ონკოლოგიის სფეროში ძუძუს კიბოს მკურნალობა სწრაფი ტემპით ვითარდება და დღეს მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ახალი მედიკამენტების შექმნა, არამედ მათი სწორი თანმიმდევრობითა და კომბინაციით გამოყენებაა. ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების (ESMO) 2026 წლის კონგრესზე წარსადგენი კვლევები სწორედ ამ საკითხებს ეხება, კერძოდ: როდის შეიძლება ტრადიციული ქიმიოთერაპიის შემცირება ან მისი ჩანაცვლება უფრო მიზანმიმართული პრეპარატებით; როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას მას შემდეგ, რაც ის გარკვეული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ხდება და როგორ შევარჩიოთ მკურნალობის შემდეგი ეტაპი პაციენტისა და დაავადების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია კვლევები, რომლებმაც შესაძლოა ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები და პრაქტიკულ პერსპექტივები განსაზღვრონ.
TALENT: ქიმიოთერაპიის ოპტიმიზაცია და ჩანაცვლების პერსპექტივა ადრეულ ეტაპზე
ტრადიციული ქიმიოთერაპია სიმსივნურ უჯრედებთან ერთად ჯანმრთელ ქსოვილებსაც აზიანებს, რის გამოც მას თან ახლავს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი. თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა ისეთი მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებზე არსებულ კონკრეტულ სამიზნეებს ამოიცნობენ.
ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ანტისხეულ-წამლის კონიუგატები (ADC) — მედიკამენტები, რომლებიც სამიზნე ანტისხეულსა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერებას აერთიანებს. TALENT კვლევაში აფასებენ T-DXd-ის გამოყენებას ჰორმონდადებითი (HR-positive) და HER2-ის (ცილა, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებობს და მათ ზრდასა და გამრავლებას ასტიმულირებს) დაბალი ექსპრესიის (HER2-low) ძუძუს კიბოს შემთხვევაში.
კვლევა ნეოადიუვანტურ (სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა ძირითადმკურნალობამდე, უმეტესად – ქირურგიულ ჩარევამდე) ეტაპზე ტარდება. მასში T-DXd-ის გამოყენების სხვადასხვა სტრატეგიას, მათ შორის – ჰორმონოთერაპიასთან კომბინაციას აფასებენ.
კვლევის მიზანია დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია მომავალში პაციენტების გარკვეულ ჯგუფში სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემცირება ან მისი თავიდან აცილება T-DXd-ზე დაფუძნებული მკურნალობის გამოყენებით.
NATALEE: რიბოციკლიბის ხანგრძლივი ეფექტურობა ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობაში
ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს მკურნალობისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ოპერაციის შემდეგ დაავადების რეციდივის თავიდან აცილებაა. HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში სტანდარტული ენდოკრინული თერაპია რეციდივის რისკს ამცირებს, მაგრამ დამატებითი მკურნალობის საშუალებების ეფექტურობისა და გრძელვადიანი სარგებლის შეფასება კვლავ მნიშვნელოვანია.
კვლევაში შეფასდა CDK4/6 ინჰიბიტორ რიბოციკლიბისა და სტანდარტული ენდოკრინული თერაპიის კომბინაცია HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ადრეული ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში. რიბოციკლიბი CDK4/6 ფერმენტების აქტივობას ბლოკავს და სიმსივნური უჯრედების გამრავლებას აფერხებს. 6-წლიანი დაკვირვების მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, რამდენად ნარჩუნდება მკურნალობის სარგებელი გრძელვადიან პერიოდში და აისახება თუ არა რიბოციკლიბის დამატება პაციენტების საერთო გადარჩენაზე (OS).
PANKU-Breast01 კვლევა: იზალონტამაბ ბრენგიტეკანის ეფექტურობა ნამკურნალები HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ძუძუს კიბოს დროს
მეტასტაზური HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ძუძუს კიბოს მკურნალობისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის ეფექტური მკურნალობის პოვნაა, განსაკუთრებით სხვადასხვა თერაპიული კომბინაციის გამოყენების შემდეგ, ვინაიდან მკურნალობის ფონზე დაავადება შესაძლოა პროგრესირდეს ან მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობა განვითარდეს.
PANKU-Breast01 (LBA50) არის III ფაზის რანდომიზებული კვლევა, რომელშიც ფასდება იზალონტამაბ ბრენგიტეკანის (izalontamab brengitecan; ანტისხეულ-წამლის კონიუგატი) ეფექტურობა და უსაფრთხოება ადრენამკურნალები, არაოპერაბელური, ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური HR-დადებითი (სიმსივნურ უჯრედებზე ჰორმონების რეცეპტორების არსებობა)და HER2-უარყოფითი (სიმსივნურ უჯრედებში HER2 ცილის ჭარბი რაოდენობის არარსებობა) ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში. კვლევა მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, რამდენად ეფექტურია ეს პრეპარატი იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ენდოკრინული და სამიზნე თერაპიის სხვადასხვა კომბინაცია და რომელთათვისაც შემდგომი მკურნალობის ეფექტური ალტერნატივებია საჭირო.
KEYNOTE-B49 კვლევა (LBA51): პემბროლიზუმაბის ეფექტურობა HR-დადებითი და HER2-უარყოფითი გავრცელებული ძუძუს კიბოს დროს
იმუნოთერაპია უკვე გამოიყენება სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბოს მკურნალობისას — ტიპის, რომლის დროსაც სიმსივნურ უჯრედებს არ აქვთ არც ესტროგენის, არც პროგესტერონის რეცეპტორები და არც HER2 ცილა, რის გამოც ამ სამიზნეებზე მოქმედი ჰორმონული და HER2-ზე მიმართული თერაპიები არ გამოიყენება. თუმცა, HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ძუძუს კიბოს დროს ჯერ კიდევ შესაფასებელია, იძლევა თუ არა იმუნოთერაპიის დამატება კლინიკურ სარგებელს.
KEYNOTE-B49 (LBA51) არის III ფაზის რანდომიზებული, ორმაგად ბრმა კვლევა, რომელშიც ფასდება იმუნოთერაპიული პრეპარატის პემბროლიზუმაბის (pembrolizumab) ეფექტურობა ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში, პლაცებო + ქიმიოთერაპიის კომბინაციასთან შედარებით – HR-დადებითი და HER2-უარყოფითი გავრცელებული ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში.
დადებითი შედეგების შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება ეფექტის მასშტაბი და იმ ბიომარკერების იდენტიფიცირება, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავს მკურნალობისადმი მგრძნობელობას. უარყოფითი შედეგები კი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ძუძუს კიბოს ამ ქვეტიპში იმუნოთერაპიის გამოყენების სირთულეს და უფრო ზუსტი ბიოლოგიური სელექციის აუცილებლობას.
FINER კვლევა (LBA14): საერთო გადარჩენადობის (OS) მაჩვენებლები ფულვესტრანტისა და იპატასერტიბის კომბინაციით მკურნალობისას
FINER (ოფიციალურად CCTG/BCT MA.40) წარმოადგენს III ფაზის რანდომიზებულ კვლევას, სადაც ფასდება პაციენტთა საერთო გადარჩენადობის (OS) მაჩვენებლები ფულვესტრანტისა (fulvestrant) და იპატასერტიბის (ipatasertib) კომბინაციის გამოყენებისას HER2-უარყოფითი და ER-დადებითი (ესტროგენ-დადებითი) მეტასტაზური ძუძუს კიბოს დროს.
ამ ორი პრეპარატის გაერთიანება სიმსივნეზე ორმხრივ იერიშს ახორციელებს: ჰორმონული თერაპია (ფულვესტრანტი) ბლოკავს ესტროგენის რეცეპტორებს, ხოლო სამიზნე პრეპარატი (იპატასერტიბი) კეტავს სიმსივნური უჯრედის შემოვლით Akt სიგნალურ გზას. ეს კომბინაცია ეხმარება ჰორმონორეზისტენტობის დაძლევას.
მეტასტაზური HR-დადებითი დაავადებისას, როდესაც პაციენტები მკურნალობის რამდენიმე ეტაპს მიმდევრობით გადიან, საერთო გადარჩენადობის გაუმჯობესება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ დაავადების პროგრესირების დროებით შეჩერება. სწორედ ამიტომ, ESMO 2026-ზე წარდგენილი საერთო გადარჩენადობის საბოლოო ანალიზი განსაკუთრებულ სამეცნიერო ინტერესს იწვევს.
FINER კვლევის შედეგები დაეხმარება კლინიცისტებს, უკეთ შეაფასონ ამ ჰორმონული და სამიზნე თერაპიების კომბინაციის გრძელვადიანი კლინიკური სარგებელი და დაადგინონ მისი ზუსტი ადგილი მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობის არსებულ სქემებში.
VIKTORIA-1 კვლევა (LBA16): III ფაზის განახლებული შედეგები ჰორმონული რეზისტენტობის განვითარების შემდეგ
VIKTORIA-1 (LBA16) წარმოადგენს III ფაზის რანდომიზებულ კვლევას, რომელიც, სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით, HR-დადებითი და HER2-უარყოფითი გავრცელებული ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში აფასებს გედატოლიზიბისა (gedatolisib) და ფულვესტრანტის (fulvestrant) კომბინაციის ეფექტურობას პალბოციკლიბთან (palbociclib) ერთად ან მის გარეშე.
ეს კვლევა ეხება თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას: მკურნალობის ტაქტიკას მას შემდეგ, როცა დაავადება პროგრესირებს ჰორმონოთერაპიისა და CDK4/6 ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე. CDK4/6 ინჰიბიტორები წარმოადგენს სამიზნე (ტარგეტულ) მედიკამენტებს (მაგალითად, პალბოციკლიბი), რომლებიც ბლოკავენ უჯრედის დაყოფაზე პასუხისმგებელ ფერმენტებს და ამით აჩერებენ სიმსივნური უჯრედების გამრავლებას.
კვლევის დიზაინი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გედატოლიზიბისა და ფულვესტრანტის კომბინაციას ამოწმებს როგორც CDK4/6 ინჰიბიტორთან ერთად, ისე მის გარეშე. განახლებული ანალიზი დაეხმარება კლინიცისტებს იმ მნიშვნელოვანი კითხვებზე პასუხის გაცემაში, როგორიცაა: უნდა შეუნარჩნდეს თუ არა შერჩეულ პაციენტებს უჯრედული ციკლის ინჰიბირება დაავადების პროგრესირების შემდეგაც, თუ მკურნალობა სრულად უნდა გადავიდეს სხვა სიგნალური გზების ბლოკირებაზე.
evERA Breast Cancer კვლევა (2RO): ეფექტურობიდან ბიომარკერების შერჩევისკენ
კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება III ფაზის რეტროსპექტიული, კვლევითი ბიომარკერების ანალიზი. კვლევაში ფასდება გირედესტრანტისა (giredestrant-პერორალური ჰორმოთერაპიული მედიკამენტი, რომელიც ბლოკავს და შლის ესტროგენის რეცეპტორებს) და ევეროლიმუსის (everolimus-პერორალური ტარგეტული პრეპარატი, რომელიც ბლოკავს სიმსივნური უჯრედების ზრდისა და გადარჩენის შემოვლით სასიგნალო გზებს) კომბინაცია ER-დადებითი და HER2-უარყოფითი გავრცელებული ძუძუს კიბოს დროს, CDK4/6 ინჰიბიტორებით თერაპიის შემდეგ.
სიაში შემავალი სხვა კვლევებისგან განსხვავებით, ESMO-ზე წარდგენილი ამ მონაცემების მთავარი მიზანი არა ეფექტურობის მორიგი შეფასება, არამედ იმ ბიოლოგიური მაჩვენებლების დადგენაა, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობას განსაზღვრავს.
სწორედ ეს ხდის evERA-ს განსაკუთრებით აქტუალურს CDK4/6 ინჰიბიტორების შემდგომი თერაპიის განვითარებისთვის. ხელმისაწვდომი ენდოკრინული და სამიზნე თერაპიების მატებასთან ერთად, მკურნალობის შერჩევა სულ უფრო მეტად დაეყრდნობა რეზისტენტობის გამომწვევი ბიოლოგიური მექანიზმების იდენტიფიცირებას და არა ყველა პაციენტისთვის ერთი და იმავე სტანდარტული სქემის მიყოლას.
მართალია, ეს მონაცემები ჯერ მხოლოდ კვლევით ხასიათს ატარებს, თუმცა გამოვლენილმა ბიომარკერებმა შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს მკურნალობის კიდევ უფრო პერსონალიზებულ შერჩევას.
postMONARCH კვლევა (1RO): საერთო სიცოცხლისხანგრძლივობა CDK4/6 ინჰიბიტორებით წინასწარი მკურნალობის შემდეგ
კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება III ფაზის კვლევის შედეგები საერთო სიცოცხლისხანგრძლივობის (OS) შესახებ. კვლევაში აბემაციკლიბისა (abemaciclib — სამიზნე პრეპარატი, CDK4/6 ინჰიბიტორი) და ფულვესტრანტის (fulvestrant —ინექციური ჰორმონული პრეპარატი, ესტროგენის რეცეპტორების ანტაგონისტი) კომბინაცია შედარებულია პლაცებოსა და ფულვესტრანტის წყვილთან იმ პაციენტებში, რომელთა დაავადება პროგრესირდა CDK4/6 ინჰიბიტორისა და ენდოკრინული თერაპიის წინამორბედი მკურნალობის ფონზე.
მთავარი კლინიკური კითხვა ძალზე პრაქტიკულია: CDK4/6 ინჰიბიტორით მკურნალობისას დაავადების პროგრესირების შემდეგ, რამდენად ეფექტურია იმავე სასიგნალო გზის ხელახალი დაბლოკვა? კერძოდ, იძლევა თუ არა აბემაციკლიბის ჩართვა ახალ ჰორმონულ პრეპარატთან ერთად სიცოცლის გახანგრძლივების რეალურ უპირატებას?
ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან CDK4/6-ის შემდგომი მკურნალობა აღარ წარმოადგენს ერთხაზოვან, სტანდარტულ მიმდევრობას. ექიმებს უწევთ არჩევანის გაკეთება დამატებით ჰორმონოთერაპიას, სამიზნე/ტარგეტულ მკურნალობას, ანტისხეულ-წამლის კონიუგატსა (ADC) და ქიმიოთერაპიას შორის — სიმსივნის ბიოლოგიისა და წინამორბედი მკურნალობის გათვალისწინებით.
შესაბამისად, საერთო სიცოცხლისხანგრძლივობის (OS) ანალიზს აქვს პოტენციალი, მკაფიო პასუხი გასცეს კითხვას: იძლევა თუ არა CDK4/6 ინჰიბირების გაგრძელება ისეთ სარგებელს, რაც უბრალოდ დაავადების პროგრესირების გადავადებაზე მეტია.
OptiTROP-Breast01 კვლევა (4639RO): საბოლოო საერთო სიცოცხლისხანგრძლივობა სამმაგად ნეგატიური ძუძუს კიბოს (TNBC) დროს
OptiTROP-Breast01 კვლევის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საერთო სიცოცხლისხანგრძლივობის (OS) საბოლოო ანალიზი, რომელშიც საციტუზუმაბ ტირუმოტეკანი (sacituzumab tirumotecan — ანტისხეულ-წამლის კონიუგატი [ADC], რომელიც მიზანმიმართულად უტევს TROP-2 რეცეპტორს) შედარებულია სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან ადგილობრივად რეციდივული ან მეტასტაზური სამმაგად ნეგატიური ძუძუს კიბოს (TNBC) მქონე პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჩატარებული ჰქონდათ სისტემური მკურნალობა (ქიმიოთერაპია).
საერთო გადარჩენადობის (OS) ეს საბოლოო ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამმაგად ნეგატიური ძუძუს კიბოს (TNBC) თანამედროვე მართვაში, რომელშიც ანტისხეულზე მიბმული ქიმიოთერაპია (ADC) სულ უფრო წამყვან ადგილს იკავებს. იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე იმატებს მსგავსი მოქმედების მექანიზმისა და საერთო სამიზნეების მქონე პრეპარატები, სიცოცხლისხანგრძლივობის შესახებ მომწიფებული მონაცემები გადამწყვეტ როლს ითამაშებს მკურნალობის სწორი მიმდევრობის განსაზღვრაში და არა უბრალოდ იმის დამტკიცებაში, მოქმედებს თუ არა პრეპარატი.
შესაბამისად, OptiTROP-Breast01 კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც უშუალოდ ეფექტურობის შეფასების, ისე იმ ფართო დისკუსიის კუთხით, თუ რა ადგილი უნდა დაიკავოს სხვადასხვა ADC-მა მეტასტაზური მკურნალობის საერთო ჯაჭვში.
SWITCH (LBA15): ADC-ების თანმიმდევრობის პერსპექტივა წინასწარ გამოყენებული ADC-ის შემდეგ
SWITCH შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი კვლევა იყოს პროგრამაში, რადგან ის პირდაპირ პასუხობს კითხვას — რა ხდება მას შემდეგ, რაც ანტისხეულ-წამლის კონიუგატი (ADC) უკვე გამოყენებულია. ეს პროსპექტული, ღია II ფაზის კვლევა აფასებს სამიზნის შეცვლას (target switching) შენარჩუნებული პეილოდის (payload — სამიზნე უჯრედში მისატანი ტოქსიკური აგენტის) მქონე ახალი ADC-ებით, მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებსაც წარსულში უკვე ჰქონდათ ADC-ით მკურნალობის გამოცდილება (Liu et al., 2026).
ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება იმის ფონზე, რომ ADC-ები მეტასტაზური დაავადების მკურნალობაში სულ უფრო ადრეულ ეტაპებზე ინიშნება. მკურნალობის თანმიმდევრობის (sequencing) გაგება მხოლოდ ზედაპირული სამიზნით შეუძლებელია. რეზისტენტობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანტიგენთან, უჯრედშიდა მიგრაციასთან, ლინკერის (დამაკავშირებელი მოლეკულა) მახასიათებლებთან, პეილოდის მიმართ მგრძნობელობასთან, პრეპარატის გამოდევნასთან (efflux) ან ამ მექანიზმების ერთდროულ კომბინაციასთან.
SWITCH კვლევა მნიშვნელოვანია იმით, რომ მისი სტრატეგია უშუალოდ აფასებს მიდგომას, სადაც იცვლება სამიზნე, ხოლო პეილოდი უცვლელი რჩება. სწორედ ამიტომ, ეს კვლევა სცდება ცალკეული ADC-ის ფარგლებს და შესაძლოა საფუძვლად დაედოს უფრო ფართო მიდგომას — დაგვეხმაროს იმის გაგებაში, საკმარისია თუ არა მხოლოდ სამიზნის შეცვლა ADC-ით პროგრესირების შემდეგ, თუ მომავალში მკურნალობის თანმიმდევრობისას ციტოტოქსიკური პეილოდის მექანიზმის შეცვლაც გახდება საჭირო.
საბოლოო ჯამში, ESMO 2026-ზე წარსადგენად შერჩეული პრეზენტაციები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იცვლება დღეს ძუძუს კიბოს ონკოლოგიის მთავარი პრიორიტეტები — სფერო სულ უფრო მეტად გადადის საერთო გადარჩენადობის (OS) უფრო ხანგრძლივ, სარწმუნო შედეგებსა და მკურნალობის სწორ თანმიმდევრობაზე.
დაავადების ადრეულ ეტაპზე TALENT კვლევა იკვლევს ანტისხეულ-წამლის კონიუგატის (ADC) ჩართვას HER2-ის დაბალი ექსპრესიის (HER2-low) მქონე პაციენტების ნეოადუვანტურ მკურნალობაში, ხოლო NATALEE აფასებს ადუვანტური CDK4/6 ინჰიბირების ეფექტურობას 6-წლიანი დაკვირვების ფონზე.
გავრცელებული HR-პოზიტიური / HER2-ნეგატიური ფორმის დროს ყურადღება გადატანილია იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სტანდარტული ჰორმონოთერაპიისა და CDK4/6 ინჰიბირების შემდეგ — ამ კითხვას KEYNOTE-B49, FINER (OS მონაცემებით), VIKTORIA-1, evERA და postMONARCH (OS მონაცემებით) კვლევები იმუნოთერაპიის, სამიზნე მკურნალობისა და ბიომარკერებზე დაფუძნებული მიდგომებით პასუხობენ და საერთო გადარჩენადობის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ნაცად, მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდიან.
ამავდროულად, სწრაფად ვითარდება ADC მიმართულებაც: PANKU-Breast01 აფასებს ADC-ის ახალ სტრატეგიას ნამკურნალებ HR-პოზიტიურ ჯგუფში, OptiTROP-Breast01 აქვეყნებს საერთო სიცოცხლისხანგრძლივობის (OS) საბოლოო შედეგებს სამმაგად ნეგატიური ძუძუს კიბოს (TNBC) დროს, ხოლო SWITCH კვლევა უშუალოდ გადადის შემდეგ გამოწვევაზე — მკურნალობაზე ADC-ის გამოყენების შემდგომ.
აშკარაა, რომ ძუძუს კიბოს მკურნალობის მომავალი სულ უფრო მეტად უკავშირდება არა მხოლოდ სწორი თერაპიის შერჩევას, არამედ დაავადების თითოეული ეტაპისთვის მკურნალობის სწორი თანმიმდევრობის განსაზღვრას.

