მსოფლიოში პირველად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, პაციენტს თავის ტვინის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

გააზიარე

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კლინიკის (UCLH) ქირურგებმა მედიცინის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალეს. მათ მსოფლიოში პირველად გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალურ დროში და 48 წლის მამაკაცის თავის ტვინიდან სიმსივნე უსაფრთხოდ ამოკვეთეს. ახალი ტექნოლოგიის გარეშე, პაციენტს სრული სიბრმავე ემუქრებოდა.

პაციენტ რის ჰიბერტს ჰიპოფიზის ჯირკვალზე (თავის ქალის ფუძესთან არსებულ მცირე ზომის ორგანოზე) 11-მილიმეტრიანი კეთილთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა. სიმსივნის ზრდამ მხედველობის ნერვებზე ზეწოლა გამოიწვია, რის გამოც მამაკაცს მხედველობის არე შეუმცირდა, დაეწყო მუდმივი დაღლილობა, თავბრუსხვევა და გონების კარგვა. პრობლემას ისიც ართულებდა, რომ წარმონაქმნი საშიშად ახლოს იყო საძილე არტერიებთან — მთავარ სისხლძარღვებთან, რომლებიც ტვინს სისხლით ამარაგებს.

ოპერაცია ცხვირის ღრუდან ენდოსკოპის (მცირე ზომის კამერის) შეყვანით მიმდინარეობდა. ვინაიდან სიმსივნე ძვლისა და მემბრანის ფენების უკან იყო დამალული, მისი უსაფრთხოდ ამოკვეთა ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ჩაერთო პროცესში ხელოვნური ინტელექტი. სპეციალურ ეკრანზე AI რეალურ დროში აანალიზებდა ვიდეოკადრებს, აკვირდებოდა ქირურგიულ ინსტრუმენტებს და ექიმებს ზუსტად უჩვენებდა იმ დამალულ სისხლძარღვებსა და ნერვებს, რომელთა დაზიანებაც ფატალური იქნებოდა.

ბრიტანელი პროფესორის, ჰანი მარკუსის განმარტებით, ტექნოლოგია ასობით მსგავსი ოპერაციის ვიდეოჩანაწერზეა დატრენინგებული. ალგორითმს ბევრად მეტი ქირურგიული ჩარევა აქვს „გაანალიზებული“, ვიდრე ნებისმიერ ექიმს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში შეუსრულებია, რის გამოც ის საოპერაციოში ერთგვარ „ექსპერტულ მეორე თვალად“ იქცევა. გუნდის გრძელვადიანი მიზანია, ქირურგებისთვის ე.წ. „სამედიცინო ChatGPT“ შექმნან, რომელსაც რთულ სიტუაციებში რჩევას რეალურ დროშივე ჰკითხავენ.

მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგია მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებს და ოპერაციაზე აბსოლუტურ კონტროლს ქირურგები ინარჩუნებენ. აღნიშნული AI ინსტრუმენტი, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრების მიერ შეიქმნა და Google-ის მიერ ფინანსდება, წლების განმავლობაში ლაბორატორიულად იტესტებოდა. ახლა კი, პირველი რეალური ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მეცნიერები უფრო მასშტაბურ კლინიკურ კვლევებს გეგმავენ.

რაც შეეხება თავად პაციენტს, გაღვიძებისთანავე მან სრულყოფილი, ნათელი მხედველობა დაიბრუნა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღარ ჰქონდა. ოპერაციიდან რვა კვირის შემდეგ, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, დაღლილობისა და თავბრუსხვევის სიმპტომები კი სრულად გაქრა. „ამ ტექნოლოგიამ და ექიმებმა ცხოვრება დამიბრუნეს“, — აღნიშნავს რის ჰიბერტი.

წყარო: BBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები