FDA-მ პანკრეასის კიბოს ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც პაციენტების გადარჩენის შანსს აორმაგებს

გააზიარე

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Revolution Medicines-ის მიერ შექმნილი პანკრეასის კიბოს ინოვაციური პრეპარატი დაამტკიცა. მასშტაბურმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტი პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელს აორმაგებს.

დღეში ერთხელ მისაღები აბი, სავაჭრო დასახელებით Rasonque (დარაქსონრასიბი), მეტასტაზური პანკრეასის კიბოს მქონე იმ ზრდასრული პაციენტებისთვის დამტკიცდა, რომლებმაც უკვე გაიარეს სხვა სახის მკურნალობა ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის მიღება არ შეუძლიათ. პრეპარატი ბლოკავს RAS ცილის რამდენიმე ფორმას, რომელიც პანკრეასის სიმსივნეების უმეტესობაში სიმსივნური უჯრედების ზრდას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტმა FDA-ის ახალი, დაჩქარებული განხილვის პროცედურა გაიარა, რომლის ფარგლებშიც ავტორიზაციის სტანდარტული 10-12-თვიანი ვადა 1-2 თვემდე შემცირდა. პრეპარატზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ჯერ კიდევ ოფიციალურ დამტკიცებამდე, FDA-მ 2000-ზე მეტ პაციენტს მისი მიღების უფლება გაფართოებული წვდომის (ე.წ. Compassionate use) პროგრამის ფარგლებში მისცა. მწარმოებლის განცხადებით, აშშ-ში მედიკამენტის 30 დღის მარაგი 39 800 დოლარი ღირს, თუმცა შესაბამისი დაზღვევისა და თანადაფინანსების პროგრამების მქონე პაციენტებისთვის ის შესაძლოა სრულიად უფასო იყოს.

პაციენტები, რომლებიც Rasonque-ს იღებენ, აღნიშნავენ, რომ ქიმიოთერაპიასთან შედარებით მას ბევრად მსუბუქი გვერდითი ეფექტები აქვს. პრეპარატი მკვეთრად ამცირებს დაღლილობასა და გულისრევას, რაც ადამიანებს ჩვეულ რიტმში ცხოვრების გაგრძელების საშუალებას აძლევს. დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის პანკრეასის კიბოს კვლევის ცენტრის დირექტორის, ბრაიან ვოლპინის განცხადებით, ეს ავტორიზაცია პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის „დიდი ხნის ნანატრი და დამსახურებული წინგადადგმული ნაბიჯია“.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მაღალი მოთხოვნისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, მედიკამენტის წლიურმა გაყიდვებმა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა 11.5 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ამერიკის კიბოს საზოგადოების შეფასებით, მხოლოდ მიმდინარე წელს პანკრეასის კიბოს დიაგნოზს 67 000-ზე მეტ ადამიანს დაუსვამენ, რის გამოც ახალი, ქმედითი ალტერნატივის ბაზარზე გამოჩენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

წყარო: CNN

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები