ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვიდეოთამაშების ინდუსტრია ე.წ. უფასო (free-to-play) მოდელზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშების გადმოწერა ფასს არ მოითხოვს, კომპანიები უზარმაზარ მოგებას თამაშშიდა შესყიდვებით, ანუ „მიკროტრანზაქციებით“ ნახულობენ. მართალია, ინდუსტრია მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ეს შესყიდვები ნებაყოფლობითია, თუმცა მეცნიერების აზრით, ტერმინი შეცდომაში შემყვანია — მით უმეტეს მაშინ, როცა ბავშვებისა და მოზარდებისთვის 100 ევროს ან უფრო მეტის დახარჯვა ნამდვილად არ წარმოადგენს „მიკრო“ ტრანზაქციას.
ჟურნალ Frontiers in Public Health-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ვიდეოთამაშების შემოსავლის უდიდეს ნაწილს მოთამაშეების ძალიან მცირე ჯგუფი აგენერირებს. ყველაზე მეტი თანხის დამხარჯველი ტოპ 10%, რომლებსაც მკვლევარები „მძიმე მყიდველებს“ უწოდებენ, მთლიანი ფინანსური ბრუნვის უდიდეს წილს ფარავს. მეცნიერების დაკვირვებით, ხარჯვის ეს უთანასწორო მოდელი საოცრად ჰგავს აზარტული თამაშების სისტემას. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ დიდ თანხებს მხოლოდ შეძლებული ოჯახის შვილები არ ხარჯავენ და სწორედ ამ მცირე ჯგუფშია ყველაზე მაღალი თამაშზე დამოკიდებულებისა და აზარტული აშლილობის რისკი.
მსგავსება უფასო თამაშებსა და აზარტულ ინდუსტრიას შორის მხოლოდ ე.წ. „ლუთ ბოქსებით“ (Loot boxes — ვირტუალური ყუთები უცნობი შიგთავსით) არ შემოიფარგლება. თამაშშიდა ფასიანი გამოწერები, ვირტუალური ვალუტები, დროში შეზღუდული შეთავაზებები და პერსონალიზებული ფასდაკლებები მოთამაშეს მუდმივი ხარჯვისკენ უბიძგებს. დეველოპერები ხშირად იყენებენ ფსიქოლოგიურ მანიპულაციებსა და სპეციალურ დიზაინს, რათა მომხმარებელს ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინონ, რაც პირველ რიგში თავად კომპანიის ფინანსურ ინტერესებში შედის.
პოტენციური ზიანის გამო, აზარტული თამაშები კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება, ვიდეოთამაშები კი, ფაქტობრივად, კონტროლის მიღმაა დარჩენილი. მართალია, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ (მაგალითად, ბელგიამ და ნიდერლანდებმა) კონკრეტული მიდგომების აკრძალვა სცადა, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რეგულაციები უნდა გაფართოვდეს და უშუალოდ შესყიდვების სიხშირესა და სიმარტივეს შეეხოს, რათა იმპულსური ხარჯვის რისკი შემცირდეს. მეცნიერების აზრით, მიუღებელია, რომ ბავშვების დაცვის მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მშობლებს ეკისრებოდეთ, რადგან მათ ხშირად არ აქვთ სათანადო ბერკეტები იმ რთული დიზაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც მოთამაშის ჩასათრევად და მისგან მაქსიმალური თანხის ამოსაღებად არის შექმნილი.
ე.წ. უფასო თამაშების ეკონომიკა რეალურად სულაც არ არის უფასო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების უმეტესობა ვიდეოთამაშებს სერიოზული პრობლემების გარეშე იყენებს, სისტემას უსაფრთხოდ ვერ მივიჩნევთ. როდესაც ინდუსტრიის შემოსავლის მთავარი წყარო მოთამაშეთა მცირე და მოწყვლადი ჯგუფია, სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვა და ექსპლუატატორული პრაქტიკების შეზღუდვა აუცილებელი ხდება.
წყარო: frontier

