ფსილოციბინი ნერვულ სისტემას ქიმიოთერაპიით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს — ახალი კვლევა

გააზიარე

ფსიქოდელიური ნივთიერება ფსილოციბინი ქიმიოთერაპიის თანმდევ მძიმე ნერვულ დაზიანებას აფერხებს. სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პრეპარატი პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებას პრევენციულად ბლოკავს. ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნეიროპათია პაციენტებში ტკივილს, დაბუჟებას, სიცივისადმი მგრძნობელობასა და შეგრძნებების დაკარგვას იწვევს, რაც მკურნალობის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდება და ხშირად შეუქცევადია.

ტეხასის უნივერსიტეტის MD Anderson-ის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. თაგვებში, რომლებმაც ქიმიოთერაპიამდე ფსილოციბინი ორჯერ მიიღეს, ნერვული დაბოლოებები და ტაქტილური შეგრძნება შენარჩუნდა, სიცივისადმი ჰიპერმგრძნობელობა კი არ გამოვლინდა. მკვლევართა ცნობით, პრეპარატს ხელი არ შეუშლია ქიმიოთერაპიის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებისთვის.

მეცნიერებმა პრეპარატის მოქმედების ზუსტი მექანიზმიც დაადგინეს. ფსილოციბინი პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე სეროტონინის 5-HT2A რეცეპტორების მეშვეობით მოქმედებს. როდესაც მკვლევრებმა ეს გზა ხელოვნურად დაბლოკეს, ნივთიერებამ დამცავი ფუნქცია დაკარგა. ექსპერიმენტმა დამატებით გამოავლინა, რომ ფსილოციბინი ნერვული უჯრედების მიტოქონდრიებს, მათ მთავარ „ენერგეტიკულ ქარხნებს“, ქიმიოთერაპიული პრეპარატების დამანგრეველი ზემოქმედებისგან იცავს.

კვლევის კიდევ ერთი საინტერესო მიგნება არაჰალუცინოგენურ ალტერნატივას უკავშირდება. იმავე რეცეპტორებზე მოქმედმა სხვა, არაფსიქოაქტიურმა ნაერთმა ნერვული სისტემა ფსილოციბინის მსგავსად დაიცვა. კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორ მორან ამიტის განცხადებით, მედიცინას სასწრაფოდ ესაჭიროება ისეთი მკურნალობა, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენელ ქიმიოთერაპიას ხელს არ შეუშლის, მაგრამ ნერვულ დაზიანებას გამორიცხავს. მისი თქმით, ახალი აღმოჩენა პაციენტებს სთავაზობს არა უკვე დაზიანებული ნერვების მკურნალობას, არამედ უშუალოდ პრევენციას.

ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, მეცნიერები უკვე კლინიკური ტესტირების მომდევნო ეტაპს იწყებენ. ახალი კვლევა სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტებში ქიმიოთერაპიის პარალელურად ფსილოციბინის მოქმედებას შეისწავლის. აღნიშნული ტესტირება საბოლოოდ დაადგენს, რამდენად ეფექტიანად იცავს გამოვლენილი მექანიზმი ადამიანის პერიფერიულ ნერვულ სისტემას მძიმე კლინიკური დაზიანებისგან.

წყარო: Reuters

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები