ვირტუალური რეალობა შფოთვისა და ფსიქოზის სამკურნალოდ

გააზიარე

ახალმა, ინოვაციურმა კვლევამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ფსიქოზისა და შფოთვითი აშლილობების მქონე ადამიანების მკურნალობა. აღმოჩნდა, რომ ვირტუალური რეალობის (VR) თერაპია არა მარტო აჩქარებს პაციენტის მკურნალობის პროცესს, არამედ ტრადიციულ კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაზე (CBT) უკეთეს შედეგებსაც იძლევა.

ეს ნოვატორული კვლევა, რომელსაც UMCG-ის ფსიქიატრი, დოქტორი ვიმ ველინგი ხელმძღვანელობდა, ჟურნალ Psychological Medicine-ში გამოქვეყნდა. ნაშრომის მიხედვით, VR-ზე დაფუძნებული ფსიქოთერაპია პაციენტებს ეხმარება, უსაფრთხო და კონტროლირებად ვირტუალურ სივრცეში, დაძლიონ პარანოიდული შიშები და შფოთვით აშლილობასთან დაკავშირებული ფობიები.

ეს მიდგომა ნამდვილად დამაიმედებელია. ის პაციენტებს აძლევს შანსს, რეალური საფრთხის გარეშე, თანდათან შეეჩვიონ სიტუაციებს, რომლებიც მათში შიშს იწვევს.

მაგალითად, თუ ადამიანს ეშინია ხალხმრავალი ადგილების, VR ტექნოლოგიის დახმარებით, ის ვირტუალურად შეძლებს სავსე სუპერმარკეტში ან ავტობუსის გაჩერებაზე ყოფნის იმიტაციას.  ასე პაციენტი უსაფრთხოდ და ეტაპობრივად სწავლობს შიშთან გამკლავებას, რაც მას რეალურ ცხოვრებაში თავდაჯერებულს გახდის.

„ვირტუალური რეალობა, ფსიქოზის მქონე ადამიანების მკურნალობაში, საკმაოდ ეფექტურია. მას სჭირდება ნაკლები სეანსები და, ზოგ შემთხვევაში, უფრო ეფექტურიც არის, ვიდრე ამჟამინდელი თერაპიები. ვიმედოვნებ, რომ მალე VR ხელმისაწვდომი გახდება ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში“,- აცხადებს დოქტორ ველინგი.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT), ფსიქოზური და შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობაში, ოქროს სტანდარტად არის აღიარებული. თუმცა, VR თერაპია გვთავაზობს სრულიად ახალ პარადიგმას. ამ თერაპიის დროს, პაციენტები ხვდებიან ვირტუალურ სამყაროში, რომელიც იმდენად რეალურია, რომ მათში შფოთვას იწვევს.

კვლევის მონაწილეები ვარჯიშობდნენ ყოველდღიურ სიტუაციებში, მაგალითად, სუპერმარკეტში საყიდლებზე სიარულსა ან ავტობუსით მგზავრობაში. პაციენტებს საშუალოდ 15%-ით ნაკლები სესია დასჭირდათ, ვიდრე სტანდარტული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დროს. პარანოიისა და შფოთვის შემცირების გარდა, კვლევამ აჩვენა დეპრესიის კლება, თავდაჯერებულობისა და საერთო სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

ამჟამად დოქტორი ველინგი და მისი გუნდი მუშაობენ, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი (AI) VR თერაპიაში. მათი მიზანია მკურნალობის ზოგიერთი ნაწილის ავტომატიზაცია, რაც საშუალებას მისცემს პაციენტებს სესიები თერაპევტის მუდმივი ჩართულობის გარეშე ჩაიტარონ.

„თუ პაციენტებისთვის კომფორტული იქნება ხელოვნური ინტელექტით ჩატარებული სესიები, ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე დატვირთვას შეამცირებს,“ – ამბობს დოქტორი ველინგი.

დღეს, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და ადამიანებს სეანსების მოლოდინში გრძელი რიგები ხვდებათ, VR თერაპიის საჭიროება უფრო აშკარაა. ეს მიდგომა წარმატებით აერთიანებს ტექნოლოგიას და ფსიქოთერაპიას, რაც მკურნალობას უფრო სწრაფსა და ხელმისაწვდომს ხდის.

წყარო: Psychological Medicine

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები