შესავალი
სიმსუქნე თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელიც გლობალურად მილიონობით ადამიანს აწუხებს და მრავალი ქრონიკული პათოლოგიის განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, როგორებიცაა კარდიოვასკულური დაავადებები, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და სახსრების დეგენერაციული ცვლილებები. ბოლო წლებში GLP-1 რეცეპტორის აგონისტებმა, კერძოდ სემაგლუტიდმა (Ozempic, Wegovy), რევოლუციური გარდატეხა მოახდინეს მორბიდული სიმსუქნის მედიკამენტოზურ მართვაში. თუმცა, უახლესი კლინიკური კვლევების შედეგები ცხადჰყოფს, რომ სამმაგი ჰორმონალური აგონისტი — რეტატრუტიდი (Retatrutide) — შესაძლოა კიდევ უფრო ეფექტურ თერაპიულ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს.
მოქმედების მექანიზმი
რეტატრუტიდის ფარმაკოდინამიკური პოტენციალი ეფუძნება სამი ძირითადი ჰორმონალური რეცეპტორის სინერგიულ აქტივაციას. პირველი სამიზნეა გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1), რომელიც ამცირებს მადას და ანელებს კუჭის დაცლის სიჩქარეს. მეორე გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდია (GIP), რომელიც არეგულირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას და ცხიმოვანი ქსოვილის დეპონირებას. მესამე კომპონენტს კი გლუკაგონი წარმოადგენს, რომელიც მონაწილეობს ენერგეტიკული ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში.
აღნიშნული ფაქტორების კომბინაცია პრეპარატს საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს არა მხოლოდ მიღებული კალორიების რაოდენობაზე, არამედ ორგანიზმის მიერ ენერგიის მობილიზაციისა და წვის მექანიზმებზეც, რაც მას უნიკალურს ხდის ბაზარზე არსებულ GLP-1-ის ტიპის მონოთერაპიებთან შედარებით.
კლინიკური კვლევის შედეგები — TRIUMPH-1 კვლევა
ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტის, Eli Lilly-ის მიერ ჩატარებული III ფაზის კვლევამ, TRIUMPH-1-მა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. კვლევაში, რომელშიც 2 339 პაციენტი მონაწილეობდა სიმსუქნით ან ჭარბი წონით, თანმხლები მეტაბოლური დაავადებებით და დიაბეტის გარეშე, რეტატრუტიდმა დოზაზე დამოკიდებული, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წონის კლება გამოიწვია.
80-კვირის შემდეგ, 4 მგ დოზით მკურნალობის შედეგად პაციენტებს სხეულის წონა საშუალოდ 19,0%-ით შეუმცირდათ, 9 მგ-ზე — 25,9%-ით, ხოლო 12 მგ-ზე — 28,3%-ით. პლაცებოს ჯგუფში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 2,2% იყო. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მონაწილეთა 45,3%-მა სხეულის მასის 30%-ზე მეტი დაკარგა, რაც ბარიატრიული ქირურგიის ეფექტურობას უტოლდება.
კვლევის გაფართოებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) ≥35 იყო, 104-კვირიანი თერაპიის ფონზე წონის საშუალო კლებამ 30,3%-ს მიაღწია. ამასთან, 12 მგ დოზის მიღებისას მონაწილეთა 65,3%-მა სიმსუქნის კლინიკური ზღვარი გადალახა და BMI 30-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, მათ შორის III ხარისხის სიმსუქნის (BMI ≥40) პაციენტთა 37,5%-მა (80 დღეში).
კარდიომეტაბოლური ეფექტები
კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ რეტატრუტიდით მკურნალობა დაკავშირებულია კარდიომეტაბოლური რისკ-ფაქტორების მკაფიო გაუმჯობესებასთან. კერძოდ, დაფიქსირდა წელის გარშემოწერილობის, ტრიგლიცერიდების, არამაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (non-HDL cholesterol-სისხლში არსებული ყველა იმ „ცუდი“ ქოლესტერინის ერთობლიობა, რომელიც არტერიების დახშობის გამომწვევი ფოლაქების წარმოქმნას უწყობს ხელს), სისტოლური არტერიული წნევისა და მაღალი მგრძნობელობის C-რეაქტიული პროტეინის (hs-CRP) შემცირება. აღნიშნული ცვლილებები მიუთითებს, რომ პრეპარატის მოქმედება სცილდება წონის კლების ეფექტს და რეალურად ამცირებს სიმსუქნესთან ასოცირებულ გულ-სისხლძარღვთა და ანთებითი დაავადებების რისკს.
გვერდითი ეფექტები
კლინიკური მონაცემების მიხედვით, მედიკამენტის მიღებასთან ასოცირებული ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები გასტროინტესტინური ხასიათისაა.12 მგ დოზის ჯგუფში დაფიქსირდა გულისრევა 42.4%-ში, დიარეა — 32.0%-ში, ღებინება — 25.3%-ში, ხოლო ყაბზობა — 26.1%-ში, პლაცებოს ჯგუფის შესაბამის მაჩვენებლებთან — 14.8%, 13.5%, 4.8% და 10.9% — შედარებით.
გარდა ამისა, პაციენტთა 5.1%–12.5%-ს განუვითარდა დიზესთეზია (მგრძნობელობის დამახინჯება), ხოლო დაახლოებით 8%-ს — საშარდე გზების ინფექცია. პრეპარატის მიღება შეწყვიტა მონაწილეთა 4.1%–11.3%-მა, დოზის მიხედვით, პლაცებოს ჯგუფის 4.9%-თან შედარებით.
გამოყენების რისკები
კლინიკური კვლევების კონტროლირებული გარემოსგან განსხვავებით, რეტატრუტიდი უკვე ვრცელდება არაოფიციალურ ონლაინ-ბაზრებზე, სადაც მას ხშირად ე.წ. „leanmaxxing“-ის ეფექტის — სწრაფი გახდომისა და სხეულის ფორმის სწრაფი ცვლილების მიღწევის მიზნით მასიურად ყიდულობენ მომხმარებლები. აღნიშნული პრაქტიკა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან არალეგალური წყაროებიდან შეძენილი პრეპარატი შესაძლოა შეიცავდეს არასათანადო დოზებს ან საერთოდ არ შეიცავდეს აქტიურ ნივთიერებას. სწორედ ამ რისკების გამო ავსტრალიის მთავრობის თერაპიული საქონლის ადმინისტრაციამ (TGA) სპეციალური გაფრთხილება გამოაქვეყნა დაუმტკიცებელი პეპტიდების შემცველი პროდუქტების იმპორტისა და გამოყენების საფრთხეებთან დაკავშირებით.
ნეიროფსიქოლოგიური ასპექტები
გარდა ფიზიოლოგიური ეფექტებისა, უახლესი მონაცემები პოტენციურ ნეიროფსიქობიოლოგიურ გავლენაზეც მიუთითებს. ვინაიდან პრეპარატი მოქმედებს თავის ტვინის იმ ნეირობიოლოგიურ მარშრუტებზე, რომლებიც მოტივაციის რეგულაციასთან არის დაკავშირებული, ზოგიერთი პაციენტი აღწერს ემოციური დისტანცირების, ე.წ. „ემოციური სიბრტყის“, მოტივაციის დაქვეითებისა და სოციალური ურთიერთობების გაუარესების შეგრძნებას. ასევე განიხილება პრეპარატის გავლენა ალკოჰოლის მოხმარებისადმი ლტოლვასა და სექსუალურ ლიბიდოზე, თუმცა აღნიშნული მექანიზმები ჯერ სრულყოფილად შესწავლილი არ არის.
მომავლის პერსპექტივები
ახალი მედიკამენტი ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაში არ არის დარეგისტრირებული. Eli Lilly უახლოეს მომავალში განიხილავს FDA-ს მედიკამენტის დარეგისტრირების განაცხადით მიმართოს. პარალელურად, კვლევები გრძელდება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის (TRIUMPH-2) და კარდიოვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებში (TRIUMPH-3).
კვლევების სრული შედეგები წარმოდგენილი იქნება ამერიკის დიაბეტის ასოციაციის სამეცნიერო სესიებზე 2026 წლის ივნისში.
დასკვნა
რეტატრუტიდი სიმსუქნის ფარმაკოთერაპიაში ახალ ეტაპს წარმოადგენს. არსებული კლინიკური მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის პოტენციურ უპირატესობაზე უკვე დამკვიდრებულ GLP-1 რეცეპტორის აგონისტებთან შედარებით, განსაკუთრებით სხეულის მასის მნიშვნელოვანი შემცირებისა და კარდიომეტაბოლური პარამეტრების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
თუმცა, მიუხედავად მაღალი ეფექტურობისა, პრეპარატის უსაფრთხოების პროფილი, გრძელვადიანი და ფართო პოპულაციაში გამოყენების შედეგები კვლავ საჭიროებს დამატებით, მასშტაბურ და ხანგრძლივ კლინიკურ შეფასებას. ამდენად, მისი გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის პირობებში და არსებული რეგულაციური ჩარჩოების შესაბამისად.
წყარო: tctmd.com

