ეკრანის ანაბეჭდის (სქრინშოთის) ან ფოტოს გადაღება ინფორმაციის შესანახად ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ბინგემტონის უნივერსიტეტის (Binghamton University) ფსიქოლოგების ახალი კვლევის თანახმად, ეს პრაქტიკა, პირიქით, ინფორმაციის დავიწყებას უწყობს ხელს. ჟურნალ Memory & Cognition-ში გამოქვეყნებული ნაშრომი მეხსიერების გაუარესების იმ ფარულ მექანიზმებს ხსნის, რომლებსაც „ციფრულ ამნეზიას“ უწოდებენ.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ მოვლენის ან ინფორმაციის ეკრანზე აღბეჭდვისას ჩვენი მეხსიერება ზიანდება. მეცნიერები ამ ფენომენს „ფოტოს გადაღებით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითების ეფექტს“ (photo-taking impairment effect) უწოდებენ. მართალია, გადაღებული მასალის მოგვიანებით განმეორებით გადახედვა დამახსოვრებაში გვეხმარება, თუმცა სტატისტიკურად, ადამიანი დღეში საშუალოდ 20 ფოტოს იღებს, სმარტფონში კი 2000-მდე სურათს ინახავს, რომელთა უმეტესობასაც მეორედ აღარასდროს ნახულობს. ფსიქოლოგების თქმით, თუ ამ სურათებს მეხსიერების სტიმულირებისთვის აქტიურად არ ვიყენებთ, გადაღების პროცესი მხოლოდ გვაზარალებს.
მეცნიერებმა 7 სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარეს და ციფრული ამნეზიის გამომწვევი რამდენიმე მექანიზმი გამოყვეს. ერთ-ერთია ე.წ. კოგნიტური განტვირთვა (cognitive offloading) — როდესაც ტვინი რესურსებს აღარ ხარჯავს იმ ინფორმაციის დასამახსოვრებლად, რომელიც იცის, რომ გარე მოწყობილობაში საიმედოდ ინახება. თუმცა, ყველაზე საყურადღებო მიზეზად ყურადღების გათიშვა (attentional disengagement) სახელდება.
კვლევის მიხედვით, სქრინშოთის ან ფოტოს გადაღების ფიზიკური აქტი გვაიძულებს, არაცნობიერად მოვწყდეთ მიმდინარე გამოცდილებას. შედეგად, გვავიწყდება არა მხოლოდ კონკრეტული დეტალი, არამედ მოვლენის ზოგადი კონტექსტიც (მაგალითად, ექსპერიმენტში მონაწილეებს არ ახსოვდათ, თუ მუზეუმის რომელ ნაწილში ნახეს კონკრეტული ნახატი, რომელსაც ფოტო გადაუღეს).
რა არის საუკეთესო ალტერნატივა? მეცნიერები გვირჩევენ, დავუბრუნდეთ ტრადიციულ მეთოდს — კალამსა და ქაღალდს. ინფორმაციის ხელით ჩაწერა (მაგალითად, ლექციის დროს კონსპექტის გაკეთება) გვაიძულებს, ტვინმა ინფორმაცია დაამუშაოს, გაფილტროს და ლოგიკური კავშირები იპოვოს. კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ამას „სასურველ სირთულეს“ უწოდებენ — გონებრივ ძალისხმევას, რომელიც დამახსოვრების შანსს მკვეთრად ზრდის.
კვლევის თანახმად, სქრინშოთების გადაღება მეხსიერებას მხოლოდ მაშინ ეხმარება, თუ ეს მიზანმიმართულად (მცირე რაოდენობით) ხდება და მასალას მოგვიანებით ნამდვილად ვუბრუნდებით. სხვა შემთხვევაში, მუდმივი და დაგროვილი სქრინშოთები საპირისპიროდ მოქმედებს.
წყარო: Springer

