციტების, განსაკუთრებით ნეიტროფილების რაოდენობა, ხოლო ზომიერი თრომბოციტოპენია საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მშობიარობის დროს და უშუალოდ მის შემდეგ ანთებითი პროცესები კიდევ უფრო ძლიერდება.
ეს ბუნებრივი ცვლილებები შესაძლოა სეფსისით გამოწვეულ დარღვევებს დაემთხვას. მშობიარობის პერიოდში მოსალოდნელია C-რეაქტიული ცილისა და ზოგ შემთხვევაში პროკალციტონინის დონის მატება, რაც ამ მაჩვენებლების სპეციფიკურობას კიდევ უფრო ამცირებს. ლეიკოციტების მაღალი დონე შესაძლოა ორსულობით ან ინფექციით იყოს განპირობებული, ხოლო ნორმალური ან დაბალი მაჩვენებელი მძიმე ინფექციის მქონე პაციენტში განსაკუთრებით საყურადღებო ნიშანია.
ორსულობა აგრეთვე ცვლის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ რეზერვს. ორსულ პაციენტებში იმატებს გარკვეული ინფექციებისგან მძიმე გართულებების განვითარების რისკი, მათ შორისაა: გრიპი, მალარია, ლისტერიოზი, საშარდე გზების ინფექციები და A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადებები.
ეს ყოველივე კლინიცისტებისთვის მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს ხაზს: ორსულობისას სეფსისის შეფასება მხოლოდ ერთ ლაბორატორიულ მაჩვენებელს ან არაორსულთათვის განკუთვნილ ნორმებს ვერ დაეყრდნობა. აუცილებელია სიმპტომების, დინამიკის, ორგანოების ფუნქციის, საეჭვო ინფექციის, გესტაციური ასაკისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის ერთობლივი გათვალისწინება.

ორსულობის „იმუნური საათი“
დედის იმუნიტეტი გესტაციის პერიოდში სტატიკური არ არის – ის მუდმივად იცვლება და ეგუება ნაყოფის ზრდას. ამ თანმიმდევრულ ცვლილებებს, რომლებიც ორგანიზმის მუშაობას გესტაციის პერიოდში განსაზღვრავს, მკვლევრები ხშირად ორსულობის „იმუნურ საათს“ უწოდებენ.
ადრეული ეტაპი
პირველ ტრიმესტრში ორგანიზმს სჭირდება კონტროლირებადი ანთებითი პროცესი იმ ადგილას, სადაც დედის საშვილოსნოსა და პლაცენტის ნაყოფისეული ქსოვილები ერთმანეთს ხვდება (maternal-fetal interface). ეს ანთება არა პათოლოგიური, არამედ ერთგვარი სამშენებლო პროცესია: იმუნური უჯრედები (მაკროფაგები, ნეიტროფილები, დეციდუალური ბუნებრივი ქილერები) ხელს უწყობენ ნაყოფის მიმაგრებას, პლაცენტის სწორ განვითარებასა და საშვილოსნოს სისხლმომარაგების გარდაქმნას.
პარალელურად, იწყება სისტემური იმუნური ტოლერანტობის ჩამოყალიბება – ანუ ორგანიზმი სწავლობს, რომ ნაყოფი არ არის მავნე „უცხო სხეული“.
შუა პერიოდი
მეორე ტრიმესტრში ორგანიზმი გადადის „ანთების საწინააღმდეგო“ რეჟიმზე. ეს პერიოდი ყველაზე მშვიდია: იმუნური სისტემა ამცირებს აგრესიულ რეაქციებს, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ნაყოფისა და პლაცენტის ინტენსიური ზრდისთვის.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ეს არ ნიშნავს იმუნიტეტის დასუსტებას. ორგანიზმი კვლავ აგრძელებს დაცვას, უბრალოდ, ახლა აქცენტი გადატანილია არა „ბრძოლაზე“, არამედ ბალანსის შენარჩუნებაზე, რათა პატარას მშვიდად განვითარების საშუალება ჰქონდეს.
გვიანი პერიოდი
მესამე ტრიმესტრსა და მშობიარობის მოახლოებისას „იმუნური საათი“ ისევ იცვლება – ანთებითი პროცესები კვლავ აქტიურდება. ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა: უჯრედები, რომლებიც ადრე „მშენებლობაში“ მონაწილეობდნენ, ახლა საშვილოსნოს ყელის მომწიფებას, სანაყოფე გარსების დათხელებასა და მშობიარობის დაწყებას უწყობენ ხელს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სეფსისის კონტექსტში?
სირთულე ისაა, რომ იმუნური სისტემა ამ „საათის“ მიხედვით მუდმივად იცვლის რეჟიმს. სეფსისი კი შესაძლოა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს. ექიმისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც ერთი პაციენტისთვის „ნორმაა“, მეორისთვის შესაძლოა საგანგაშო ნიშანი იყოს – ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეტაპზეა მისი „იმუნური საათი“.
რით განსხვავდება სეფსისი
სეფსისი არ არის უბრალოდ ინფექციაზე ადეკვატური, ორგანიზმის მიერ კონტროლირებადი პასუხი. ის წარმოადგენს იმუნური სისტემის დისრეგულირებულ რეაქციას, როდესაც ორგანიზმი საკუთარ თავსაც ვნებს.
დასაწყისში სეფსისმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი ნივთიერებების (ციტოკინების, როგორიცაა TNF-α, IL-1β, IL-6 და სხვ.) ჭარბი, უკონტროლო გამოყოფა. ამის გამო სისხლძარღვები ზედმეტად გამტარი ხდება, სითხე ქსოვილებში ჟონავს, ირღვევა ორგანოების სისხლით მომარაგება (პერფუზია), ვითარდება მძიმე შოკი და ორგანოთა უკმარისობა.
პარალელურად, ორგანიზმი ცდილობს ანთების ჩახშობას და აქტიურდება საწინააღმდეგო მექანიზმები. თუმცა, თუ ეს პროცესიც გადაჭარბებულია, ვითარდება ე.წ. „იმუნური დამბლა“: ითრგუნება იმუნიტეტი, ნაგდურდება ლიმფოციტები, მცირდება ორგანიზმის უნარი, ებრძოლოს მიკრობებს.
საინტერესო და რთული ის არის, რომ ეს ორი პროცესი (ანთება და იმუნიტეტის დათრგუნვა) შესაძლოა ერთდროულად მიმდინარეობდეს.
რატომ არის რთული ლაბორატორიული ანალიზების შეფასება?
სისხლის საერთო ანალიზი ექიმს მინიშნებებს აძლევს, მაგრამ ცალსახა პასუხს ვერ სცემს: ორსულობისა და მშობიარობისთვის დამახასიათებელმა მაღალმა ლეიკოციტებმა (ნეიტროფილიამ) შესაძლოა სეფსისის ნამდვილი ნიშნები შენიღბოს. ასევე, სეფსისის დროს ლეიკოციტების მატებას შეიძლება მოულოდნელად მკვეთრი ვარდნა (ნეიტროპენია) მოჰყვეს. ღრმა ლიმფოპენია და თრომბოციტოპენია კი უკვე მძიმე, სისტემური დისფუნქციის საგანგაშო ნიშანია.
გარდა ამისა, სისხლის ანალიზში ციფრების ნორმაში დაბრუნება სულაც არ ნიშნავს, რომ პაციენტი სრულად “გამოჯანმრთელდა”. სეფსისგადატანილ პაციენტებს ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნარჩუნდებათ ინფექციების მიმართ მომატებული მოწყვლადობა.
ორსულობისა და სეფსისის თანაკვეთა
ორსულობასა და სეფსისს იმუნური სისტემის რამდენიმე რგოლში იდენტური ცვლილებები ახასიათებს:
ნეიტროფილების აქტივობა და მიგრაცია;
მონოციტებისა და მაკროფაგების პოლარიზაცია;
T-უჯრედების დიფერენციაცია და ფუნქციონირება;
ციტოკინური და ქემოკინური სასიგნალო გზები;
კომპლემენტის სისტემისა და კოაგულაციის აქტივაცია;
უჯრედული მეტაბოლიზმი და მიტოქონდრიული ფუნქცია.
განსხვავება რეგულაციაში, დროით შუალედებსა და მასშტაბშია. ორსულობისას ეს გზები კონტროლირებად, ფაზობრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, სეფსისმა კი შესაძლოა მათი გადაჭარბებული, ხანგრძლივი ან არაადეკვატური აქტივაცია გამოიწვიოს.
ეს თანაკვეთა ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რატომ ჭირს ორსულობის პერიოდში ინფექციის ამოცნობა და რატომ შეიძლება კომპენსატორული მექანიზმების ამოწურვისთანავე სწრაფად განვითარდეს ორგანოთა დისფუნქცია.
სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ პლაცენტა ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. დედის ორგანიზმში არსებულმა მძიმე ინფექციამ შესაძლოა შეცვალოს პლაცენტის სისხლძარღვოვანი და ანთებითი პროცესები. შედეგად, ეს საფრთხეს უქმნის ნაყოფსაც: იზრდება ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის ზრდის შეფერხების, მკვდრადშობადობისა და სხვა მძიმე გართულებების რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფატალური შედეგები ყველა ინფექციას არ მოჰყვება, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად კრიტიკულია ადრეული დიაგნოსტიკა და დედისა და ნაყოფის მკაცრი, კოორდინირებული მეთვალყურეობა.
გზა პერსონალიზებული მედიცინისკენ
დედის იმუნური სისტემა არ არის უნივერსალური „სტანდარტი“. მის პასუხზე გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი: გესტაციური ასაკი, ჰორმონალური ფონი, გენეტიკა, მეტაბოლური ჯანმრთელობა, ეთნიკური წარმომავლობა, მიკრობიომი და კონკრეტული კლინიკური გარემოც კი.
სწორედ ამ მრავალფეროვნებით აიხსნება, რატომ რეაგირებს ორი სხვადასხვა პაციენტი ერთი და იმავე ინფექციაზე რადიკალურად განსხვავებულად. პერსონალიზებული მიდგომები მომავალში შეიძლება მოიცავდეს:
ციტოკინურ და იმუნურ პროფილს – ჰიპერანთების იმუნური გამოფიტვისგან გასამიჯნად.
ტრანსკრიპტომულ და გენომურ ტესტირებას – დაავადების ენდოტიპების დასადგენად და მდგომარეობის გაუარესების პროგნოზირებისთვის.
მეტაბოლურ და მიტოქონდრიულ პროფილს – ბიოენერგეტიკული უკმარისობის გამოსავლენად.
ხელოვნურ ინტელექტს – კლინიკური ტენდენციების, ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და ბიოლოგიური მონაცემების გასაერთიანებლად.
ეს სტრატეგიები ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა. არაორსულ პაციენტებზე შემუშავებული ბიომარკერული მოდელების პირდაპირ მორგება ორსულებზე დაუშვებელია, ვინაიდან ნორმალური იმუნური და ჰორმონული ფონი ტრიმესტრების მიხედვით იცვლება.
პოტენციური მკურნალობა, რომელიც მიმართულია ციტოკინებზე, ინფლამასომებზე, ნეიტროფილურ ექსტრაცელულარულ ხაფანგებზე, ეპიგენეტიკურ გზებსა თუ მეტაბოლიზმზე, ასევე მოითხოვს შეფასებას ორსულობის სპეციფიკის გათვალისწინებით. აუცილებლად უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული პლაცენტურ ტრანსფერზე, ნაყოფის განვითარებაზე, ფარმაკოკინეტიკასა და ბავშვის ჯანმრთელობის გრძელვადიან შედეგებზე.
პერსონალიზებულმა მედიცინამ უნდა შეავსოს, და არა შეაფერხოს, გადაუდებელი ანტიმიკრობული თერაპია, ინფექციის კერის კონტროლი, ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, რესპირაციული დახმარება და სამეანო მართვა.
ამრიგად, ორსულობა იმუნური სისტემის ბუნებრივი, უნიკალური გადაწყობის საუკეთესო მაგალითია. ამ პერიოდში დედის ორგანიზმმა ერთდროულად რამდენიმე რთული ამოცანა უნდა გადაჭრას: მიიღოს ნაყოფი, დაიცვას თავი პათოგენებისგან, შეეგუოს სისხლის მიმოქცევის მასშტაბურ ცვლილებებს და ზუსტად “იმოძრაოს” ანთებით მდგომარეობებს შორის ისე, რომ პროცესებზე კონტროლი არ დაკარგოს.
ამ ბუნებრივი მექანიზმების ღრმა შესწავლა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, სეფსისის სამკურნალოდ ფაზებზე მორგებული, ახალი თერაპია შეიმუშაონ – თანაც არა მხოლოდ ორსულებისთვის, არამედ ზოგადად, ნებისმიერი პაციენტისთვის.
რა თქმა უნდა, მიზანი ორსულობის იმუნური მდგომარეობის პირდაპირ „გამეორება“ არ არის. მთავარია გავიაზროთ და ვისწავლოთ ის, თუ როგორ ახდენს გავლენას დროის ფაქტორი, ქსოვილური კონტექსტი, ჰორმონები და მეტაბოლური უკუკავშირი ანთებით დაავადებებზე. ორსულობა გვთავაზობს მზა, ბუნებრივ მოდელს იმისა, თუ როგორ შეიძლება იმუნიტეტმა მართოს რთული და ცვალებადი პროცესები კატასტროფის გარეშე.
წყარო: eBioMedicine

