კვების განრიგი დღეგრძელობისა და გულის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რაციონი: ახალი კვლევა

გააზიარე

დღეგრძელობისა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის მხოლოდ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ვჭამთ, არამედ იმასაც თუ როდის. ჟურნალ European Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, დღის განმავლობაში პირველი და ბოლო კვების დრო სიკვდილიანობის რისკსა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან პირდაპირ კავშირშია.

მეცნიერებმა 40 წელს ზემოთ ასაკის 30 000-ზე მეტი ამერიკელის მონაცემები და კვების ჩვევები შეისწავლეს. ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი კვებისთვის საუკეთესო (საბაზისო) დრო დილის 7-დან 8 საათამდე შუალედია. საუზმის 8-დან 10 საათამდე გადაწევა ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის რისკს 10%-ით ზრდის, 10-დან 12 საათამდე ინტერვალში — 19%-ით (ხოლო ინსულტის რისკს თითქმის აორმაგებს — 59%-ით).

იმ ადამიანებში კი, რომლებიც საუზმეს საერთოდ ტოვებენ და პირველად შუადღის 12 საათის შემდეგ იკვებებიან, საერთო სიკვდილიანობის რისკი 29%-ით, ხოლო გულის დაავადებებით სიკვდილიანობა 43%-ით იმატებს. ანუ, რაც უფრო გვიან იწყებთ დღის პირველ კვებას და გადაავადებთ საუზმეს დილის 7-8 საათის შემდეგ, მით უფრო მეტად იზრდება ჯანმრთელობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა დღის ბოლო კვებასთან დაკავშირებითაც. ვახშმისთვის იდეალურ დროდ საღამოს 7-დან 8 საათამდე შუალედი დასახელდა. ყველაზე სახიფათო შუაღამის შემდეგ კვება აღმოჩნდა — ამ დროს საერთო სიკვდილიანობა 27%-ით, ხოლო გულის დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 51%-ით იზრდება (საყურადღებოა, რომ მკვლევრების მონაცემებით, რისკი 13%-ით იმატებს საღამოს 7 საათამდე ადრეული ვახშმის შემთხვევებშიც).

ეს ჩვევები პირდაპირ აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მონაცემების მიხედვით, 50 წელს გადაცილებულ პირებში, შუადღის შემდეგ საუზმობა სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 2.5 წლით, ხოლო შუაღამის შემდეგ ვახშმობა — 2.4 წლით ამცირებს. მეცნიერები ამ პროცესს „ქრონონუტრიციას“ უკავშირებენ — დარგს, რომელიც სწავლობს, თუ როგორ ურთიერთქმედებს კვების განრიგი სხეულის შიდა ბიოლოგიურ საათთან (ცირკადულ რიტმთან).

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა დაკვირვებითი ხასიათისაა და პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ამტკიცებს, ავტორები სამედიცინო საზოგადოებასა და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ჯანსაღი რაციონის შერჩევასთან ერთად, კვების ოპტიმალური გრაფიკის დაცვასაც ყურადღება მიაქციონ.

წყარო: EJCN

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები